აქვს თუ არა სკოლას უფლება, მოსწავლეს სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება აუკრძალოს - მშობლები

აქვს თუ არა სკოლას უფლება, მოსწავლეს სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება აუკრძალოს და შესაძლებელია თუ არა, ამ წესის გაპროტესტება

2025-09-18 11:55:40+04:00

მოსწავლეების უმრავლესობისათვის მობილურის გამოყენება დღეს მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის. ბევრი მასწავლებელი ტელეფონის დახმარებით საგაკვეთილო პროცესში სასწავლო რესურსებსაც აზიარებს. თუმცა, პარალელურად, მოსწავლეები ხშირად ტელეფონებს სხვადასხვა სოციალური ქსელის დასათვალიერებლად იყენებენ, ვიდეოებს იღებენ, შესაძლოა, მასწავლებელს ხელი შეუშალონ და ასე შემდეგ.

ამიტომ, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, თითოეულ სკოლას ტელეფონების აკრძალვის შესახებ კონკრეტული წესი შესაძლოა, სკოლის შინაგანაწესში ჰქონდეს გათვალისწინებული და ამას მშობელი ვერ გააპროტესტებს. თუ სკოლა შინაგანაწესით გადაწყვეტს, რომ მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს, მათ შორის, არც დასვენებაზე, არ შეიძლება, ტელეფონი ჰქონდეს, მოსწავლეებს მოუწევთ, აღნიშნული წესი გაითვალისწინონ.

ზოგიერთ სკოლაში, სადაც ტელეფონების გამოყენება იკრძალება, სპეციალური ყუთი ან გამოყოფილი ადგილია, სადაც მოსწავლეებს ტელეფონების ჩაბარება უწევთ. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ კი ისინი თავიანთ მობილურებს აიღებენ და სახლში წაიღებენ.

თუ სკოლის პერიოდში მოსწავლეს მშობელთან დარეკვა დასჭირდება, შეუძლია, დამრიგებელს მიმართოს და ტელეფონი გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ ეს წესები ყველა სკოლისთვის ერთნაირი არ არის. ზოგიერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მობილურების ჩვეულებრივად გამოყენების უფლება აქვთ. ზოგ სკოლაში კი აკრძალულია.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მასწავლებელს არ დაემორჩილება ან გაკვეთილზე ტელეფონს ჩუმად შეიტანს, შესაბამის რეაგირებასაც სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს. შესაძლოა, მას ტელეფონი ჩამოართვან, მშობელი დაიბარონ და გადასცენ ან სხვა ტიპის სანქცია დააწესონ.

ამიტომ, საგანმანათლებლო რესურსცენტრები მშობლებს ურჩევენ, სკოლის შინაგანაწესს კარგად გაეცნონ. როგორც წესი, შინაგანაწესი მოსწავლეებისა და მშობლებისათვის ხელმისაწვდომ ადგილზეა გამოკრული. თუ მას სკოლაში ვერ აღმოაჩენთ, შეგიძლიათ, ადმინისტრაციას მიმართოთ და შესაბამის წესებს გაეცნოთ.

ვკითხეთ მშობლებსაც, რამდენად ეთანხმებიან სკოლებში ტელეფონების გამოყენების აკრძალვას. რამდენიმე მათგანის კომენტარს გაგიზიარებთ:

