ლეილა აბაშიძე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო, რომელიც ყველა როლში ბრწყინავდა და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ინტელექტუალურ მსახიობადაც მიიჩნეოდა. „ჭრიჭინაში“ შესრულებული როლის შემდეგ ამერიკულმა პრესამ მოიხსენია, როგორც ნამდვილი ვარსკვლავი და საბჭოეთის მერი პიკფორდი... თუმცა არც კარიერაში გაუმართლა ისე, როგორც მის პოტენციალს ეკუთვნოდა, არც პირად ცხოვრებაში და სიცოცხლის ბოლო წლებიც რთულად გაატარა...
ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან ქალიშვილიც წაიყვანა. პატარა ლეილამ და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გისოსებს მიღმა ნახეს, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, ეკრძალებოდათ და მხოლოდ შორიდან ესალმებოდნენ ერთმანეთს.
„იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები“...
ციხეში, პატიმრებისათვის გამართულ კონცერტზე პატარა ლეილაც გამოდიოდა, რომელიც მთელი შთაგონებით კითხულობდა ლექსს „Умер Ильич“, მის გამოჩენას იქ მყოფი ყველა გადასახლებული ქართველი განსაკუთრებით ელოდა, მეორე დღეს კი ერთ-ერთი საბჭოთა გაზეთი წერდა: გუშინ საპატიმროს სცენაზე ნამდვილი ვარსკვლავი დაიბადა, ეს გოგონა დიდი მსახიობი იქნება...
„მამამ, რომელიც ბუნებით ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, მოიფიქრა კონცერტი ტუსაღებისათვის და მე ვკითხულობდი ლექსს „Умер Ильич“, ლენინზე. ისე განვიცდიდი სიტუაციას, რაც ჩვენს გარშემო იყო, რომ მთელ განცდებს ვაქსოვდი ამ ლექსში, იქ ბევრი ქართველი იყო რა თქმა უნდა, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემ გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ და იმ პერიოდში მე და მამას პორტრეტთან ერთად გაზეთ „Сибирская правда“-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „Oтец и дочь“...
ოჯახმა დიდხანს არ იცოდა, რა ბედი ეწია რეპრესირებულ პატიმარს. ამის შემდეგ მიუვიდათ მათ დახვრეტის ოქმი, მომავალი მსახიობის დედას გამოუცხადეს, რომ მისი მეუღლე დახვრიტეს. „ოქმში წერია დახვრეტის წინ რომ გაჰყავდათ მამა, ოჯახის წევრების ჩამონათვალია და მოხსენიებულია ახლადდაბადებული ვაჟი, არის ზედ მამას ბოლო ხელმოწერა სიკვდილის წინ“. პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს და ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა, შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.
ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1941 წლის ფილმში „ქაჯანა“, სადაც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. მოგვიანებით კი მან ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიიღო ეს როლი:
„ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის ჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი, ვიცოდი რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:
– გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდანთქო,
– იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი,
– ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე, ძალიან, ძალიან-თქო! და, ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა, ჩემთან წამოდიო და თურმე ეს იყო თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:
– და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა,
– ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,
– რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით.
უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე“.
"ქაჯანას" შემდეგ კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა და ჩაბარების დრო რომ მოვიდა, ბევრი არ უფიქრია, თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მალევე მიიწვიეს ჯერ თეატრში, შემდეგ - კინოში, თუმცა ლეილამ კინო არჩია.
მისი ყველაზე ცნობილი როლები იყო ფლმებში "მაია წყნეთელი", "ჭრიჭინა", "აბეზარა", "ჩვენი ეზო", "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "შეხვედრა მთაში", "ხევისბერი გოჩა". 1950-60-იან წლებში ის ნამდვილად ბრწყინავდა კინოში, დადიოდა ფესტივალებზე, იყო უზომოდ პოპულარული.
თუმცა შემდეგ იყო დიდი წყვეტა კარიერაში და ლეილას ოცნება, ეთამაშა სერიოზული, ფსიქოლოგიური როლი, რომელიც არ აუსრულდა. წლები საერთოდ არ ჰქონდა როლები და მისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო.
სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა ჭორი, რომელმაც მის შემდგომ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა...
