ორთოპედ-ვერტებროლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, იწვევს თუ არა სკოლის ჩანთა ბავშვებში ხერხემლის დეფორმაციას:
- ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. რომ დავუფიქრდეთ, ბავშვი სკოლის ავტობუსით მიდის ან სკოლამდე მშობელს მიჰყავს. ალბათ, მაქსიმუმ, დღის განმავლობაში ბავშვმა შეიძლება ჩანთა 1 საათი ატაროს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვს დიდი ხნის განმავლობაში უწევს მძიმე ჩანთის ტარება, ეს არ იწვევს დეფორმაციას, იწვევს დისკომფორტს. შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი, კუნთოვანი ასიმეტრია, მაგრამ ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. ეს ცალსახად მითია, რომ ბავშვს ხერხემლის დეფორმაცია განუვითარდა იმიტომ, რომ მძიმე ჩანთა ატარა. არც ჩანთა, არც არასწორი ჯდომა, არც არასწორი წოლა, არც ბრტყელი ტერფი ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. ეს უნდა ვიცოდეთ.
ხერხემლის დეფორმაციის, დაახლოებით, 80% უცნობი ეტიოლოგიისაა. იდიოპათიურია, საიდან ჩნდება არავინ იცის. ხშირად ამბობენ, 40%-ში გენეტიკა მუშაობსო. მე და ჩემ გუნდს სქოლიოზების, დაახლოებით, 800 ოპერაცია გვაქვს გაკეთებული. აქედან გენეტიკური ბმა, დაახლოებით, 20 ოჯახში აღმოვაჩინეთ. ვამბობთ, რომ 80% იდიოპათიური ანუ უცნობი ეტიოლოგიისაა.