საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ყოფილი მოკრივე,ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი არიან. გავრცელებული ინფორმაციით, კანდელაკთან და გოგიჩაიშვილთან ერთად დააკავეს, ქართლოს ჯალაბაძე - გორის აგრარული ბაზრის და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელის, გიორგი (გივი) ჯალაბაძის ძმა და ასევე გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძე.
ყოფილ მოკრივეს გიორგი კანდელაკს წლების წინ ჟურნალისტ ლალი მოროშკინასთან ჰქონდა გახმაურებული რომანი. ლალი მოროშკინა მის დაპატიმრებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"სამწუხაროდ, 20 წელი არ მინახავს... ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გვტკიოდა ერთმანეთის დანახვა. მაშინ ლაღები, ახალგაზრდები და თავისუფლები ვიყავით... მაშინ... მინდა მხნეობა ვუსურვო ამ ძნელბედობის ჟამს. მინდა ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყოს. მინდა."