როგორ უნდა ისაუზმოს ბავშვმა და რა გავატანოთ სკოლაში, რომ კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს - მშობლები

როგორ უნდა ისაუზმოს ბავშვმა და რა გავატანოთ სკოლაში, რომ კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს

2025-09-22 11:33:00+04:00

რამდენად აუცილებელია საუზმე ბავშვისთვის, რა გავატანოთ სკოლაში, რომ სწორად იკვებოს და იმუნიტეტი არ დაუქვეითდეს და რას ნიშნავს ჯანსაღი კვება, გადაცემაში "დღის პოსტი" პედიატრი თამთა ივანიშვილი საუბრობს:

- საუზმე აუცილებელი კომპონენტია. იმისათვის, რომ ბავშვს კარგი იმუნიტეტი, ზრდა-განვითარება ჰქონდეს, ჯერადი, გათვლილი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი კი საუზმეა, რომელიც ბავშვს სკოლასა და ბაღში წასვლამდე ახალ ენერგიას აძლევს.

საუზმე მხოლოდ საკვები არ არის. ეს ენერგიის წყაროა, რომლითაც ბავშვები მთელი დღე მომარაგებულები არიან. ისინი უამრავ ახალ რაღაცას ეცნობიან, ახალი საგნები აქვთ, ახალ მასწავლებლებთან აქვთ ურთიერთობა, 45 წუთი სკამზე ჯდომა უწევთ, ახალ სოციუმში არიან, თავის დამკვიდრება უწევთ - ამას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. შესაბამისად, კარგია, თუ პატარები ისაუზმებენ და ისე წავლენ სკოლაში.

ყოველთვის ვამბობ ხოლმე - "არ უყვართ" ძალიან ზოგადი დეფინიციაა. დამერწმუნეთ, 3 წლიდან ყველა პატარას შეუძლია, გაიგოს, რომ ეს მათთვის აუცილებელია. სასურველი პროდუქტი შესთავაზეთ. ერთად მოამზადეთ, ლამაზად გაუფორმეთ, თავად აარჩევინეთ და იქნებ, როგორმე დაიყოლიოთ საუზმეზე. თითქმის ყველა ბავშვი ამას სიამოვნებით აკეთებს, თუ ინფორმაციას სწორად მივაწოდებთ.

- როგორია სწორი საუზმე?

- დღევანდელ რეალობაში საუზმედ შეიძლება, ყველა ვარიაცია შეგვხვდეს. ისე ვერ გავაკეთებთ, რომ ბავშვები თანამედროვე პროდუქტებსაც არ ვაზიაროთ. ხანდახან ყველაფრის მირთმევა შესაძლებელია. მაგრამ, ეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი არ უნდა იყოს. ხშირად მშობლები არაჯანსაღ პროდუქტებს, მარტივად მოსამზადებელ საკვებს სთავაზობენ. შესაბამისად, პატარას რასაც შესთავაზებთ, ის ამას ეჩვევა. ძალიან ხშირად, ბავშვებს ის პროდუქტი არ აქვთ მირთმეული, რაც მათი ძირითადი რაციონი უნდა იყოს.

ბავშვმა დღის მანძილზე 3-4-ჯერ უნდა იკვებოს. კვება ყველა ტიპის პროდუქტისაგან უნდა შედგებოდეს. ეს არის ცილაც, ცხიმიც, ნახშირწყალიც. სხვათა შორის, გარკვეული დოზით პურ-ბურღულეულიც. იმიტომ, რომ ეს ვიტამინები მათ ზრდა-განვითარებას ძალიან ეხმარება. კარგი იქნება, თუ მსხვილმარცვლოვან პურს შევთავაზებთ. ძალიან კარგად ვიცით, რა არის სასარგებლო და რა - მავნე. მე მინახავს ბავშვები, რომელთა კვება მთლიანად ნაყიდი პროდუქტითაა წარმოდგენილი. ეს დაუშვებელია.

- რამდენად კარგია დილით კარაქიანი, თაფლიანი პურის მირთმევა?

- დასაშვებია. პურიც და კარაქიც კარგი ხარისხის უნდა იყოს. ასევე, მოხარშული კვერცხის გამოყენება, კვერცხიანი პურის გამოყენება, ფაფეულის გამოყენება - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საუზმის დროს დასაშვებია.

- რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვს წვნიანი არ უყვარს?

- წვნიანი, ძირითადად, ხორცის, ბოსტნეულის ნახარშთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ბავშვმა მრავალფეროვანი საკვები მიიღოს და მშობელმა თუნდაც კრემ-სუპის სახით მისთვის საყვარელი პროდუქტები შესთავაზოს.

ასევე, ბავშვებმა დღის მანძილზე 5 სხვადასხვა ფერის ხილი და ბოსტნეული თუ მიირთვეს, ესე იგი მათ საკმარისი მიკროელემენტები მიიღეს.

- რა გავატანოთ ბავშვს სკოლაში?

- მშობელს შეუძლია, შვილს სკოლაში ხილი და ბოსტნეული, თუნდაც სახლში გამომცხვარი, ნაკლებად ტკბილი ორცხობილა გაატანოს. გარდა ამისა, რასაც ბავშვს გავატანთ, ის მალფუჭებადი არ უნდა იყოს. მისი ბოქსი ჯანსაღი პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს.

რაც შეეხება ბუფეტის არჩევანს, რა თქმა უნდა, ბევრი ცომეული მისაღები არ არის. ბავშვების უმრავლესობას, სამწუხაროდ, ზუსტად ეს ცომეულობა უყვარს.

- რას იწვევს არადაბალანსებული კვება?

- არადაბალანსებულმა კვებამ შეიძლება, უამრავი დაავადება გამოიწვიოს. ეს შეიძლება, ზრდა-განვითარების ჩამორჩენა, მენტალური პრობლემები, ქცევის აშლა, ანემია იყოს. ანემია მხოლოდ დაბალი ჰემოგლობინი არ არის. ანემია ნაკლებ ჟანგბადს ნიშნავს. თავის ტვინისთვის კი ნაკლები ჟანგბადი ნაკლებ განვითარებას ნიშნავს. 0-დან 6 წლამდე მთელი ცხოვრების ფუნდამენტს ვაშენებთ. ვაშენებთ მათ ჯანმრთელობას, თავის ტვინის განვითარებას. შესაბამისად, კვება ძალიან მნიშვნელოვანია.

- თუ ბავშვს ხორცი არ უყვარს, რა შეიძლება, გამოვიყენოთ?

- შესაძლებელია, ბარდა, ოსპი, ლობიო შევთავაზოთ. ცილა ბავშვის ორგანიზმისა და თავის ტვინისთვის საშენი მასალაა. დღის მანძილზე მოხმარებული საკვების 35-40% თავის ტვინს სჭირდება. ამიტომ, საკვების არჩევანზე ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ.

- თუ ბავშვი ხილს არ ჭამს, გამოწურული წვენები ალტერნატივად შეიძლება, ჩაითვალოს?

- ხილის გამოწურული წვენების დიდი რაოდენობით მირთმევა რეკომენდებული არ არის. ამიტომ, ხილის ალტერნატივა ხილის წვენი ვერ იქნება. ჩირის ახალი კომპოტი უფრო სასარგებლოა. ჩირი მიკროელემენტებსა და მზის ენერგიას ინახავს. თუმცა, აქაც დაბალანსებაა საჭირო. ჩირის კომპოტი შაქრის გარეშე უნდა მოვამზადოთ და, დაახლოებით, 5-7 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. ჯობს, ახალი მომზადებული გამოვიყენოთ.

ზოგადად, ზამთრისთვის შენახული კომპოტები შაქრის წყაროა. შესაბამისად, შეიძლება გასინჯოს, მაგრამ ყოველდღე არ უნდა მიირთვას.

- რა სიმძიმის ჩანთის ტარებაა ბავშვისთვის რეკომენდებული?

- რამდენი კილოცაა ბავშვი, ჩანთის სიმძიმე მისი 10% უნდა იყოს. მაგალითად, თუ ბავშვი 20 კილოა, მისი ჩანთა 2 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს, რომ ხერხემალი არ დაუზიანდეს. გარდა ამისა, ხშირად პატარები ჩანთას ცალ მხარეს ატარებენ. ბავშვმა ჩანთა ორივე სარტყლით უნდა მოირგოს, რომ სიმძიმე ხერხემალზე თანაბრად განაწილდეს.