"ჩვენს ქვეყანაში იყო მშობელი, არის გმირობა. ბავშვის გაზრდას, სითბოსა და სიყვარულთან ერთად, ძალიან სერიოზული ფიზიკური, ემოციური და მენტალური მზაობა სჭირდება" - თამთა ჯანაძე მშობლობის მთავარი გამოწვევების შესახებ - მშობლები

"ჩვენს ქვეყანაში იყო მშობელი, არის გმირობა. ბავშვის გაზრდას, სითბოსა და სიყვარულთან ერთად, ძალიან სერიოზული ფიზიკური, ემოციური და მენტალური მზაობა სჭირდება" - თამთა ჯანაძე მშობლობის მთავარი გამოწვევების შესახებ

2025-09-15 16:13:23+04:00

ჟურნალისტმა თამთა ჯანაძემ რამდენიმე თვის წინ საინტერესო, ოჯახური ვლოგების გადაღება დაიწყო. ის მშობლობის მთავარ გამოწვევებზე, 3 შვილის დედობასა და ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებზე მაყურებელს საკუთარ პოზიციას გულწრფელად უზიარებს და ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს.

"ჩემი აუტანელი ოჯახი" - ასე ჰქვია თამთას ვლოგს. ის უფრო ვრცლად გვიყვება, როგორ აღმოჩნდა ტელევიზიიდან YouTube-ზე, რა არის მისთვის, როგორც დედისთვის, დღეს მთავარი გამოწვევა და რაში ეხმარება საკუთარი პოზიციის სხვა ადამიანებისათვის გაზიარება:

- ბოლო 15 წელზე მეტია, ადამიანებს ვეცნობოდი, როგორც ჟურნალისტი. ახლა კი ვამბობ, რომ 3 შვილის დედა ვარ. ვლოგის გაკეთებაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, კვლავ ჟურნალისტი ვიქნებოდი, ტელევიზიაში ვიმუშავებდი და სხვადასხვა თემაზე სიუჟეტს გავაკეთებდი. მე ეს საქმე ძალიან მიყვარს. მაგრამ, ბოლო წლებში სამსახური ორჯერ დავკარგე. დღეს ყველაფერი ისე მიდის, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში თავისუფლების კუნძულებად შემორჩენილ მედიას დაფინანსების წყაროები ან სრულად შეუწყდა, ან მათი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ჩემი მუშაობის დაწყების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. სწორედ ამ მდგომარეობამ დამაფიქრა, რომ საკუთარი თავი განსხვავებული მიმართულებით მეცადა. რეალურად, ჟურნალისტს ინფორმაციის ექსკლუზიურად გავრცელების უპირატესობა აღარ აქვს. სოციალური მედია და ინტერნეტი ტრადიციულ მედიას თუ არ ჩაანაცვლებს, ძალიან დიდ კონკურენციას უწევს. ვიფიქრე, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და იმ პრობლემებსა და საინტერესო თემებზე, რომლებზეც როგორც ჟურნალისტი, აუდიტორიას ვესაუბრებოდი, ვლოგის საშუალებით მომეყოლა.

სხვათა შორის, არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა. როდესაც ჟურნალისტი ვიყავი, მაშინ შემეძლო სამსახურში, როგორც ჟურნალისტს, მემუშავა, სახლში კი დედა ვყოფილიყავი. ახლა, ფაქტობრივად, ეს ყველაფერი გაერთიანებულია. ჩემი ცხოვრება ჩემი ვლოგისგან გამიჯნული არ არის.

ვლოგის გაკეთება იმიტომ არ გადამიწყვეტია, რომ ცხოვრების გამრავალფეროვნება მსურდა. 42 წლის ასაკში სამსახური დავკარგე და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ამ ფორმით ვცადე.

- აუდიტორიასთან დაახლოება როგორ მოახერხეთ - ამასთან დაკავშირებით გამოწვევები შეგხვდათ?

- უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, ჩვენმა ვლოგმა მაყურებლის ყურადღება გულწრფელობით მიიქცია. რეალურად, დედობა ძალიან რთულია. ეს 24-საათიანი რუტინა, "დამღლელი სამსახურია", სადაც შვებულების აღების შესაძლებლობა ხანდახან არც გაქვს. ძალიან სერიოზული ფიზიკური, ემოციური და მენტალური მზაობა გჭირდება იმისათვის, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. როგორც წესი, ხშირად მსგავს ვიდეოებსა და ვლოგებში საზოგადოებისათვის "გადაპრანჭულ" დედა-შვილურ ურთიერთობებს ვხვდებით, რაც რეალობას არ შეესაბამება. ჩემს ვლოგში "დავარცხნილ" ამბავს ვერ ნახავთ. არაფერია ხელოვნური, ჩემს შვილებს არ ვაიძულებ, კამერის წინ რაიმე სხვაგვარად თქვან ან გააკეთონ. უბრალოდ, საჭირო დროს, საჭირო მომენტში კამერას ვრთავ და ვიღებ. ჩემი პროფესია ამაში მეხმარება. როგორც ჩანს, ამ გულწრფელობამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია.

tamta-janaze-3-1757938694.jpg

- ძირითადად, რა ტიპის ვიდეოებს იღებთ, რასაც დიდი გამოხმაურება აქვს?

- შვილების უსაფრთხოება და ბედნიერება ყველა დედის მთავარი საფიქრალია. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არც სახელმწიფო და დიდად არც საზოგადოება არ გვეხმარება იმაში, რომ ბავშვები სრულფასოვან, უსაფრთხო გარემოში გაიზარდნონ. ვერ გრძნობ, რომ შენი შვილი სადღაც მაინცაა დაცული. უსაფრთხოების კუთხით, ძალიან სერიოზული პრობლემებია. გზაზე, შუქნიშნების პრობლემაა, ცალკეა საკვების, განათლების, სამედიცინო ხარისხის პრობლემა... ყველაფერი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა და დედას ძალიან დიდი ძალისხმევის გაღება უწევს, რომ შვილს სხვადასხვა საფრთხე თავიდან აარიდოს. ჩემს ვიდეოებში სწორედ ამ გამოწვევების შესახებ ვსაუბრობ. მე, როგორც დედა, რას ვუმკლავდები, რას ვერ ვახერხებ, სად ვხვდები ყველაზე დიდ პრობლემას, სად ვუშვებ შეცდომებს, რაში ვხედავ გამოსავალს და ასე შემდეგ. ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებით მინდა, საზოგადოებას ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დედის მაგალითზე ვაჩვენო, როგორ მდგომარეობაში ვართ დედები, რასთან გვიწევს გამკლავება და როგორ ვახერხებთ ამ ყველაფერს.

- როგორია საზოგადოების გამოხმაურება? უარყოფით კომენტარებს თუ ხვდებით ან რამდენად გეხმიანებიან იმ პრობლემებზე, რომლებზეც თქვენ, როგორც დედა, საუბრობთ?

- აღმოვაჩინე, რომ ადამიანები გულწრფელობაზე ძალიან დადებითად რეაგირებენ. კომენტარების უმრავლესობა თბილი და გამამხნევებელია. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. რა თქმა უნდა, ნეგატიური კომენტარებიც იწერება, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი კომენტარები მცირეა. ასევე, მრჩება განცდა, რომ ნეგატიურ კომენტარებს ე.წ. ტროლები წერენ და მათ თავიანთი მიზნები აქვთ.

თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ასეთ დადებით გამოხმაურებასა და ვიდეოების ჯანსაღ აღქმას არ ველოდი.

- რატომ ჰქვია თქვენს ვლოგს "ჩემი აუტანელი ოჯახი"?

- ბევრი მეკითხება, რატომ ჰქვია ვლოგს - ჩემი "აუტანელი" ოჯახი, რატომ არის შენი ოჯახი აუტანელიო, უკვირთ. რეალურად, ეს არის არა აუტანელი, არამედ "აუტანელი". ცხადია, იუმორით უნდა აღვიქვათ ეს სათაური, თუმცა ნებისმიერი დედა გეტყვით, რომ ხანდახან ეს ოჯახური რუტინა ისეთი დამღლელი და მომაბეზრებელია, რომ შესაძლოა აუტანელიც კი გახდეს. უბრალოდ, ისეთ თემებზე და აუტანელ და გაუსაძლის საკითხებზეც ვცდილობ, ვილაპარაკო, რაზეც დედები ხშირად არ ლაპარაკობენ. ბედნიერებასთან და სიყვარულთან ერთად რთული და აუტანელი რუტინაა დედობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს საკუთარი ოჯახი არ უყვარს.

