რა ფორმით ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელ პროგრამებზეა ყველაზე დიდი კონკურსები - მშობლები

რა ფორმით ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელ პროგრამებზეა ყველაზე დიდი კონკურსები

2025-09-18 10:14:38+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი, გადაცემაში "შუადღე" 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს აჯამებს, საუბრობს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე და ამბობს, რომ ცენტრმა 2026 წლის გამოცდებისთვის მზადება უკვე დაიწყო:

- 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალიზმა გვაჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად კვლავ სამართალი რჩება. ასევე, ბიზნესის ადმინისტრირება. სხვათა შორის, მოთხოვნა არქიტექტურაზე გაიზარდა. მოთხოვნადია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე საინჟინრო მიმართულებებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც იცით, ნავიგაციის მიმართულებით ორი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს. ამ მიმართულებითაც დაინტერესებისა და მსურველების მომატება იგრძნობა. რა თქმა უნდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მოთხოვნა იზრდება. პროგრამების რაოდენობაც იზრდება. მოთხოვნა როგორც ბაკალავრიატის, ასევე სამაგისტრო საფეხურის დონეზე მაღალია. პროფესიულ სასწავლებლებში მისაღებ ტესტირებასაც ჩვენ ვატარებთ და მინდა გითხრათ, რომ იქაც ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაზე მოთხოვნა დიდია.

2026 წელს ზუსტად იმავე მოდელით ჩატარდება გამოცდები, როგორც 20 წელი ვატარებდით. მზადება უკვე დავიწყეთ და აბიტურიენტებს ვურჩევ, ინფორმაციას კარგად გაეცნონ.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამ პროგრამებისათვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა.

ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, მათ ვებგვერდზე გაეცნოთ.