დაბადების დღე, ქორწილი თუ სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაული, როგორც წესი, ტორტის გარეშე წარმოუდგენელია. ზოგიერთი მას დიდი მონდომებით არჩევს, ზოგისთვის კი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს.
რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა მსახიობმა, სოფი ლორენმა, 91 წლის იუბილე აღნიშნა. დღეობა ოჯახურ წრეში - შვილების, რძლებისა და შვილიშვილების გარემოცვაში შედგა. რასაკვირველია, ამ დღეს მის გვერდით იყო მისი ქართველი რძალი - მარიამ შარმანაშვილი და მარიამის ვაჟი პირველი ქორწინებიდან.
მარიამმა სოციალურ ქსელებში სოფი ლორენის დაბადების დღის წვეულებიდან სხვადასხვა კადრი გაგვიზიარა და მოკრძალებული, არაპომპეზური ტორტიც ვნახეთ, რომლითაც სოფი ლორენმა საყვარელ ადამიანებთან ერთად იუბილე აღნიშნა.
სოფი ლორენისაგან განსხვავებით, ცნობილი ადამიანები ზოგჯერ პომპეზური ღონისძიებისა თუ ქორწილისთვის შესაბამის ტორტს არჩევენ. დღეს ყველაზე ძვირად ღირებულ ტორტებს გაჩვენებთ, რომლებიც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებსა თუ სხვა, ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა დროს ჰქონდათ:
კიმ კარდაშიანი ყოველთვის ძვირად ღირებულ, მდიდრულ და ყურადღების მიმზიდველ ნივთებს ანიჭებდა უპირატესობას. გამონაკლისი არც საქორწილო ტორტი ყოფილა. კარდაშიანი 2011 წელს კრის ჰამფრისზე დაქორწინდა. როგორც ცნობილია, ქორწილი 10 მილიონი დოლარი დაჯდა. აქედან 20 000 დოლარი ტორტზე დაიხარჯა. რვასართულიანი შოკოლადის ტორტი თითქმის 300 კილოგრამს იწონიდა. დეკორაციად დახვეწილი მაქმანები იყო შერჩეული. მიუხედავად პომპეზური წვეულებისა, კიმ კარდაშიანისა და ჰამფრის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა და ისინი, დაახლოებით, 2,5 თვეში დაშორდნენ ერთმანეთს.
ეს ულამაზესი ტორტი საკულტო სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გადაღებებისთვის, უფრო დეტალურად, მთავარი გმირის - კერი ბრედშოუს ეკრანული ქორწილისთვის შეიქმნა. 32 000 დოლარის ღირებულების ტორტი კუტიურის კაბით იყო შთაგონებული. კონდიტრებმა ის სვაროვსკის 4000 კრისტალით მორთეს. როგორც ცნობილია, კერი ბრედშოუს ქორწილის ეპიზოდის შემდეგ, ეს ტორტი მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა და პატარძლებს სურდათ, მნიშვნელოვან დღისთვის სწორედ მისი მინიატურული რეპლიკა დაემზადებინათ.
როდესაც ტახტის მემკვიდრე ქორწინდება, მოკრძალებული ქორწილი გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს გრანდიოზული ტორტი უნდა ჰქონოდათ. კონდიტრებმა მის შექმნას ერთ თვეზე მეტი დაუთმეს და ყველაფერზე ფიქრობდნენ: სართულების რაოდენობაზე, დიზაინსა და დეკორაციებზეც კი. სხვათა შორის, დეკორაციების არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა - ქეით მიდლტონს სურდა, ყვავილებით გაეფორმებინათ. ტორტზე ვარდები ოჯახურ ბედნიერებას განასახიერებდა, რკო - დღეგრძელობას, ხოლო სურო - ძლიერ ოჯახურ კავშირებს. ასევე თურქული მიხაკების ფორმის დეკორაციაც იყო, რომელიც, როგორც ცნობილია, პრინც უილიამს ეძღვნებოდა. ტორტი 78 000 დოლარი დაჯდა.
