"ქუჩის მტვერში ტყვია და კადმიუმი 24-26-ჯერ აღემატება ნორმას... საბავშვო მოედნების ნიადაგშიც მაღალი კონცენტრაციები გამოვლინდა, ხოლო დღეში ერთი ადგილობრივი კვერცხის მოხმარება 373%-მდე აჭარბებს მავნე ნივთიერებების დღიურ ნორმას" - რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგები - მშობლები

"ქუჩის მტვერში ტყვია და კადმიუმი 24-26-ჯერ აღემატება ნორმას... საბავშვო მოედნების ნიადაგშიც მაღალი კონცენტრაციები გამოვლინდა, ხოლო დღეში ერთი ადგილობრივი კვერცხის მოხმარება 373%-მდე აჭარბებს მავნე ნივთიერებების დღიურ ნორმას" - რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგები

2025-09-19 15:43:05+04:00

ჩეხეთის გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია Arnika-მ ქალაქ რუსთავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სახიფათო ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების დონე გამოიკვლია და აღებული ნიმუშების ქიმიური ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ძალიან მძიმეა. გთავაზობთ მოკლე რეზიუმეს, რაც ამ კვლევას ახლავს.

კვლევის ობიექტად რუსთავი იმის გამო შეირჩა, რომ დიდი ხნის ინდუსტრიული მემკვიდრეობა აქვს - მოიცავს მსხვილ მეტალურგიულ ქარხნებსა და ცემენტის საწარმოებს,რომლებიც დაბინძურების ძირითადი წყაროები აღმოჩნდა.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს როგორც მდგრად ორგანულ დამაბინძურებლების (POPs), ისე მძიმე ლითონების შემცველობა და მათი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ჯანმრთელობის გაუარესების რისკები.

სწორედ ამ სამრეწველო ზონების, კერძოდ, მეტალურგიული ქარხნების, ცემენტის საწარმოებისა და წიდის საწყობების გარშემო აღებულ ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია.

"მაგალითად, სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს (GE-RD-1) აღებულ ქუჩის მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისადა კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს, შესაბამისად, 4.5-ჯერ,24-ჯერ და 26-ჯერ აღემატებოდა.

ამავე რაიონებთან მდებარე საბავშვო მოედნების ნიადაგში აღმოჩნდა კადმიუმისა და თუთიის მომატებული მაჩვენებლებიც, რომლებიც აჭარბებდა ბავშვთა ქვიშის ყუთებისთვის დადგენილ ჰიგიენურ სტანდარტებს.

მძიმე ლითონების გარდა, გარემოს ობიექტების ნიმუშებში სხვადასხვა ტიპის POPs-ებიც გამოვლინდა.

სამრეწველო ობიექტების მახლობლად აღებულ მტვრის ნიმუშებში კი PCBs-ების რაოდენობა 4,800-ჯერ აღემატება რეფერენტულ მაჩვენებლად აღებულ სოფელ უდაბნოში დაფიქსირებულ საბაზისო დონეებს.

ძლიერი დაბინძურების კვალი აღმოჩნდა ასევე რუსთავსა და თაზაქენდში აღებულ ბუნებრივ გარემოში მოშენებული/გამოზრდილი ქათმის კვერცხებშიც. აქაურ კვერცხში სახიფათო ნივთიერებების კონცენტრაციები უფრო მაღალია სუპერმარკეტში შეძენილ კვერცხთან შედარებით. ზრდასრული ადამიანის სხეულის საშუალო წონის გათვალისწინებით, დღეში მხოლოდ ერთი ადგილობრივი წარმოების კვერცხის მოხმარება 373%-მდე აჭარბებს PCDD/Fs-ებისა და dl-PCBs-ებისთვის ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დადგენილ დღიურ დასაშვებ ნორმას.

მდინარე მტკვრიდან აღებულ თევზის ნიმუშებში PCBs-ების კონცენტრაციამ მიაღწია 18 ნგ/გ-მდე ნედლ წონაში, ხოლო DDT-ის დონემ გადააჭარბა 85 ნგ/გ-ს ნედლ წონაში. ქალებისთვის, PCBs-ების დღიური ნორმის მოხმარების სავარაუდო მაჩვენებელმა შეადგინა 7.1 ნგ/კგ-ს სხეულის წონაში, ხოლო DDT-ის კი - 33.7 ნგ/კგ სხეულის წონაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები DDT-სთვის დადგენილ პირობით დღიურ დასაშვებ ნორმასა და რეფერენტულ დოზებს არ აღემატება, მაინც მნიშვნელოვან კუმულატიურ ზემოქმედებაზე მიუთითებენ.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ რუსთავში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს მეტალურგიული და ცემენტის მრეწველობის მემკვიდრეობითი და მიმდინარე გავლენა. დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე მუდმივად ფიქსირდებოდა სამრეწველო ობიექტების სიახლოვეს, ასევე ნარჩენი მასალებისა და წიდის გადამუშავებისა და მეორადად გამოყენების ადგილებში.

გარემოს ობიექტების ნიმუშებსა და ადგილობრივად წარმოებულ სურსათში DDT-ისა და მისი მეტაბოლიტების არსებობა ნათლად მიუთითებს ამ აკრძალული პესტიციდის ბოლოდროინდელ გამოყენებაზე.მსგავსი პრაქტიკა სერიოზულ გრძელვადიან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელიც ისედაც მძიმე სამრეწველო დაბინძურებით გამოირჩევა.

შემაშფოთებელია ის ფაქტიც,რომ DDT-ის მაღალი კონცენტრაციები ქალაქის განახლებულ საბავშვო მოედნების ნიადაგშიც კი გამოვლინდა. ეს დასკვნები ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, მათ შორის - რისკებთან დაკავშირებული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, მიზნობრივი დასუფთავების სამუშაოების განხორციელებას, გარემოსდაცვითი რეგულაციების უფრო მკაცრ აღსრულებასა და სურსათსა და გარემოში დამბინძურებლების მუდმივ მონიტორინგს." - ნათქვამია მკვლევარების მიერ მომზადებულ დასკვნაში.