ჭორად დადიოდა, თითქოს ახალგაზრდა მსახიობმა გოჩა აბაშიძემ თავი სწორედ ლეილა აბაშიძის გამო მოიკლა… მათ რომანზე მაშინ ბევრი საუბრობდა და ლეილას ადანაშაულებდნენ, თუმცა წლების შემდეგ გოჩა აბაშიძის ცოლმა, მუსიკოსმა ნუნუ გაბუნიამ გააქარწყლა ეს ჭორი. ის არ უარყოფდა, რომ გოჩას და ლეილას რომანი ჰქონდათ, თუმცა მსახიობის სიკვდილთან ლეილა აბაშიძე არაფერ შუაში იყო:
„მე გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამუქებდა გოჩას ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი „პობედა“ გაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა და უკან დაუბრუნა და ფული მოსთხოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აუივნიდან გადადიოდა. იმ დროს უკვე კინოსტუდიაში მუშაობდა, „თეთრ ქარავანში“ უნდა ეთამაშა მთავარი როლი, სტუდიაში ავანისისთვის მივიდა, რომ ამ ავანსით მაინც გადაეხადა ვალის ნაწილი. მივიდა, ბატონ ელდარ შენგელაიას სთხოვა ავანსი, მან უთხრა, რომ მოხსნილი იყო როლიდან… ეს გზაც მოეჭრა ვალის გადახდის, ამასთან მთელი წელი უხელფასოდ რჩებოდა, რადგან ფილმში არ იყო დაკავებული, გაცეცხლებული შევიდა დირქეტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები – შავგულიძე მოკვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო... გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე, დევიმ სთხოვა, გაჰყევი ამ ბიჭს თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩა ჩაჯდა მანქანაში და გავრდა, მას რომ სიკვდილი სდომოდა, მანქანითვე გადაიჩეხებოდა სადმე. ალბათ ამით ვინმეს შეშინება უნდოდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს, ყველაფერი ლეილას დააბრალეს, ეს რომ ტყუილი იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე…“
რაც შეეხება ქორწინებას, ლეილა ბიჭიკო დანელიას გაჰყვა ცოლად და ამ ქორწინების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:
- ჩემი მეუღლე ღირსეული პიროვნება იყო, უდიდესი მეცნიერი გახლდათ. დასავლეთიდან მან შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში ჯაზი. როცა ვიქორწინეთ, მე 20 წლის ვიყავი, ბიჭიკო - 29 წლის. სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება ვერ გავატარეთ ერთად. რამაზის უმაღლესში მოხვედრის წინ ერთმანეთს გავშორდით. მას უნდოდა, ჩვენი შვილი ექიმი გამოსულიყო. რამაზი კი ფიზიკაში და ქიმიაში ჩაიჭრა და საბუთები უცხო ენების ინსტიტუტში შევიტანეთ. ამ ნიადაგზე მოგვივიდა უსიამოვნება და ერთმანეთს გავშორდით. ამას მთელი ცხოვრება ისიც ნანობდა და მეც...
ყველა ქალის ვალია, იყოს დედა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პრიორიტეტად დედობა მქონდა. რამაზის გარეშე ერთი ფილმის გადაღებაზეც კი არ წავსულვარ, სულ ჩემ გვერდით იყო. ყველა მსახიობს იცნობდა. უცნაური დედაშვილობა გვაქვს, მე ვცხოვრობ მისი ინტერესებით, ის კი - ჩემით. რამაზი ჩემთვის ერთადერთია და მისთვისაც მე ერთადერთი ვარ. რამაზი ისე გავზარდე, მასთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მუდამ მისი გულშემატკივარი ვიყავი და პირიქით, ის - ჩემი. რთული პროფესია მქონდა, ოჯახის და საქმის შეთავსება ძნელი იყო. ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. სამაგიეროდ, მყავს ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟი.
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული კინოს ცნობილი მოღვაწეები და ხელოვანები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე ლეილას მონაწილეობით ცნობილი კინოფილმების კადრები, ბიოგრაფიული ფოტოები, ფოტოსესიები და ინტერვიუ იყო ნაჩვენები, აგრეთვე, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლვებთან ერთად გადაღებული მისი ფოტოები.
მსახიობისთვის ეს უდიდესი სიხარული იყო. ამბობენ, რომ ეკონომიურადაც ძალიან უჭირდა ბოლო წლებში, თუმცა არ წუწუნებდა და არც არავის აწუხებდა.
მსახიობი 2018 წლის 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.