როდესაც ადამიანები თავიანთი მაღაზიებისათვის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, როგორც წესი, რეკლამას, პრესაში განცხადებებს, ბილბორდებს იყენებენ. თუმცა, ზოგჯერ ტრადიციულ მიდგომას მფლობელისათვის ის შედეგი არ მოაქვს, რაც თავად სურთ. იაპონელმა კონდიტერმა, ნობუე იკარამ გადაწყვიტა, რომ საიუველირო ნაწარმისთვის ყველაზე კარგი რეკლამა ტორტი იქნებოდა. დესერტი, რომელიც გულსაკიდებით, დახვეწილი ყელსაბამითა და სხვადასხვა ძვირად ღირებული დეტალით იყო გაფორმებული, 130 000 დოლარი ღირდა.
ამჯერადაც ძვირად ღირებული ტორტი კონდიტერმა მასამი მიამოტომ სამკაულების რეკლამისთვის შექმნა და ქალაქ ოსაკას ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში გამოფინა. სამწუხაროდ, ტორტმა მიზანი ვერ გაამართლა და გაყიდვები არ გაზრდილა. თუმცა, ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საკონდიტრო ნაწარმად გადაიქცა. მისი ფასი 850 000 დოლარი იყო.
ხილის საშობაო დესერტის - "ბრჭყვიალა მტვრის" მომზადებას შვიდი თვე დასჭირდა და 2010 წლის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი. ეს საკონდიტრო შედევრი 223 სამკაულითა და ბრილიანტებით იყო მორთული. გასაკვირი არ არის, რომ ის ბაზრობაზე ჯავშანმანქანით მიიტანეს. მისი ღირებულება 1 300 000 დოლარი იყო.
ყურადღების მისაქცევად, იაპონელმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, "აფრიკის" ტორტი შეექმნა, რომლის მთავარი დეკორაცია 2000 ბრილიანტი იქნებოდა...
იდეის განხორციელებაში მას გამოცდილი კონდიტრები დაეხმარნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ტორტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია, ვიზუალი, ალბათ, უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო. ყურადღებას მხოლოდ დესერტის ის ნაწილი იპყრობს, სადაც ძვირფასი ქვებია მიმოფანტული.
ყოველ წელს, კალიფორნიაში საქორწილო შოუს მასპინძლობენ. შოუ საქორწილო ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებს აერთიანებს. მოწვეული სპიკერები საქორწილო ინდუსტრიაში მთავარ სიახლეებზე, არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებზე საუბრობენ. იმისათვის, რომ შოუ დაუვიწყარი იყოს, ორგანიზატორები ცდილობენ, სტუმრები გააოცონ. 2006 წელს მათ წარადგინეს ტორტი, რომლის ღირებულებაც 20 000 000 დოლარი იყო. სამწუხაროდ, სტუმრებს მისი დაგემოვნება არ შეეძლოთ.
ჟურნალ "American Social Life"-ის რედაქტორის, დევორა როუზის საქორწილო ტორტი, რომელიც სიგრძით 3 მეტრი იყო და კონდიტრებმა ბრილიანტებით გააფორმეს, 30 მილიონი დოლარი დაჯდა... მას "ალმასის ტორტი" უწოდეს და შესასრულებლად იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ დევორამ არაერთი საკონდიტროსგან უარი მიიღო.
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ტორტი 2012 წელს შეფ-მზარეულმა დიმუთ კუმარასინგემ შექმნა და მას "მეკობრეების გემი" უწოდა. ტორტი არაერთი ძვირფასი ქვით იყო სავსე და მისი ღირებულება 35 მილიონ დოლარს აჭარბებდა. როგორც ცნობილია, ტორტში რამდენიმე სხვადასხვა არომატი, მათ შორის, შოკოლადის, გოგრისა და ლიმონის გემოები იყო შერწყმული.