რით აფერხებს ოჯახი და გარემო ბავშვის ნიჭის განვითარებას და როგორ შეუძლია მშობელს ბავშვის პოტენციალის ბოლომდე გამოვლენას შეუწყოს ხელი - ბაკურ კოტეტიშვილის საინტერესო განმარტებები - მშობლები

რით აფერხებს ოჯახი და გარემო ბავშვის ნიჭის განვითარებას და როგორ შეუძლია მშობელს ბავშვის პოტენციალის ბოლომდე გამოვლენას შეუწყოს ხელი - ბაკურ კოტეტიშვილის საინტერესო განმარტებები

2025-09-20 10:18:10+04:00

შვილების ნიჭიერება და გონებრივი შესაძლებლობები ნებისმიერ მშობელს აღელვებს და აინტერესებს. რა არის ნიჭი, მხოლოდ ბუნებრივი მონაცემი თუ გარემოსა და აღზრდისგან გამომუშავებული უნარი, რა გზითაა შესაძლებელი ინტელექტის განვითარება, ამ თემაზე ბავშვთა ნევროლოგმა, ბაკურ კოტეტიშვილმა, ისაუბრა მარი მალაზონიას საავტორო გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია".

ეს კითხვა ყოველთვის აწუხებდა კაცობრიობას. წინა საუკუნის გარიჟრაჟზე პირველად შეიქმნა მსგავსი შკალები და ტესტები. ეს ალფრედ ბინეს მიერ იყო მოწოდებული, შემდგომში ამის მოდიფიცირება მოხდა და ახლა უამრავი ე.წ. "IQ ტესტებია". ტესტს აქვს თავისი ასაკობრივი ზღვარი. ამას განსაზღვრავს ფსიქოლოგი, რომელმაც იცის, რომელი ტესტი რა ასაკში რა ინტერპრეტაციით გავაკეთოთ იმიტომ, რომ არ შეიძლება სამი წლის ბავშვის ინტელექტი და თვრამეტი წლის ბავშვის ინტელექტი ერთი და იმავე საზომით გავზომოთ. თითოეულ ამ ტესტს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, როგორც სხვა თეორიებს. აბსოლუტური არ არის. არის პირობითი და სოციუმზე გათვლილი. დაახლოებით, რომ ავიღოთ შკალის საწყისი-საბოლოო მხარეები. IQ- ს ზოგადი ტესტირებიდან გამომდინარე, დაახლოებით, 90- დან 110- 115- მდე ითვლება საშუალო ინტელექტუალურ მონაცემებად. ქვედა მხარეები არის ზღვრული მხარე, 70- ის ქვემოთ უკვე მივდივართ გონებრივი განვითარების შეზღუდვის სხვადასხვა ფორმაზე და ზედა მხარე არის უკვე ნიჭიერება. ჩემი ინფორმაციით, გახლდათ ქალბატონი მერლინ სავანტი, რომლის ინტელექტი იყო 166 ქულა. ზოგიერთი ტესტი ამბობდა, რომ უფრო მაღალი ჰქონდა და ეს ქალბატონი გახდა პუბლიცისტი, წერს სტატიებსაც, გამოუშვა რამდენიმე ბესტსელერი და ასე შემდეგ. თუმცა, ყველა მკვლევარი მივიდა ერთსა და იმავე დასკვნამდე, რომ ინტელექტის მობილიზაცია და განვითარება შეიძლება. ძალიან მაგარი ფრაზაა "თუმცა მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა." - ეს არის გენეტიკურად პირობადებული ტვინის სტრუქტურების განვითარება, რომელიც თუ არ არის განვითარებული, გინდათ სორბონაში წაიყვანეთ, გინდათ კემბრიჯი დაამთავრებინეთ - არაფერი გამოვა. ეს ყველაფერი გახლავთ ბავშვთან სწორი დამოკიდებულების პრინციპი. მათ შორის, ერთ- ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სწორი კვება, ეს საკვები გახლავთ მასალა, რომლითაც მუშაობს მთელი ორგანიზმი და ტვინიც. მეორე, ქცევითი მონაცემები და სოციალური აღზრდის სისტემა, რომელსაც უკეთებს ოჯახი, პირველ რიგში, მშობლები და მერე საზოგადოება.

- რა შეიძლება შვილის ინტელექტუალური ზრდისთვის გააკეთოს მშობელმა?

- ბავშვთან ურთიერთობის ფორმას მიღებული აქვს სტატუსი, რომელიც ითვლება ნორმად და ძალიან ცუდია. ეს არის სიტყვა "არ შეიძლება". ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ გააგებინებ წლინახევრის ბავშვს, რატომ არ შეიძლება. ამიტომ, ჯერ ვეუბნებით "არ შეიძლებას" და მან არ იცის "შეიძლება" რომელია. პირდაპირ ვიწყებთ ნეგატივით მისი ქცევის კორეგირებას. ჩვენი საზოგადოება ხმარობს გაცილებით მეტ ნეგატიურ განპირობებას, ვიდრე პოზიტიურს, ამიტომ ეს ნეგატივი სულ გროვდება", "არ ადგე", "არ დაჯდე", "არ აიღო", არ გაიქცე", "არ გაიხადო", წყალს ხელი არ შეუშვირო" - სულ "არა". ეს სოციალური კლიშეები და უამრავი ასეთი აკრძალვით მის განვითარებას ვაყოვნებთ. ეს ბავშვებთან ურთიერთობის ერთ- ერთი საკმაოდ ცუდი ფორმაა. თქვენ თუ იცით, რომ რაიმე საგნით ზიანი მიადგება ბავშვს, წვდომა არ უნდა ჰქონდეს იმ ნივთისადმი ან თუ ექნება, თქვენი თანდასწრებით, რომ მან ისწავლოს იმ ნივთის სწორი მოხმარება. ის ამით კი არ თამაშობს, ამას კი არ ამტვრევს, როგორც ჩვენ ვეძახით, ბავშვი ამ ყველაფერს ეცნობა და სხვანაირად ვერ განვითარდება. ნებისმიერი საგნის აღებისას, რომლითაც ბავშვმა ეს საგანი უნდა შეიმეცნოს, დაიმახსოვროს და მერე მთელი ცხოვრება სწორად გამოიყენოს, თავიდანვე არასწორ გზას ვაძლევთ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად