მსახიობი და ტელეწამყვანი, ნანუკა გულია, გადაცემაში "იმედის დილა" 3 შვილის დედობისა და ყოველდღიური რუტინის შესახებ საუბრობს:
- ფაქტობრივად, ყოველ დღე, 7 საათის შემდეგ ვსეირნობთ. მაგრამ, არის პერიოდი, როცა სტუმრებს ველოდებით ან უბრალოდ სახლიდან ვერ გავდივარ. სხვათა შორის, ადრე მუდმივად მქონდა შეგრძნება, რომ რაღაცას ვაშავებდი, თუ ბავშვები სახლში მყავდა და გარეთ ვერ გამყავდა. მთავარია, თქვენთან იყვნენ და იმ სივრცეში იყვნენ, სადაც თქვენც ხართ...
ბევრ რამეში დამიჭერია ჩემი თავი, რომ რაღაცებს ისე ვაკეთებ, როგორც დედაჩემი აკეთებდა, როცა პატარები ვიყავით. სამი და ვართ და ბევრწევრიანი, ხმაურიანი, ბევრსტუმრიანი ოჯახი გვქონდა. კახაც ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ჩემი ოჯახის წევრები აკეთებდნენ.
ბავშვებისგან ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ. დედას საკუთარი შვილი ყოველ წუთს ასწავლის, თუ როგორ უნდა მიუდგეს.
დილით 9-მდე ველოდები, ბავშვის აღმზრდელი როდის მოვა. დედაც მეხმარება. 3 შვილი მყავს და მარტო გამორიცხულია. კახა დილას სამსახურში მიდის და ჩვენ უკვე სამზადისს ვიწყებთ.
დედობამ 1000%-ით შემცვალა. შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შეიცვალა ჩემი ცხოვრების დანომრილი წესრიგი, შევიცვალე ვიზუალურად და ეს საერთოდ არ მაღელვებს. ამის საპირწონედ ახლა ისეთ შეგრძნებებში ვარ, რომ ეს ყველაფერი მეასე ხარისხოვანი გახდა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი უცვლელი დარჩა ის, რომ მე ვმუშაობ, მჭირდება სამსახური, აუცილებლად მჭირდება ხალხთან შეხება, საუბარი, კონტაქტი. ჩემი თავი დედის ამპლუაში ვერასდროს წარმომედგინა. მეგონა, რომ ეს ყველაფერი არ გამომივიდოდა. ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მუდმივად ქაოსურად ვიყავი. სულ სამსახური, ჟრიამული, მეგობრები, ხალხი... ძალიან ვნანობ, გახსენებისაც კი მეშინია იმ წინადადების, თუ ოდესმე მითქვამს, რომ დედა თუ არ გავხდებოდი, არა უშავს. ეს იმხელა შეგრძნებაა, ისე ცვლის ადამიანს, სამყაროს, საზრუნავს, კრიტერიუმებს, აბსოლუტურად ყველაფერს ყირაზე აყენებს.