ყველი ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიური მენიუს ნაწილია. თუმცა ამა თუ იმ სახეობის ყველი განსხვავდება დამზადების ტექნოლოგიით. იმერული წესით დამზადებული ყველი უფრო სასსარგებლოა თუ სულგუნი? მედიცინის დოქტორმა, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მარი მალაზონიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ამ კითხვასაც გასცა პასუხი:
- ყველი ძალიან კარგი პროდუქტია, კარგად მომზადებული, უსაფრთხო ყველი კი - საუკეთესო! ყველის ავ-კარგიანობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის, პირველ რიგში, ის, რომ ყველი ნატურალური რძის გადამუშავების და ბუნებრივი ფერმენტაციის პროდუქტია. ამიტომ მასში თავმოყრილია რძისთვის დამახასიათებელი ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები ნაწილობრივ გადამუშავებული სახით, აგრეთვე, ცხიმში ხსნადი ვიტამინები და ადამიანის ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის თუ ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მინერალური და ბიოაქტიური ნივთიერებები. არსებობს რძის დაბინძურების რისკები. სწორედ ამიტომ ექიმები ხშირად ვახსენებთ საზოგადოებას რძის ადუღების აუცილებლობას. ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ემსახურება, აგრეთვე, რეკომენდაცია არა "ჭყინტი", არამედ არანაკლებ 3 თვის განმავლობაში მარილწყალში ნადები ყველის გამოყენების შესახებ.
ნაკლები რისკის მქონეა ე.წ. მოხარშული ყველი (მათ, შორის, სულგუნი). თუმცა ბავშვების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ორგანიზმის მიერ რძის შაქრის ანუ ლაქტოზის მიმღებლობა და კუჭ-ნაწლავის ზოგადი მზაობა, გადაამუშაოს ე.წ. რძე-მჟავა პროდუქტები. თქვენ ყველზე მეკითხებით, მაგრამ, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩვენი სიამაყეა მაწონი - როგორც საკვები და როგორც წამალი! ადვილად შეგვიძლია მისი კერძად ქცევა, მაგალითად, წვნიანის ან დესერტის დატვირთვით. მიუხედავად ყველაფრისა, ნებისმიერმა მშობელმა უნდა იცოდეს: რძისა და რძის პროდუქტების ჩართვა ბავშვის კვების რაციონში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ ასაკზე. ამიტომ რისკები, ამა თუ იმ პროდუქტის, მათ შორის, ყველის თუ მაწვნის გამოყენების მიზანშეწონილობა პედიატრთან ერთად უნდა გაარკვიოს.