ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წლის მომღერლის, d4vd-ის, იგივე დევიდ ენტონი ბურკის გარშემო ძალიან დიდი სკანდალია. მომღერლის მანქანაში 15 წლის გოგონას ცხედრის ნაწილები იპოვეს. გოგონა ერთი წლის წინ გაუჩინარდა და როგორც ცნობილია, მას მომღერალთან რომანი ჰქონდა. მოზარდის ნეშტი პოლიციამ მაშინ აღმოაჩინა, როცა d4vd ტურნეში იმყოფებოდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, მომღერლის Tesla ლოს-ანჯელესის ჰოლივუდ-ჰილზის რაიონში მიტოვებული იპოვეს. მანქანიდან ძლიერად შესამჩნევი, უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, ამიტომ პოლიციამ ის გაჩხრიკა. მათ საბარგულში ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილები იპოვეს... ექსპერტიზით დადგინდა, რომ ცხედარი სელესტე რივასს ეკუთვნის. გოგონა 2024 წლის 5 აპრილს გაუჩინარდა. გაუჩინარების დროს ის 13 წლის იყო.
მისი იდენტიფიცირება ექსპერტიზის გარდა, თითზე არსებული ტატუთიც მოახერხეს. გოგონას "Shhh" ეწერა. ზუსტად ასეთივე ტატუ აქვს მომღერალსაც. ჩხრეკის დროს გოგონას დედამ პოლიციას განუცხადა, რომ სელესტეს შეყვარებული ჰყავდა, რომელსაც დევიდი ერქვა.
საქმემ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მომღერლის გულშემატკივრებმა საკუთარი გამოძიება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ დევიდს დანაშაული თავის სიმღერებში არაერთხელ ჰქონდა აღწერილი. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი, "Romantic Homicide", რომლის პრემიერაც, სხვათა შორის, სელესტეს დაბადების დღეზე შედგა, ასეთი ტექსტისგან შედგება:
"ჩემი ცნობიერების სიღრმეში მე მოგკალი და არც კი ვნანობ. არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სიმართლეა, მე შენ მძულხარ."
ასევე, ინტერნეტში მომღერლის 2023 წლის სიმღერაც გავრცელდა, რომელსაც სელესტეს სახელი ჰქვია. მომღერალი აღნიშნულ სიმღერაში მის შესახებ საკმაოდ ნეგატიურ სიტყვებს ამბობს.
თავად მომღერალს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა ტურნე გააუქმა. The Mirror-ის ცნობით, ის პოლიციასთან თანამშრომლობს.
მომღერალმა და კომპოზიტორმა d4vd-მა პოპულარობა სამი წლის წინ მოიპოვა. მან გამოუშვა ჰიტები "Here with Me" და "Romantic Homicide", რომლებიც TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა. ამის შემდეგ მომღერალმა მსხვილ ლეიბლებთან კონტრაქტი გააფორმა. მისი ჰიტები Billboard Hot 100-ის ჩარტებში მოხვდა და მოდის ბრენდების ფავორიტი გახდა. ის მოდის ჩვენებების ხშირი სტუმარი იყო და Valentino-ს ჩვენებაზეც გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Crocs-მა და Hollister-მა არტისტი თავიანთი უახლესი სარეკლამო კამპანიებიდან მოხსნეს.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში.