როგორ დავეხმაროთ ახალ სკოლაში გადასულ ბავშვს — პრაქტიკული რჩევები - მშობლები

როგორ დავეხმაროთ ახალ სკოლაში გადასულ ბავშვს — პრაქტიკული რჩევები

2025-09-19 09:50:50+04:00

ბავშვს ზოგჯერ სკოლის ან კლასის შეცვლა უწევს. ეს მარტივი პროცესი არაა არც ბავშვისთვის, არც მშობლისთვის. წარმოგიდგენთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ უნდა გადალახოთ ადაპტაციის პერიოდი.

1. მიიღეთ მისი ემოციები

ბავშვმა შეიძლება გითხრათ: „ძველი სკოლა მირჩევნია“, „არავის ვიცნობ“. პირველი რეაქცია არ უნდა იყოს — „თავისით მოგვარდება“ ან „მოითმინე“. ჯობს უპასუხოთ: „ვხვდები, რომ გიჭირს. მეც ასე ვიგრძნობდი, რომ ახალ გარემოში აღმოვჩენილიყავი.“ ეს ბავშვზე კარგ ეფექტს ახდენს — ხვდება, რომ მისი სირთულეები ნორმალურია და მარტო არაა.

2. მიეცით დრო, არ დააძალოთ მეგობრობა

ბავშვებს სჭირდებათ დრო, რომ ერთმანეთის ნდობა მოიპოვონ. არ არის საჭირო ყოველდღე ჰკითხოთ: „აბა, დღეს რამდენი მეგობარი გაიჩინე?“ ჯობს, უბრალოდ იკითხო: „ვისთან დაჯექი დღეს? რამე საინტერესო მოხდა?“ ასე ბავშვი თავისით დაიწყებს მოყოლას, როცა მზად იქნება.

3. დაეხმარეთ პატარა წარმატებების დანახვაში

ბავშვს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ არაფერი გამოსდის. შეახსენეთ, რა გააკეთა კარგად — მაგალითად: „გაიხსენე, როგორი მამაცი იყავი, როცა პირველ დღეს მარტო შეხვედი კლასში.“ „ძალიან მაგარია, რომ მასწავლებელს კითხვაზე უპასუხე.“

ეს თვითშეფასებას ამაღლებს და აძლევს სტიმულს.

moscavle1-1758262926.png

4. გამოიყენეთ მასწავლებლებთან კავშირები

ეკონტაქტეთ დამრიგებელს, საგნების მასწავლებლებს. ეცადეთ, რომ ბავშვის მომზადება ახალი კლასის წესების მიხედვით მოხდეს. სთხოვეთ მასწავლებელს, ბავშვი დაიხმაროს სასწავლო მასალების დარიგებაში ან რაიმე მსგავსი დავალების შესრულებაში. ეს ადაპტაციის პროცესს აჩქარებს.

5. მიეცით „თავშესაფარი“ სკოლის მიღმა

ახალი სკოლა ხშირად დამღლელია. დაუტოვეთ სივრცე, სადაც თავს მშვიდად იგრძნობს: საღამოს თამაში, საყვარელი ფილმი, დრო, როცა არავინ საყვედურობს დავალებაზე. ეს ენერგიის აღდგენაში დაეხმარება.

6. ნუ შეადარებთ სხვებს

არ არის საჭირო უთხრათ: „როცა პატარა ვიყავი, ერთი დღეში გავიჩინე მეგობრები“. ეს ზრდის წნეხს. ჯობს უთხრა: „ყოველ ადამიანს თავისი დრო სჭირდება, შენც შეძლებ.“

7. პირველ კვირაში

პირველივე დღიდან სასურველია მშობელმა კლასის დამრიგებლისგან მიიღოს ინფორმაცია გაკვეთილების განრიგზე, შიდა განაწესზე საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადი საგნების მოთხოვნებსა და უახლოეს შემაჯამებლებზე. მშობელმა უნდა დაისახოს სამი მარტივი მიზანი პირველი კვირისთვის:

  • არ დააგვიანოს სკოლაში;

  • დაამყაროს კონტაქტი მინიმუმ ორ თანაკლასელთან;

  • დავალებამ ახალი მასწავლებლის მოთხოვნები და ვადები სრულად უნდა დააკმაყოფილოს.