" ჯობს, ბავშვი 5 წუთი მეცადინეობდეს და 15 წუთი თამაშობდეს, ვიდრე ყველაფერს თამაშით სწავლობდეს... ყველა საგანს სკოლაში თამაშით ვერ ისწავლის" - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა - მშობლები

"ჯობს, ბავშვი 5 წუთი მეცადინეობდეს და 15 წუთი თამაშობდეს, ვიდრე ყველაფერს თამაშით სწავლობდეს... ყველა საგანს სკოლაში თამაშით ვერ ისწავლის" - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

2025-09-19 09:41:06+04:00

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში "ახალი დღე" სკოლასთან და ბაღთან ბავშვების ადაპტაციისა და მშობლების როლის შესახებ საუბრობს:

- ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი ადამიანისათვის, ერთი მხრივ, სტრესია. სტრესი ცუდი სიტყვა არ არის. ეს არის სიახლე, რომელთანაც ორგანიზმს გადაწყობა სჭირდება. მეორე მხრივ, ეს ძალიან დიდი ინტერესის სფეროა. ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რაც ადამიანში მსუბუქ შფოთვას იწყებს. ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოსაც... თუ მშობლები ნერვიულობენ, ეს ნერვიულობა ბავშვებზეც გადადის. ზოგადად, ნერვიულობა, შფოთვა ვიბრაციაა. ვიბრაცია მთელ ორგანიზმში, უჯრედის დონეზე ხდება. ბავშვი გრძნობს, რომ რაღაც უცნაურ ადგილას მიდის. იქ შეიძლება, რაღაც საფრთხე იყოს. თან დედა და მამაც არ იქნებიან... თუ დედა ამ პროცესს მშვიდად ხვდება, ბავშვს სასკოლოდ, ბაღისთვის წინასწარ ამზადებს, სკოლაზე საუბრობენ, ბაღობანას თამაშობენ, თუნდაც ცოტახნით დაჯდომასა და რაღაცის მოსმენას ასწავლის, უკეთესია. თამაში და სწავლა უნდა გავმიჯნოთ. ფსიქოლოგების ორი კატეგორიაა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ბავშვმა ყველაფერი თამაშით შეიძლება, დაისწავლოს. ამას გარკვეულწილად ვეთანხმები. მაგრამ, მეორე ნაწილი, რომელსაც მე მივეკუთვნები, თვლის, რომ ჯობს, თამაში და სწავლა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. ჯობს, ბავშვი 5 წუთი იჯდეს და მეცადინეობდეს და 15 წუთი თამაშობდეს, ვიდრე მთლიანად თამაშობდეს. გავა წლები და როდესაც სკოლაში ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია - ისეთი საგნები შემოვა, რომლებსაც უკვე ასე ადვილად, თამაშით ვეღარ ისწავლის, ჯდომის, მოსმენის, დათმენის, გადავადების უნარ-ჩვევები დასჭირდება და ბავშვს ძალიან წაადგება, თუკი ამას თავიდანვე მივაჩვევთ. ოღონდ ეს ყოველგვარი აჟიტირების გარეშე უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ აჟიტირება და თემის ორკესტრირება ბავშვში ძალიან მაღალ შფოთვას იწვევს.