რა უნდა იცოდეს აუცილებლად მშობელმა, ბავშვს რომ ჯანსაღი კბილები ჰქონდეს და რომელი პოპულარული პროცედურის ჩატარება არ შეიძლება ბავშვებსა და ორსულებში? - სტომატოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს - მშობლები

რა უნდა იცოდეს აუცილებლად მშობელმა, ბავშვს რომ ჯანსაღი კბილები ჰქონდეს და რომელი პოპულარული პროცედურის ჩატარება არ შეიძლება ბავშვებსა და ორსულებში? - სტომატოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს

2025-09-18 16:41:09+04:00

ჯანმრთელი ღიმილი სწორად მოვლილი კბილებით და ჰიგიენით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვგონია, ზედმიწევნით ვიცავთ მოვლის წესებს, ხშირად დაუკვირვებლობამ ან მცირედმა შეცდომამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. რატომ უფუჭდებათ ბავშვებს კბილები პატარა ასაკში, როგორია პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, რა უნდა გავითვალისწინოთ კბილების გათეთრებამდე, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება თერაპევტი და პირის ღრუს ქირურგი მარიამ ქლიბაძე.

- რამდენად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ვიზიტები და რა სიხშირით უნდა მივიდეს ადამიანი სტომატოლოგთან?

- რეგულარული პროფილაქტიკური სტომატოლოგიური ვიზიტები კლინიკურად მნიშვნელოვანია პირის ღრუს და ზოგადი ჯანმრთელობის გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის. პირის ღრუს დაავადებების პრევენციის მიზნით, რეგულარული ვიზიტებით ხელს შევუშლით ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა კარიესი, პაროდონტიტი და ა.შ. მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. ვიზიტის დროს სტომატოლოგი ამჩნევს პრობლემებს ადრეულ სტადიაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას, სირთულეს და ამავდროულად ფინანსურ ხარჯებს . სტომატოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ. ხოლო, დიაბეტიანი პაციენტები, მწეველები, ორსულები, პაროდონტიტით დაავადებულები, პაციენტები, რომლებიც ატარებენ ბრეკეტ სისტემას, 3-4 თვეში ერთხელ მაინც უნდა მივიდნენ სტომატოლოგთან შემოწმებაზე.

- რა არის ყოველდღიური პირის ღრუს მოვლის ოქროს წესი?

- ოქროს წესი შედგება ოთხი ძირითადი ელემენტისგან:

  • კბილების წმენდა დღეში ორჯერ - სწორად და სისტემატურად, რბილი ან საშუალო სიხისტის ჯაგრისით და ფტორის შემცველი კბილის პასტით. მინიმუმ 2 წუთი.
  • კბილთაშორისი ჰიგიენა, ყოველდღიურად გამოიყენეთ კბილის ძაფი (floss) ან კბილთაშორისი ჯაგრისები.
  • ⁠⁠მოწესრიგებული კვება - ნაკლები შაქარი.
  • პროფილაქტიკური ვიზიტები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

- კბილების გათეთრება ასევე აქტუალური საკითხია. რა დროს არის უსაფრთხო კბილების გათეთრება და რა ასაკიდან შეიძლება?

- კბილების გათეთრება არის ესთეტიკური სტომატოლოგიური პროცედურა. უნდა გავითვალისწინოთ, რა აპარატით და გელით ტარდება, რა თქმა უნდა, პროფესიონალი სტომატოლოგის ზედამხედველობით. ამ არცთუ ისეთმა უწყინარმა პროცედურამ, არასწორ პირობებში ბევრი გართულება შეიძლება გამოიწვიოს. კბილების გათეთრება შეიძლება ჩატარდეს მაშინ, როცა პირის ღრუს ჯანმრთელობა სრულად სტაბილურია. გათეთრება 18 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული.

გათეთრება არ არის რეკომენდებული რიგ კლინიკურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობებში, როცა პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ეფექტები ან უბრალოდ არ იმუშაოს ეფექტურად. ესენია, ღრძილების დაავადებები, კბილების მომატებული მგრძნობელობა, არ შეიძლება ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში. არსებობს სხვა დამატებითი სიტუაციებიც, როცა საჭიროა სიფრთხილე. ასევე, არ შეიძლება ორთოდონტიული მკურნალობის, კბილის ბზარების არსებობის დროს.

- რატომ უფუჭდებათ ბავშვებს კბილები ყველაზე ხშირად და თუ არის ეს დაკავშირებული ტკბილეულის სიყვარულთან ან რაიმე სხვა კვებით ჩვევებთან?

- კარიესი ბავშვებში ყველაზე ხშირი და გავრცელებული პრობლემაა და ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი ტკბილეულის ჭარბ მიღებასთან, კვებითი და ჰიგიენური ჩვევების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. ტკბილეული (შაქრიანი პროდუქტები) ქმნის იდეალურ გარემოს ბაქტერიებისთვის, რომლებიც ბუნებრივად ბინადრობენ პირის ღრუში. ბაქტერიები (მაგ. Streptococcus mutans) შაქარს გარდაქმნიან მჟავებად, რომლებიც კბილის მინანქარს აზიანებს და იწვევს კარიესს. ამასთან, ბავშვებს აქვთ უფრო თხელი კბილის მინანქარი, რაც კბილს ნაკლებად იცავს მჟავებისგან. ეს მინანქარი ბავშვებში უფრო სწრაფად ზიანდება, ვიდრე მოზრდილებში.

ასევე, ბევრი ბავშვი არ იწმენდს კბილებს რეგულარულად, ან არასწორი ტექნიკით იწმენდს. შაქრის მიღება ჰიგიენის გარეშე აჩქარებს ბაქტერიების ზრდას. ამ ყველაფერს მტკიცე მეცნიერული დასაყრდენი აქვს და შესაბამისად, პროფილაქტიკა — რაც ადრე დაიწყება მოვლა, მით უკეთესია.

- პროფილაქტიკისთვის რა რჩევებს მისცემდით მშობლებს?

- დაიწყეთ კბილის ჰიგიენა პირველი კბილის ამოჭრისთანავე. გაუწმინდეთ კბილები თქვენს პატარებს დღეში ორჯერ — დილას და საღამოს. შეზღუდეთ შაქრიანი საკვები და სასმელი. შაქრიანი სასმელები მხოლოდ ჭამის დროს არა, დღის განმავლობაშიც. არ უნდა იქცეს წვენი ან სხვა ტკბილი სასმელი წყლის ალტერნატივად. დაგეგმეთ სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი პირველივე კბილის ამოჭრიდან.

იმისთვის, რომ ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევები ჩამოუყალიბდეს, მიეცით თვითწმენდის პროდუქტები ჭამის შემდეგ. მაგალითად, სტაფილო, ვაშლი და სხვა.

ამ დროს მშობელი არის მაგალითის მიმცემი. ბავშვები იმეორებენ — როცა მშობელი ყოველდღე იხეხავს კბილებს და საუბრობს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, ბავშვიც სწავლობს მის მნიშვნელობას.

- დღეში რამდენჯერ უნდა გაიხეხოს ბავშვმა კბილები და კბილის ჯაგრისი როგორ შევარჩიოთ სწორად?

- კბილების გახეხვა ხდება დღეში ორჯერ – კვლევებმა აჩვენა, რომ კბილების რეგულარული გახეხვა მინიმუმ ორჯერ დღეში, დილით და საღამოს, მნიშვნელოვნად ამცირებს კბილების კარიესის რისკს (American Dental Association - ADA). რაც შეეხება ჯაგრისს, ბავშვებისთვის უმჯობესია აირჩიოთ კბილის ჯაგრისი პატარა თავით, რათა მარტივად შეძლონ მისი გამოყენება, განსაკუთრებით უკანა კბილების გასაწმენდად. ზოგჯერ ბავშვს უფრო კარგ განწყობას უქმნის ჯაგრისის მხიარული და მულტიფუნქციური დიზაინი, რომელიც მას უფრო მეტად ეხმარება ყოველდღიური პროცესის განხორციელებაში. ბავშვისთვის უნდა იყოს გამოყენებული რბილი სიხისტის ჯაგრისი.

მერი ბლიაძე