დაავადებები, რომლებსაც ორსულობა კურნავს ან დროებით "აჩერებს" - მანანა მგალობლიშვილის ვრცელი განმარტება - მშობლები

დაავადებები, რომლებსაც ორსულობა კურნავს ან დროებით "აჩერებს" - მანანა მგალობლიშვილის ვრცელი განმარტება

2025-09-16 11:43:39+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგიმანანა მგალობლიშვილი საკუთარ გვერდზე საუბრობს იმ დაავადებებზე, რომლებსაც ორსულობა კურნავს ან გადაჰყავს რემისიაში და ამსუბუქებს მდგომარეობას:

- იცოდით, რომ არსებობს დაავადებები, რომლებზეც ორსულობა დადებითად მოქმედებს, ხანგრძლივ რემისიაში გადაჰყავს, სიმპტომებს ამსუბუქებს ან სრულიად კურნავს მას. ბევრ დაავადებაზე ორსულობის სამკურნალო ეფექტი რამდენიმე მიზეზით აიხსნება:

პირველ რიგში, ნაყოფი ქალის ორგანიზმისთვის უცხო გენომს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, ის უცხო სხეულია, რომელიც, წესით, იმუნურმა სისტემამ უნდა განაგდოს. როცა ორგანიზმში უცხო სხეული ხვდება, იმუნური სისტემა მის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს და ეს მექანიზმი რომ არ ამუშავდეს, ბუნებამ ისე დაადგინა, რომ ორსულობის დროს იმუნური სისტემის რეაქციები შედარებით შერბილებულია. შესაბამისად, მას ნაკლები მოქმედება აქვს ისეთ დაავადებებზე, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერებული ფუნქციითაა გამოწვეული. მაგალითად, ისეთი აუტოიმუნური დაავადებები, როგორებიცაა რევმატოიდული ართრიტი, ასევე გაფანტული სკლეროზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰაშიმოტოს დაავადება - ეს ყველაფერი, უმეტეს შემთხვევაში ორსულობის დროს რემისიაში გადადის და მათი სიმპტომები მნიშვნელოვნად მსუბუქდება.

ასევე, ალერგიული რეაქციები მცირდება. მაგალითად, ალერგიული ბრონქიტი, ანთება და ეს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთ ანთებით დაავადებაზე დადებითად მოქმედებს.

გარდა იმუნური სისტემისა, ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს ჰორმონალურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. საკვერცხეები, შეიძლება ითქვას, ისვენებს, არ არის მენსტრუაციები, საკვერცხის ჰორმონალური სისტემა სხვაგვარად მოქმედებს და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ისეთ დაავადებებზე, რომლებიც ჰორმონდამოკიდებულები არიან. მაგალითად, ენდომეტრიოზი, რომლის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა, ვიცით, რომ ის ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა და მის განვითარებაში იმუნური სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ორსულობის დროს ენდომეტრიოზის დაავადება რემისიაში გადადის.

თუ ორსულობას ლაქტაციის პერიოდი სდევს, რემისია კიდევ უფრო ხანგრძლივად გრძელდება და მას დადებითი ეფექტი აქვს. შესაძლოა, მისი სიმპტომები გაქრეს ან მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამასთანავე, ენდომეტრიოზისათვის დამახასიათებელი ენდომეტრიული ჰეტეროტოპიები ზომაში მცირდება ან სრულიად ქრება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი ხანგრძლივ რემისიაში გადადის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალს ორსულობამდე მენსტრუაციის გადაცდენები და ჰორმონალურ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ჰქონდა, ორსულობისა და ლაქტაციის შემდეგ კი ეს სიმპტომები სრულიად გაქრა ან მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალს პოლიკისტოზური საკვერცხეები აქვს, ამის გამო ორსულობა არ დგება, საჭიროა მისი მკურნალობა, ქალი დაორსულდება და მშობიარობისა და ლაქტაციის პერიოდის შემდეგ თავისით მალევე მეორე ორსულობა დგება.

ამიტომაც, ქალებს, რომლებსაც პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და უშვილობა აქვთ, ვეუბნებით, რომ როცა მკურნალობის შედეგად დაორსულდებიან, შემდეგ ორსულობისგან თავი არ დაიცვან, რომ მალევე დაორსულდნენ, რათა რემისიის, განკურნების პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ასაკის მატებასთან ერთად, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი კი თავისით ქრება.

ორსულობა საკვერცხის ფუნქციური ცისტების გაქრობას ხელს უწყობს. ორსულობის პერიოდში პრემენსტრუალური სინდრომი ქრება, რადგან მენსტრუაცია არ არის. თუმცა, ხშირია, როცა ორსულობისა და ლაქტაციის შემდეგ, როცა მენსტრუაცია აღდგება, თუ ქალს ძლიერად გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი ჰქონდა, მისი სიმპტომები სრულიად ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხშირად მცირდება ან სრულიად ქრება აკნე.

ამრიგად, ორსულობა ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის და ზოგადად მისი ორგანიზმისთვის საუკეთესო დასვენებაა, ერთგვარი რესტარტია, რომელიც მის გაჯანსაღებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უწყობს.