- თქვენს შვილებზე მოგვიყევით, რა ასაკის შვილები გყავთ და თქვენთვის, როგორც დედისთვის, რა არის მშობლობაში მთავარი გამოწვევა?

- 3 შვილი მყავს. უფროსი გოგონა, ანა, 9 წლისაა. მყავს 5 წლის ტყუპი - თეკლა და სანდრო. დედობა ხომ გამოწვევაა და ტყუპის დედობა კიდევ უფრო რთულია. ჩვენი საზოგადოება დედობას "ვარდისფერი სათვალით" აფასებს. რა თქმა უნდა, დედობა ძალიან დიდი სიყვარული და სითბოა. მაგრამ, ამავე დროს, ეს ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობაა, რომელიც ქალისგან დიდ მზაობას ითხოვს. იმ ფონზე, რომ შესაძლოა, ამ პროცესს "ვარდისფერი სათვალით" უყურებ, მერე, როცა თავად ხდები მშობელი, აღმოაჩენ, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი ხარ. იმის მიუხედავად, რომ შვილები პატარა ასაკში არ გამიჩენია, მაინც არაერთი გამოწვევა შემხვდა. 33 წლის ვიყავი, როდესაც დედა პირველად გავხდი. იქამდე 4 წელი შვილს ველოდებოდი. წესით, ყველანაირად მზად უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ თურმე არაფერიც არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს იმიტომ, რომ პოსტსამშობიარო დეპრესიასა და შემდგომ ეტაპებზე ხშირად არ საუბრობენ.

ბავშვის გაზრდას, სითბოსთან და სიყვარულთან ერთად, ძალიან სერიოზული ფიზიკური, ემოციური და მენტალური მზაობა სჭირდება. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გამოწვევაა. ჯანსაღად კვება ხომ პრობლემაა. მაგრამ, თუ შეეცდები, რომ შვილს ჯანსაღი საკვები მისცე, მყარი გადაწყვეტილების შენარჩუნება აქაც გაგიჭირდება. ძალიან ვცდილობდი, ჩემი შვილისთვის ტკბილეული არ გამესინჯებინა. 4-5 წლამდე კანფეტებსა და შოკოლადებს მაქსიმალურად ვარიდებდი. არ გამომივიდა იმიტომ, რომ, დაახლოებით, 3 წლის ასაკიდან გარშემომყოფების მსგავსი კომენტარები მესმოდა: "საწყალი ბავშვი... დედა ყველაფერს უკრძალავს. უგემურ ბოსტნეულს აჭმევს." დედას ძალიანაც რომ უნდოდეს, შვილი ჯანსაღად კვებოს, ბავშვები მაინც აღმოჩნდებიან ისეთ გარემოში, სადაც მშობელი გაკონტროლებას ვეღარ მოახერხებს. საზოგადოება დიდად გამოსავალს აღარ გიტოვებს. მერე შენც იღლები, ნებდები და დღეს ჩემი შვილების საყვარელი საჭმელი შოკოლადია...

დედობა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. მხოლოდ მამის ჩართულობა საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ საზოგადოება დაგეხმაროს იმაში, რომ ბავშვს მისცე ის ყველაფერი, რაც სწორად მიგაჩნია.

tamta-janaze-2-1757938720.jpg

- როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია ჩვენს ქვეყანაში მშობლობა?

- ჩვენს ქვეყანაში იყო მშობელი, არის გმირობა. ძალიან სერიოზული გამოწვევებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფიზიკური უსაფრთხოებიდან დაწყებული, საკვების ხარისხით, განათლების სფეროში არსებული პრობლემებით, სამედიცინო მომსახურების ხარისხით - ყველგან ძალიან დიდი პრობლემაა. დედას ათმაგი ძალისხმევა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი ისე მოაგვაროს, რომ მის შვილს ნაკლებად შეეხოს.

