პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი ცოლი, ბრიჯიტ მაკრონი ამერიკის სასამართლოში მტკიცებულებებს წარადგენენ იმისას, რომ ბრიჯიტ მაკრონი ქალად დაიბადა.
ადვოკატი ტომ კლერი BBC–ის პოდკასტში აცხადებს, რომ წყვილი მზად არის საკუთარი უფლებები დაიცვას. ამიტომ წარადგენენ ექსპერტულ დასკვნებს, რომელთაც სამეცნიერო ხასიათი ექნებათ. კლერი ამბობს, რომ აქვთ ბრიჯიტის ფოტოებიც — როდესაც ის ორსულად იყო — მათაც სასამართლოში წარდგენენ.
კლერი აღნიშნავს, რომ სასამართლოს პროცესები ბრიჯიტს აშფოთებს, მაკრონს კი მნიშვნელოვანი საქმეებისგან ყურადღებას გადატანას აიძულებს: "როდესაც ოჯახს უტევენ, ეს მას ფიტავს. ბრიჯიტი კი მზად არის ამისთვის... მას მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, ვითარებას ნათელი მოეფინოს."
ამერიკელმა ჟურნალისტმა კენდის ოუენსმა განაცხადა, რომ ბრიჯიტ მაკრონი სინამდვილეში კაცია და რომ დაბადების სახელად ჟან-მიშელ ტრონიო იყო. ეს ბრიჯიტის უფროსი ძმის სახელია. პრეზიდენტმა მაკრონმა და მისმა მეუღლემ აშშ–ში ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ისინი ჟურნალისტს ცილისწამებასა და პირადი ინტერესებისთვის სკანდალის სპციალურად გამოწვევას ედავებიან. ოუენსი პასუხობს, რომ არ გაჩუმდება და ამბობს, რომ ფრანგულმა ხელისუფლებამ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა სცადა.
სოციალურ ქსელებში დიდი ხანია ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ 72 წლის ბრიჯიტ მაკრონი ქალად არ დაბადებულა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ფრანგულმა სასამართლომ გაამართლა ორი ბლოგერი, რომლებმაც მსგავსი რამ თქვეს.
ბრიჯიტ მაკრონი მეუღლეზე 24 წლის უფროსია. ის მისი მასწავლებელი იყო, როდესაც მომავალ პრეზიდენტს შეუყვარდა. 2007 წლიდან ისინი ცოლ-ქმარი არიან. საერთო შვილები არ ჰყავთ, თუმცა ბრიჯიტს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს.