ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ფიგურა ჰოლივუდში რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა სანდენსში, საკუთარ სახლში, ახლობლების გარემოცვაში. მსახიობი ორი "ოსკარის" მფლობელი იყო. ერთი მიიღო, როგორც რეჟისორმა და მეორე - კინოში შეტანილი წვლილისთვის.
დაბადების თარიღი: 18 აგვისტო, 1936
დაბადების ადგილი: სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ
ეროვნება: ამერიკელი
რობერტ რედფორდი გაიზარდა საშუალო ფენის ოჯახში. მამამისი დისტრიბუტორად მუშაობდა, შემდეგ კი ნავთობკოპანიაშ ბუღალტრად მოეწყო და ოჯახს ასე თუ ისე, ნორმალური ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა.
რობერტი ახალგაზრდობაშივე დაინტერესდა ხელოვნებით, თუმცა გარკვეულ ხანს სპორტი უფრო იტაცებდა. უნივერსიტეტში ბეისბოლის გუნდის წევრი იყო და შემდეგაც, წლების განმავლობაში დიდხანს ინარჩუნებდა კარგ ფიზიკურ ფორმას, რაც კინოშიც ადგებოდა.
სწავლობდა კოლორადოს უნივერსიტეტში, თუმცა საბოლოოდ მსახიობობისკენ გადაუხვია და ნიუ-იორკის თეატრში დაიწყო კარიერა. პარალელურად ხატავდა და პრატის უნივერსიტეტში ხელოვნებას ეუფლებოდა.
პირველი სერიოზული კინონამუშევარი იყო ფილმი კორეის ომზე "ნადირობა ბრძოლის ველზე", რასაც ნელ-ნელა სხვა როლები და აღიარება მოჰყვა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია "აფიორა", "აფრიკიდან", "დიდი გეტსბი" და ა.შ. "ჩვეულებრივი ადამიანები" კი იყო ფილმი, რომელიც მის რეჟისორულ დებიუტად იქცა და რომელმაც "ოსკარი" მოუტანა.
გამორჩეული გარეგნობაც ხელს უწყობდა წარმატებაში და ფიზიკური მომზადებაც, რის წყალობითაც 1970-იანების ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მას მერე, წლების განმავლობაში ინარჩუნებდა აქტუალობას და ბოლო წლებშიც იღებდნენ კინოში.
ასევე მის სახელს უკავშირდება სანდენსის კინოფესტივალის დაარსება, რომელიც დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი კინოფესტივალია მსოფლიოში.
23 წლის იყო რობერტი, როცა თავის თანაკურსელ ლოლა ვან ვაგენენზე იქორწინა. წყვილს ოთხი შვილი შეეძინა და ერთად იცხოვრა თითქმის 30 წელი, სანამ განქორწინდებოდნენ.
სამწუხაროდ, მან, როგორც მამამ, ტრაგედიებიც გადაიტანა. პირველი შვილი დაბადებიდან რამდენიმე თვეში გარდაცვალა. უფროსი ვაჟი კი, რომელიც კინოპროდიუსერი იყო, 2020 წელს დაიღუპა სიმსივნით და რობერტი დიდხანს განიცდიდა ამ ამბავს. მისი ორივე ქალიშვილი - მხატვარი შონა ჯინი და მსახიობი და რეჟისორი ემი ჰარტი, მის გვერდით იყვნენ განსაცდელის დროს.
რობერტს გულს უხარებდნენ ასევე შვილიშვილები - მსახიობს 5 შვილიშვილი ჰყავდა.
მეორედ 2009 წელს იქორწინა გერმანელ მხატვარ სიბილ სადერლენდზე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იყო.