გარდა ამისა, ისევე, როგორც ჩემთან, საზოგადოების დიდ ნაწილში გაყოფილი ოჯახებია. ემიგრანტის მეუღლე ვარ და შესაბამისად, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი შვილებისთვის ყველაფერი გავაკეთო, არ გამომივა, რადგან ეს სრულფასოვანი და ჯანსაღი ურთიერთობა არ არის. ბავშვები მუდმივად მამის ნაკლებობას განიცდიან, მუდმივად ენატრებათ და გამუდმებით ტელეფონით ეკონტაქტებიან. ვცდილობ, ეს ეკრანდამოკიდებულებაში არ გადაეზარდოთ. ამავდროულად, არ მინდა, მამასთან კომუნიკაცია აკლდეთ. ამიტომ, მუდმივად დანის პირზე სიარული მიწევს იმისთვის, რომ ბალანსი შევინარჩუნო.

ქვეყანაში, სადაც ოჯახების ნახევარზე მეტი გაყოფილია, დედები, მამები სხვა ქვეყანაში არიან წასულები და ცდილობენ, შვილები მინიმალურით უზრუნველყონ, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, აქ დარჩენილმა დედამ თუ მამამ შვილს სრულფასოვანი მშობლობა გაუწიოს.

- როგორც აღნიშნეთ, ემიგრანტის მეუღლე ხართ. რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს თან?

- როგორც გითხარით, ბოლო წლებში სამსახური ორჯერ დავკარგე. ერთხელ 2022 წელს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამომიშვეს, რადგან მე და ჩემმა კოლეგებმა ცენზურა გავაპროტესტეთ. მეორედ 2024 წელს, როდესაც ერთ-ერთი კერძო ტელევიზია დაიხურა. თან დაიხურა ისე, რომ მათ დღემდე ჩემი დავალიანება აქვთ. ყოველთვის ვმუშაობდი, ჩემი შემოსავალი მქონდა და ხელფასით ბანკის სესხს ვიხდიდი, ბავშვების დაბადების შემდეგ ძიძის ფულს და ასე შემდეგ. ქმარსა და მშობლებზე არასდროს ვყოფილვარ დამოკიდებული. შეიქმნა ისეთი გამოუვალი სიტუაცია, როდესაც შემოსავალი სრულად დავკარგე. ჩემი ქმარი იძულებული გახდა, უცხო ქვეყანაში გადახვეწილიყო. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეიძლება, ამ ტიპის შრომა დამაზიანებელიც იყოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახთან და ბავშვებთან ყოფნის საჭიროებაზე, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ემიგრაციაში მისი ყოფნის ბენეფიტი ის არის, რომ ოჯახს ფინანსური სიდუხჭირე ასცდა. თუმცა, ბავშვებს მამა მუდმივად ენატრებათ. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს არც სრულფასოვანი ურთიერთობაა და არც სრულფასოვანი ოჯახი. რეალურად, არ ვცხოვრობთ. დრო გაგვყავს. ეს მეც და ბავშვებსაც ძალიან სერიოზულ დაღს ასვამს. სამწუხაროდ, ეს ბევრი ქართული ოჯახის პრობლემაა.

- თქვენც ხომ არ აპირებთ ესპანეთში გადასვლას?

- სტუდენტობიდან მოყოლებული, ყოველთვის მქონდა შანსი, რომ საცხოვრებლად უცხოეთში წავსულიყავი. ეს შანსი არასდროს გამომიყენებია. დღეს დარწმუნებული აღარ ვარ, რომ სწორად მოვიქეცი... თუმცა, საქართველოს გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს. როდესაც სამოგზაუროდ მივდივარ, ერთი კვირის შემდეგ შფოთვა მეწყება და მინდა, რომ უკან დავბრუნდე. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ქვეყნის მხრიდან იმავეს ვერ ვგრძნობ. საქართველოდან ჩემთვის ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი წავიდა. მაგრამ, ამაზე ფიქრი მაინც ძალიან მტკივნეულია. როდესაც ევროპაში არსებულ სიკეთეებზე ვლაპარაკობ, ეს ჩემთვის ცარიელი სიტყვები არ არის. ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს ეს სიკეთეები თავიანთ ქვეყანაში ჰქონდეთ. ესპანეთი შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ის ჩემი ქვეყანა არ არის. მინდა, რომ უკეთესი მომავალი აქ შევქმნათ.

თამარ იაკობაშვილი