21 სექტემბერს მზის დაბნელებაა - რატომ არის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან აირიდოთ - მშობლები

21 სექტემბერს მზის დაბნელებაა - რატომ არის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან აირიდოთ

2025-09-17 09:23:19+04:00

7 სექტემბერს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავდროულად, იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა - დაბნელების დერეფანი დაიწყო. დაბნელების დერეფანი 21 სექტემბერს, მზის დაბნელებით დასრულდება.

მზის დაბნელება არც ისე იშვიათია, ის წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მაგრამ ეს შემთხვევა უნიკალურია იმით, რომ შემოდგომის ბუნიობამდე მოხდება. ამიტომ, როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვან ენერგიას ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ მზის დაბნელებას ადამიანები მსოფლიოს ყველა წერტილში ვერ დაინახავენ, მის გავლენას აბსოლუტურად ყველა იგრძნობს. ეს ფენომენი ზოდიაქოს წრის ბოლოს, ქალწულის 30-ე გრადუსზე მოხდება, რაც გავლენას კიდევ უფრო აძლიერებს.

ეს წერტილი ყოველთვის სიმბოლურია. მოგვიწევს, მთელი ყურადღება ძველი საქმეების დასრულებასა და ახალი ნაბიჯების დაგეგმვას დავუთმოთ. იმ ყველაფერს, რაც შესაძლოა, რაღაც მიზეზების გამო გადავდეთ, ყურადღება აღარ მივაქციეთ, ახლა ვეღარ გავექცევით. მოძველებული საქმეები, ურთიერთობები საბოლოოდ უნდა მოვაგვაროთ.

dabneleba-2-1758086702.jpg

აღსანიშნავია, რომ ქალწულს მერკური, გონების, ინფორმაციისა და ყოველდღიური საქმეების პლანეტა მართავს. თუმცა, 30-ე გრადუსზე განსაკუთრებული ენერგია ვლინდება. შეიძლება დაღლილობა, უენერგიობა, უმოტივაციობა იგრძნოთ. ამ დღეს წარსულის ტოქსიკურ საქმეებთან და ურთიერთობებთან დამშვიდობება მარტივია. მაგრამ, ასევე მარტივია კონფლიქტებიც. საქმე ისაა, რომ მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, ადამიანებმა სხვების სიტყვები განსხვავებულად აღიქვან ან თავად ვერ გამოხატონ თავიანთი პოზიცია სწორად. ამან კი შეიძლება, დაპირისპირება და რაც მთავარია, ისეთი იმპულსური გადაწყვეტილებები გამოიწვიოს, რომელსაც აუცილებლად ინანებთ.

7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი მთვარის დაბნელებით დაიწყო. 2-კვირიან პერიოდში ყველა ქმედება, გადაწყვეტილება საბედისწერო წონას იძენს. თუმცა, მზის დაბნელების დღეს, 21 სექტემბერს, ადამიანები უკიდურესად არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობას განიცდიან.

ამიტომ, ჯობს, ამ დღეს რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. არც სერიოზული მოლაპარაკებები დაგეგმოთ, არ მოაწეროთ ხელი კონტრაქტებს და არ შეადგინოთ გრანდიოზული გეგმები. ემოციურმა არასტაბილურობამ შესაძლოა, მოვლენების ობიექტურად აღქმაში ხელი შეგიშალოთ.

ამ დღეს შესაძლოა, უძილობამ, მომატებულმა შფოთვამ შეგაწუხოთ. გაგიჩნდეთ აგრესიის გამოხატვის სურვილი და საყვარელ ადამიანებს უსაფუძვლოდაც აწყენინოთ. ამიტომ, შეეცადეთ, თითოეულ სიტყვასა და ქმედებას კარგად დააკვირდეთ.

dabneleba-3-1758086685.jpg

ვინ იგრძნობს მზის დაბნელების გავლენას ყველაზე მეტად?

პირველ რიგში, მზის დაბნელების გავლენას ყველაზე მეტად 21-23 სექტემბერს დაბადებული ადამიანები იგრძნობენ. მათთვის ეს დაბნელება შესაძლოა, ერთგვარად, გარდამტეხ ეტაპად გადაიქცეს და სამომავლო ცვლილებები განაპირობოს.

ასევე, ემოციურად რთული დღე იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქალწულების სეზონის ბოლოსა და სასწორის სეზონის დასაწყისში დაიბადნენ. გარდა ამისა, ნეგატიურ გავლენას შედარებით მძაფრად თევზები, ტყუპები და მშვილდოსნები იგრძნობენ.

მზისა და მთვარის გავლენის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა შესაძლოა, ჩვეული რუტინა შეაფასონ და აღმოაჩინონ, რომ საქმე, რომელსაც აკეთებდნენ, იმაზე რთული და მძიმე გახდა, ვიდრე აქამდე ჩანდა.

მიუხედავად ჩამოთვლილისა, გავლენას მეტ-ნაკლებად ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იგრძნობს. ამიტომ, ამ პერიოდში თქვენი ამოცანაა, რომ წარსულის ნეგატიურ გამოცდილებებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ, მაგრამ ახალ წამოწყებებს ჯერ ნუ დაგეგმავთ. დაიწყეთ არსებული შეცდომების გაანალიზება, საკუთარ სურვილებზე დაკვირვება და სიახლეებისაკენ კონკრეტული ნაბიჯები ემოციური პერიოდის გასვლის შემდეგ გადადგით.