როგორ უნდა მოვამზადოთ კონსერვი ისე, რომ ბოტულიზმის საფრთხე თავიდან ავირიდოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი დიასახლისებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს - მშობლები

კონსერვის მომზადების უსაფრთხო ხერხი , რათა ბოტულიზმისგან დაზღვეულები იყოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი დიასახლისებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს

2025-09-16 20:07:36+04:00

შემოდგომის პერიოდში ბევრი დიასახლისი ზამთრისთვის მარაგს აკეთებს და სხვადასხვა კონსერვსა და მურაბას ამზადებს. თუმცა, კონსერვებისა და მურაბების შემთხვევაში, ბოტულიზმის საფრთხე არსებობს, რამაც შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგები, მათ შორის, პარალიზება და ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, მარიამ ჩაჩუა, გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს, როგორ ავიცილოთ ბოტულიზმი და მოვამზადოთ კონსერვები უსაფრთხოდ:

- სურსათისმიერი ბოტულიზმი არის დაავადება, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და კუნთების პარალიზებას იწვევს. თუ 12-36 საათის წინ მიირთვით კონსერვი ან შებოლილი პროდუქტი და ქუთუთოების მოდუნებას, თვალებში გაორებას, კუნთების მოდუნებასა და დამბლის ნიშნებს გრძნობთ, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ კლინიკას უნდა მიმართოთ.

სურსათისმიერ ბოტულიზმს კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი იწვევს, რომელიც გარემოში, ნიადაგშია გავრცელებული. ეს ანაერობული ბაქტერიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უჰაერო, უჟანგბადო სივრცეში მრავლდება და ტოქსინებს გამოყოფს. სწორედ ამიტომაა ის კონსერვებთან, შებოლილ პროდუქტებთან დაკავშირებული. შემთხვევები, ძირითადად, ზამთარში ვლინდება იმიტომ, რომ კონსერვებს სწორედ ამ პერიოდში მოვიხმართ. ეს სახლში, კუსტარულად დამზადებული პროდუქტების შემთხვევაშია. შესაბამის საწარმოში, სადაც კონსერვებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ, პროდუქტი კლოსტრიდიუმ ბოტულინუმზე მოწმდება. ამიტომ, უფრო მეტად დაცულია.

- როგორ ავიცილოთ ბოტულიზმის საფრთხე?

- პირველ რიგში, საღი პროდუქტი უნდა შევარჩიოთ. ხილი იქნება თუ ბოსტნეული - ყველა სათითაოდ გადავარჩიოთ. ლპობის პროცესი, ობის ნიშნები არც ერთ მათგანში არ უნდა იყოს დაწყებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთლიანად კონსერვს მოედება და გაგვიფუჭებს.

შემდეგი წესი პროდუქტების ცივი, გამდინარე წყლის ქვეშ საგულდაგულოდ რეცხვაა. ნიადაგში საკმაოდ ბევრი მავნე მიკროორგანიზმია, რომლებიც შესაძლოა, პროდუქტის ზედაპირზე აღმოჩნდეს, ამიტომ საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს.

შემდეგი ეტაპი ქილებია. ისეთი ქილა უნდა ავარჩიოთ, რომელიც კონსერვებისთვისაა დამზადებული. კონსერვირებისთვის გამიზნული ქილა დასაშვებია. ლითონის თავსახური აუცილებლად ორივე მხრიდან მოკალული უნდა იყოს, რომ სურსათს ლითონთან პირდაპირი შეხება არ ჰქონდეს. ქილების სტერილიზაციაც აუცილებელია.

გარდა ამისა, უმჯობესია, მეცნიერულად აღიარებულ რეცეპტებს მივყვეთ და ჩვენი ინიციატივით ზედმეტი სახამებელი ან ფქვილი არ დავამატოთ. ამან შესაძლოა, მასის შესქელება გამოიწვიოს და სითბოს შიგნით შეღწევას ხელი შეუშალოს.

ასევე, ჰაერის ბუშტუკები, რომლებიც შეიძლება, ქილაში შევამჩნიოთ, ეს ხარვეზიც უნდა გამოვასწოროთ.

პროდუქტის ზედაპირსა და ქილის ზედაპირს შორის მანძილი არც ზედმეტი იყოს და არც ნაკლები, რომ დუღილი ან პროდუქტის გადმოსვლა არ გამოიწვიოს.

როდესაც კონსერვირებას ვამთავრებთ, ხშირად ქილას სველ ტილოზე ან ცივ წყალში ვათავსებთ. ესეც შეცდომაა, რადგან აღნიშნულმა მეთოდმა შესაძლოა, შუშის ქილაზე მიკრობზარები გამოიწვიოს. შეიძლება ბზარები თავად ვერ შევნიშნოთ, მაგრამ ის კონსერვზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ბოტულინუმს აქვს თვისება, რომ ირგვლივ სპორა შემოიკრას, როდესაც მისთვის არახელსაყრელი გარემოპირობები ექნება. სახლის პირობებში 5-6 საათი სჭირდება, რომ ბოტულინუმის სპორა განადგურდეს, რასაც ის ირგვლივ იქმნის. ამიტომ, სახლის პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია. თუ სპეციალური მეთოდებით 121 გრადუსზე მუშავდება, ამ შემთხვევაში, სპორის გასანადგურებლად 10-15 წუთიც საკმარისია.

როდესაც კონსერვირებას დავასრულებთ და სარდაფში, გრილ ადგილას გადავიტანთ, იქ უკვე მისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება, სპორას იხსნის, ვეგეტატიურ ფორმაში გადადის და გამრავლებას იწყებს. გამრავლების დროს ის სწორედ იმ ტოქსინს წარმოქმნის, რომელიც ბოტულიზმის გამომწვევია. უშუალოდ ტოქსინს თერმული დამუშავება ანადგურებს. მართალია, სპორას ვერ ანადგურებს, მაგრამ ტოქსინს, რომელიც შემდეგ გამოიყოფა, 80-85 გრადუსით დამუშავებაც შველის.

ამიტომ, ყოველთვის ვამბობ - გამოყენებამდე პროდუქტი აუცილებლად უნდა წამოვადუღოთ. თუ მასში საშიში ტოქსინებია, გავანადგუროთ.

- უშუალოდ კონსერვების შემთხვევაში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- თუ ქილა დაზიანებულია, თავსახური ამობერილია, ასეთი პროდუქტი არ გამოიყენოთ. თუ ლორწო შევამჩნიეთ, ან არადამახასიათებელი სუნი, გემო აქვს, ასეთი პროდუქტი არ გამოიყენება.

ყველაზე მთავარი, თუ ვნახავთ, რომ საფუარი სოკო აქვს არ გამოვიყენოთ. დიდი ხნის განმავლობაში ასეთი პრაქტიკა იყო: ობის სოკოს აშორებდნენ და შემდეგ პროდუქტს მაინც იყენებდნენ. თუმცა, პრობლემა ობის სოკოში არ არის. პრობლემა იმ ტოქსინებშია, რომელსაც ობის სოკო გამოყოფს და ჩვენს მას თვალით ვერ ვხედავთ. ობიანი პროდუქტი მაშინვე უნდა გადავაგდოთ. სოკოს ტოქსინებს წამოდუღება არ შველის.

- რამდენად გამართლებულია კონსერვებში ასპირინის გამოყენება?

- ასპირინი მედიკამენტია. ის ადამიანის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, როდესაც ან სიცხე აქვს ან ტკივილი აწუხებს. ასპირინი სურსათისთვის არ გამოიყენება. შეგვიძლია, ვაშლის ძმრით ან ლიმონმჟავით ჩავანაცვლოთ.