ფსიქოლოგი ნატა ასათიანი მშობლობაზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე საუბრობს:
- როგორი შვილის დედა/მამა გვინდა, რომ ვიყოთ? მთავარი, ალბათ, იტყვით, რომ პასუხისმგებლიანის, ღირსეულის... მაგრამ, თუ მინდა, ჩემი შვილი პასუხისმგენლიანი იყოს, თავისუფლება უნდა მივცე. თინეიჯერებს ჯემალ ქარჩხაძე უყვართ. "ზებულონიდან" გავიხსენებ: ოჯახში ერთი შვილი ჰყავთ, სხვა ყველა გარდაცვლილია და არ უნდათ, სახლიდან გაუშვან. არ უნდათ, მაგრამ გლეხი დედ-მამა ამბობს: "მოდი, შვილს ვკითხოთ. იქნებ, მას წასვლა უნდა." ეს მთავარი უნდა იყოს. მოდი, შვილს ვკითხოთ, რა უნდა იმიტომ, რომ ის ასე ყალიბდება. ეს რთულია. მესმის, ურთულესია. მაგრამ, არავის უთქვამს და არც არავის მოუტყუებია, რომ მშობლობა მარტივია. ძალიან რთულია. ელიზაბეტ სტოუნის ერთი ფრაზაა, რომელიც, რთულ მშობლობასთან დაკავშირებით, ყოველთვის მახსენდება: "როცა იღებ გადაწყვეტილებას, გახდე მშობელი, ეს არის მომენტი, როცა იღებ გადაწყვეტილებას, რომ ამ წუთიდან შენი გული შენი სხეულის გარეთ დარბის." აღარ გტოვებს შფოთვა, აღარ გტოვებს დარდი. სულ დაძაბული ხარ, მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ მშობლობის აუტანელი ხიბლიც ეს არის. ამიტომ, ამ განცდას ვერ გავექცევით.