  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას არ უნდა ჰქონდეთ ტელეფონებთან წვდომა. ძირითადად, არ უსმენენ მასწავლებელს და უკირკიტებენ ტელეფონებს. მშობელს შეუძლია კომუნიკაცია დამრიგებელთან, თუ გაუთვალისწინებელი რამე მოხდა. გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ტელეფონი, რათა მშობელმა შეძლოს კონტაქტი და გაიგოს შვილის ადგილსამყოფელი.
  • უბრალო, ფანრიანი ნოკიაც საკმარისი იქნებოდა სკოლისთვის, ჩემი აზრით.
  • საერთო შეთანხმება უნდა იყოს ქვეყანაში, თორემ ასე მხოლოდ ერთ სკოლაში აკრძალვით უარესია. ბავშვები ნახავენ, სხვა სკოლებში რომ არ კრძალავენ და უფრო გაუჩნდებათ სურვილი. სახელმწიფო დონეზე უნდა აიკრძალოს, მშობლებმაც უნდა მოუკლონ სოციალურ ქსელში ძრომიალს და ბავშვებისთვის ტელეფონის მიცემას. მაშინ ექნება აზრი.
  • დიახ, უნდა აიკრძალოს მობილურებიც და დავალებები - მოიძიეთ ინტერნეტში... უკვე თირკმელში მიზის, მე პირადად.არ ვეძებდით ინტერნეტში, მაგრამ მშვენივრად ვსწავლობდით... ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, მხედველობა დაქვეითებული საზოგადოება გვეყოლება მომავალში.
  • ჩემს უფროს შვილს ერთი მასწავლებელი ჰყავდა, რომლის გაკვეთილზე ვერ ნახავდით ტელეფონს. რატომ? პირველ დღეს ამ ადამიანმა აუხსნა ბავშვებს, რომ ტელეფონი არ ჰქონოდათ გაკვეთილის მსვლელობის დროს. შემდგომ ბავშვები ამბობდნენ, რომ იმდენად საინტერესოდ მიჰყავს მასწავლებელს გაკვეთილი, საერთოდ არ გვიჩნდება ტელეფონის დახედვის სურვილიო.
  • საგაკვეთილო პროცესში უნდა აიკრძალოს, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა ხდება. პირობითად, ფეხსაცმლის ყუთში არ უნდა ალაგებდნენ მობილურს, უნდა ჰქონდეს სკოლას შესაბამისი შესანახი "საკანი" კოდებით. ბავშვს, რომელიც 19:15-ზე ამთავრებს სკოლას, რომ ვერ დავუკავშირდე, ხომ გული გამიჩერდა. ამ დონეს რომ მიაღწევს განათლება, მერე აკრძალეთ.
  • სკოლაში შესვლისას მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ყუთი და იქ ალაგებდნენ...
  • აბა რა, ისე ხომ ცოტა მკვლელობებია და ვეღარც გავიგოთ, სადაა შვილი? გაკვეთილზე ჩემი ისედაც თიშავს... ახალ რაღაცებს ნუ იგონებთ. მეტი პრობლემა არაა ქვეყანაში??
  • ძალიან კარგი იქნება, სკოლაში სწავლის დროს ნამდვილად არ არის საჭირო.
  • რატომ გგონიათ, რომ აკრძალვა შედეგს გამოიღებს? სკოლა პედაგოგის, მშობლისა და მოსწავლის თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. კანონის გარეშეც, არიან ბავშვები რომლებიც ტელეფონზე გაკვეთილის მსვლელობისას საერთოდ შენიშვნას არ იღებენ. არის კლასები, სადაც შეთანხმებულად იდება ტელეფონები ყუთში და გაკვეთილების ბოლოს მიაქვთ. მაგრამ ამის მიღმა, ორი ტელეფონით სიარული და მალულად მისი მოხმარების ფაქტებიც ხომ არის? კანონით აკრძალვა არ არის გამოსავალი (მისი გვერდის ავლაც შეიძლება).
  • გიმნაზიაში აკრძალულია, სწავლის დაწყებისას კარადაში იკეტება ტელეფონები და დასრულებისას უბრუნდებათ ბავშვებს. ძალიან კარგი და ეფექტური მეთოდია.
  • სკოლა ის ადგილი არ არის, რომ მოწყვეტილი იყო სამყაროს. სკოლის კედლებში ბავშვები უმეთვალყურეოდ არ არიან და თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდა, დამრიგებელს წვდომა აქვს მშობელთან. ამიტომ ტელეფონი ზედმეტია, არ არის საჭირო.
  • მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვების სკოლაში აკრძალული არ არის მობილურის ტარება, მე არ ვატან ბავშვებს და არც სურვილი უჩნდებათ.VII და IV კლასში არიან. სკოლაში ვუშვებ განათლების მისაღებად და არა ტელეფონზე სათამაშოდ და გასართობად. ჩემი აზრით, სამინისტროს აკრძალვას არ უნდა დაველოდოთ. ჯერ ჩვენ ვართ საკუთარი შვილების მინისტრიც და დირექტორიც.

აღსანიშნავია, რომ შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა დამის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5კალენდარული დღის ვადაში.

სკოლის შინაგანაწესში შესაძლოა, განსაზღვრული იყოს მოსწავლის ჩაცმულობის, სკოლაში დასაქმებულების შრომითი პირობების, სასწავლო პროცესის რეგულირების წესები და ასე შემდეგ.

თამარ იაკობაშვილი