ზოგიერთი აზიური ქვეყანა ნამდვილი ჯოჯოხეთია ქალებისა და ბავშვებისთვის. 10 წლის ქვრივი და ორსული გოგონა - თავად ეს წინადადებაც უკვე ტრაგედიაა და ამგვარი ტრაგედიები ცოტა არ არის...
ამჯერად პაკისტანელი ბავშვის ვიდეომ მოიცვა ინტერნეტი. 10 წლის გოგონა ორსულადაა და 60 წლის ქმარს გლოვობს, რომელიც ეს-ესაა გარდაიცვალა. მას არც ამის მერე ელოდება იოლი გზა -პაკისტანში, სადაც ეს ამბავი მოხდა, უკვე გათხოვილი ქალის ხელახალი ქორწინება თითქმის შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ 10 წლის ქვრივს მოუწევს ბავშვის დამოუკიდებლად გაზრდა, საზოგადოებისგან გარიყულს...
ვიდეომ ინტერნეტში ემოციების ქარიშხალი გამოიწვია, ბევრი ვერ იკავებს რისხვას და გაოცებას: „ღმერთო, როგორ შეუძლია მას მშობიარობა? ის თავად ჯერ კიდევ პატარაა. როგორ უშვებს მთავრობა ასეთ ქორწინებებს?" "ბავშვი გააჩენს ბავშვს“, „კოშმარი... როგორ შეეძლო ამ მოხუცს ბავშვთან შეხება?“, „მშობლები? როგორ არ ეცოდებათ, რომ შვილი საწამებლად გაიმეტეს?“, „10 წლის ასაკში მშობიარობა? ახლა ჩემს ათი წლის შვილს ვუყურებ, მისი თანაკლასელები მახსენდება და თმა ყალყზე მიდგას“, „ცხვირს ბავშვივით იწმენდს. საწყალი, დასახიჩრებული ბავშვი“, „იქნებ გაუმართლა? ახლა ის მთელი ცხოვრება თავისუფალია“, „ღია პედოფილია... მეცოდება ამ ქვეყანაში დაბადებული ქალები“...
ცნობისათვის, პაკისტანმა დამოუკიდებლობა 1947 წელს მოიპოვა, თუმცა ის კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც კოლონიური წარსული და რელიგიური ტრადიციები ყველაზე მკაცრად არის გადაჯაჭვული. ფორმალურად, ქვეყანაში გოგონებისთვის მინიმალური ქორწინების ასაკი 16 წელია, ცოტა ხნის წინ კი პარლამენტის წევრები მისი 18 წლამდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდნენ, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა "ტრადიციებს" არ ღალატობს.
2025 წლის 16 მაისს, პაკისტანის სახალხო პარტიის წევრმა შარმილა ფარუკიმ კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეაში წარადგინა. ინიციატივა სრულად დამტკიცდა - პარლამენტარებმა ერთხმად მისცეს ხმა. 19 მაისს კანონპროექტი განსახილველად სენატს წარედგინა, სადაც მას სენატორმა შერი რეჰმანმა დაუჭირა მხარი. თუმცა, იქ პროექტს ტრადიციული ღირებულებების დამცველი სხვა პარტიის მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდა.
პრობლემა ის არის, რომ მოქმედი კანონებიც კი ხშირად არ მუშაობს. ბევრი გოგონა 16 წლამდე ქორწინდება - ხშირად საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. მათი გატაცება, გაუპატიურება შეიძლება, შემდეგ კი ოჯახები გამოსასყიდზე თანხმდებიან, რადგან მოტაცებული გოგონა აღარ ითვლება სასურველ პატარძლად. ეს პრაქტიკა ნორმად რჩება პატარა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ტრადიცია კანონზე ძლიერია.
სენატორი ნასიმა ეჰსანი, რომელიც 13 წლის ასაკში დაქორწინდა, სენატის დებატებზე გამოვიდა. მისმა ემოციურმა გამოსვლამ კოლეგები შეძრა და კიდევ ერთხელ წამოჭრა არასრულწლოვანთა რეალური დაცვის აუცილებლობის საკითხი. ახალი კანონპროექტის თანახმად, 18 წლამდე ასაკის პირთან ნებისმიერი ქორწინება უკანონოდ ჩაითვლება. ზრდასრულ მამაკაცთან ერთად ცხოვრება არასრულწლოვანზე ძალადობად ჩაითვლება, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქორწინების რეგისტრატორები ვალდებულნი არიან, ელექტრონული პირადობის მოწმობების გამოყენებით გადაამოწმონ პატარძლისა და საქმროს ასაკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 100 ათასი პაკისტანური რუპიის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.
მკაცრი სასჯელები გათვალისწინებულია იმ მშობლებისთვის, რომლებიც არასრულწლოვნებს ქორწინებას აიძულებენ. მათ შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მილიონ რუპიამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ... თუმცა რეალობა ჯერჯერობით სხვაა...
ინტერნეტში უკვე ამტკიცებენ, რომ 10 წლის ქვრივის ისტორია სიმბოლოდ იქცა იმისა, თუ რამდენად რთულია კონსერვატიული საზოგადოებების საფუძვლების შეცვლა. კანონების მიღება შესაძლებელია, მაგრამ სანამ ისინი პრაქტიკაში არ ამოქმედდება, ასეთი ტრაგედიები განმეორდება.