"მე გიჟი არ ვარ... ვარ თავმოყვარე ქალი და დედა... ჩემს ადგილას თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა" - რა განაცხადა სასამართლოზე ხატია ვიბლიანმა, რომელსაც არასრულწლოვანის ცემისთვის გირაო შეუფარდეს - მშობლები

"მე გიჟი არ ვარ... ვარ თავმოყვარე ქალი და დედა... ჩემს ადგილას თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა" - რა განაცხადა სასამართლოზე ხატია ვიბლიანმა, რომელსაც არასრულწლოვანის ცემისთვის გირაო შეუფარდეს

2025-09-17 13:29:38+04:00

არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

როგორც პროკურორი ნათია ნოზაძე აცხადებს, ხატია ვიბლიანმა15 წლის ბავშვს ხელებისა და ფეხების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ინანიებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ადვოკატმა გირაოს შემცირების შუამდგომლობა დააყენა.„ვიზარებ დანაშაულს და ვინანიებ",- განაცხადა ვიბლიანმა.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ის, ან რამდენი აქვს შემოსავალი, ბრალდებულმა განმარტა, რომ "სპორტსმენია და ამ ეტაპზე შემოსავალი არ აქვს, სოციალურის გარდა".

სასამართლოს მსვლელობისას ბრალდებულ ხატია ვიბლიანს მოსამართლემ ჩაცმულობის გამო შენიშვნა მისცა და სხდომა შეაჩერა.

"ეს რა არის? ნორმალურად უნდა გეცვათ სხდომის დარბაზში! სად ხართ, იცით? ასე დარბაზში ვერ დაგიშვებთ!"- ამ სიტყვებით მიმართა ვიბლიანს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.

მან სხდომის დარბაზში შემოსვლისთანავე ბრალდებულს, რომელსაც მოკლე მაისური ეცვა, შენიშვნა მისცა.

„მოიცვით რამე” - მიმართა მას მოსამართლემ, რაზეც ვიბლიანმა უპასუხა, რომ "მანქანაში დარჩა".

რაც შეეხება თავად ხატია ვიბლიანის კომენტარს, მან განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო.

"მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს ამ ეტაპზე არაფერს არ ვიტყვი - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

ის მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ პირი, ვის მიმართაც მას ძალადობას ედავებიან, არ იცოდა, არასრულწლოვანი რომ იყო.

„რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. როცა ჩემი ბულინგი წავიდა, მერე გავიგე... მე გიჟი არ ვარ... მე ვარ თავმოყვარე ქალი და ვარ მშობელი, დედა, მეტს არ ვიტყვი არაფერს ამ ეტაპზე. გამოძიების დაწყების შემდეგ, აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე",- განაცხადა ვიბლიანმა.

კითხვაზე, სრულწლოვანი რომ ყოფილიყო, ძალადობა გამართლებულია თუ არა, მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„ძალადობას არ ვემხრობი, უბრალოდ ყველამ უნდა ვიცოდეთ მოქცევის წესები.

ამას [ძალადობას] ვაღიარებ, მაგრამ ჩემს ადგილას თავმოყვარე მშობელი რაღაცას გააკეთებდა, როცა თავს ესხმიან",- განაცხადა ვიბლიანმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, აქვს თუ არა დაკავების მოლოდინი, როგორც ის აცხადება, "ყველაფრის სამართლიანად ჩავლის იმედი აქვს".

როგორც აღღვნიშნეთ, არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.