The Guardian-ის ცნობით, შვედეთმაახალი სასწავლო წლიდან აამოქმედა წესი, რომლის მიხედვითაც ბავშვებს სკოლაში ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ.
რეგულაცია შეეხება 7-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებლები მოსწავლეებს ტელეფონებს ჩამოართმევენ და მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ დაუბრუნებენ. ამ ნაბიჯის მიზანი ბავშვების უსაფრთხოების გაძლიერება და სასწავლო პროცესში ბავშვების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა.
შვედეთის განათლების მინისტრმა სიმონა მოხამსონმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემის ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური რეფორმების ნაწილია.
როგორც გამოცემა განმარტავს, ბევრი შვედური სკოლა უკვე თავად აწესებს მსგავსი შეზღუდვებს, თუმცა ბავშვები ხშირად ახერხებენ მათი გვერდის ავლას, ადგან ზოგჯერ სკოლაში რამდენიმე ტელეფონი მიაქვთ ან ამტკიცებენ, რომ ტელეფონი სახლში დარჩათ.
შვედეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ერთიანი ეროვნული წესით დაიცვას ბავშვები ზედმეტი სმარტფონ-დამოკიდებულებისგან და ყურადღება მეტად მიმართოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა ჩართულობაზე.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს საიტზე ჩატარებული გამოკითხვისას მშობლებმა სწავლაში ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე მობილური ტელეფონი დაასახელეს. სკოლებში მათი გამოყენება მხოლოდ შინაგანაწესის საფუძველზეა დასაშვები. ბევრ კერძო სკოლაში ეს წესი მოქმედებს - მოსწავლეები სკოლაში მისვლისას ტელეფონებს ადმინისტრაციას აბარებენ და გაკვეთილების ბოლოს იბრუნებენ. საჯარო სკოლებშიც არის ამის მცდელობები, მაგრამ, ბუნებრივია, მოსწავლეთა დიდი ნაკადის გაკონტროლება უჭირთ.