თითების უნებლიე მოძრაობა, ფეხის კუნთების სპაზმი, რომელსაც ხშირად ფეხის განასკვა ვეძახით, ქუთუთოების უნებლიე კრთომა - ეს პრობლემები შესაძლოა, ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. თემაზე ვრცლად ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე საუბრობს:
- საქართველოში ჰიპომაგნემია იშვიათობა არ არის. ჩვენი ყოველდღიური საკვები მაგნიუმით არც ისე მდიდარია. გარდა ამისა, ძალიან ბევრ ისეთ მედიკამენტს ვსვამთ, რომლებიც სხეულიდან მაგნიუმის გამოდევნას ხელს უწყობს. ასევე, ზოგიერთი დაავადება მაგნიუმის დაკარგვას ხელს უწყობს, რაც, თავის მხრივ, ფეხის კუნთების სპაზმსა და თითების უნებლიე მოძრაობას იწვევს.
ეს შეიძლება, იყოს ფაღარათი. თუ თქვენს ფაღარათი გაწუხებთ, ამ დროს სხეულიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება. სითხესთან ერთად, ელექტროლიტები, მათ შორის, მაგნიუმი. ამიტომაცაა, რომ ფაღარათების შემდეგ მე-2-მე-3 დღეს კუნთების სპაზმი, თითების, ქუთუთოების უნებლიე მოძრაობა გვაწუხებს.
გარდა ფაღარათისა, ეს ასევე შეიძლება, ალკოჰოლითაც იყოს გამოწვეული. ალკოჰოლი შარდმდენია და სხეულიდან იკარგება როგორც ვიტამინები, ასევე ელექტროლიტები. ამიტომაცაა, რომ კუნთების უნებლიე კრთომა გაწუხებთ.
მედიკამენტები - ზოგიერთი მედიკამენტი მაგნიუმის ათვისებას ხელს უშლის. ესენია პრაზოლები, კუჭის დამცავები. თუ თქვენს ომეპრაზოლს, პანდოპრაზოლს, ლანსოპრაზოლს სვამთ, ისინი სხეულში მაგნიუმის ათვისებას ხელს უშლიან. ამიტომაცაა, რომ ვიდრე კუჭ-ნაწლავის დაავადებებს მკურნალობთ, იმ პერიოდში შეიძლება, ფეხების სპაზმის, თითებისა და ქუთუთოების უნებლიე მოძრაობა გაწუხებდეთ.
გარდა აღნიშნული მედიკამენტებისა, ასევე წნევის დამწევი საშუალებებიც იწვევს მაგნიუმის დეფიციტს. ზოგიერთი მათგანი შარდმდენს შეიცავს და სხეულიდან მაგნიუმის გაძევებას ხელს უწყობენ. ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტის მიღება უნდა შეწყვიტოთ. უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვაგვაროთ და მაგნიუმი სწორად როგორ შევივსოთ.
მაგნიუმის ნაკლებობას შეიძლება, შაქრიანი დიაბეტიც იწვევდეს. ბევრმა არც კი იცის, რომ დიაბეტი აქვს. სისხლში რომ გლუკოზის მაღალი შემცველობაა, თირკმელი შარდიდან ამ გლუკოზის სხეულში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. ამ დროს გლუკოზა შარდში რჩება, სხეულიდან გამოაქვს სითხე და ელექტროლიტები. ამიტომ, როდესაც ადამიანს შაქრიანი დიაბეტი აქვს, შეიძლება, ქუთუთოების, თითების უნებლიე მოძრაობა ან ფეხის კუნთების ,,განასკვა“ აწუხებდეს.
ონკოპაციენტებს მაგნიუმის ნაკლებობა ხშირად აწუხებთ. ქიმიოთერაპიის დროს ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებისას სხეულიდან მაგნიუმი იკარგება. ამიტომაცაა, რომ ქიმიოთერაპიის მსვლელობის დროს, იქვე მაგნიუმსაც ვამატებთ.
მაგნიუმის შევსება დანამატის ან მედიკამენტის სახით შეიძლება. თუმცა, მისი სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, ჯობს, მიიღოთ ისეთი საკვები, რომლებიც მაგნიუმით მდიდარია. ეს შეიძლება, იყოს: თხილი, კაკალი, ქეშიუ. ასევე, პარკოსნები - ლობიო, სოია, ოსპი. მწვანეფოთლოვანი მცენარეები - ისპანახი, მზესუმზირა. თუ კუნთების სპაზმისკენ ან თითების უნებლიე მოძრაობისკენ, ქუთუთოების კრთომისკენ ხართ მიდრეკილნი და ეს მაგნიუმის ნაკლებობითაა გამოწვეული, ყოველდღიურობაში ჩამოთვლილი პროდუქტები მიიღეთ.