ტრადიციული აქცია გრძელდება - გადაიხადე რამდენიც გინდა ფრანც კაფკას „პროცესში“ და დაეხმარე საპროტესტო აქციებში მონაწილე პატიმარს არჩილ მუსელიანცს - მშობლები

ტრადიციული აქცია გრძელდება - გადაიხადე რამდენიც გინდა ფრანც კაფკას „პროცესში“ და დაეხმარე საპროტესტო აქციებში მონაწილე პატიმარს არჩილ მუსელიანცს

2025-09-22 17:40:46+04:00

განათლება თავისუფლებისთვის - გადაიხადე რამდენიც გინდა კაფკას ნაწარმოებში “პროცესი” და მხარი დაუჭირე თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილე პატიმარს არჩილ მუსელიანცს. ნოემბრის აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობისას ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და უნივერსიტეტში ციხიდან ჩააბარა - 29 წლის არჩილი სამართლის ფაკულტეტზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლის. არჩილს არც მშობლები ჰყავს, არც ახლო ნათესავები და მასზე ზრუნვა არჩილის დედობილმა, ცარო ოშაყაშვილმა ითავა. არჩილი 61 წლის ცარო ოშაყაშვილმა ნოემბერში პროევროპულ აქციებზე გაიცნო და მას შემდეგ ზრუნავს და უჭერს მხარს ახალგაზრდას. ცარო აქციებზე არჩილის ფოტოებით დგას, უგზავნის ციხეში წერილებს, წიგნებს, ეხმარება უნივერსიტეტთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაში და ზრუნავს მისი უფლებების დაცვაზე. არჩილის შეუპოვრობა და სურვილი, ამ რთულ ეტაპზე (მას კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის 4 წლით პატიმრობა მიესაჯა) ახალი ნაბიჯი გადადგას და უმაღლესი განათლება მიიღოს, შთაგონების წყაროა ყველასთვის, ვისაც სწამს, რომ განათლება და თავისუფლება განუყოფელია. სწორედ ამიტომ გამომცემლობა “პალიტრა L” სლოგანით “თავისუფლებისთვის” იწყებს თავის ცნობილ აქციას - “გადაიხადე რამდენიც გინდა”. “პალიტრა L-ის” მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აქციის დეტალებზე გვესაუბრება.

რა ვიცით არჩილ მუსელიანცზე და რა ღონისძიება დაიგეგმა “პალიტრა L”-სა და “ბიბლუსში” “კვირის პალიტრაში” არჩილ მუსელიანცის შესახებ დაბეჭდილი სტატიის შემდეგ?

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველამ, ვინც თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე უმწვავეს საზოგადოებრივ პროტესტს, მიაქცია ყურადღება ერთ ამბავს - საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი პატიმარი ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ პატიმრის სახელი მანამდეც ხშირად ისმოდა სხვა დაპატიმრებულებთან ერთად, მაგრამ ამ ამბავმა მისდამი ინტერესი განსაკუთრებით გააძლიერა. აღმოჩნდა, რომ არჩილ მუსელიანცი ის ადამიანია, რომლის ცხოვრების გზა 29 წლის ასაკში უამრავი უჩვეულო და ამაღელვებელი ფაქტით არის სავსე. ჩვილობიდან დაწყებული, მის ცხოვრებაში ყველაფერი ფილმის სცენარივით თუ რომანის სიუჟეტივით განვითარდა. თითქმის თვეებისა დარჩა უდედმამოდ, გაზარდა ბებიამ, რომელიც სინამდვილეში მისი უბნელი იყო მხოლოდ და არა სისხლით ნათესავი. ბებიაც ბავშვთა სახლში ყოფილა გაზრდილი. მან გაუწია დედობა უთვისტომო ბავშვს და აღზარდა წესიერი, კეთილსინდისიერი მოქალაქე.

არცთუ დალხენილი ცხოვრების გამო გონიერ ბიჭს სწავლის გაგრძელება ვერ მოუხერხებია, ბევრს შრომობდა და ინახავდა მოხუც ბებიას, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სრულიად მარტო დარჩენილი ახალგაზრდა კაცი მთელი არსებით შეუერთდა ქვეყანაში ევროპული კურსიდან ოფიციალურად გადახვევის გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებს და საბოლოოდ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

გულის ამაჩუყებელი აღმოჩნდა გაგრძელებაც. არჩილის ბედმა, ბევრ სხვა ადამიანთან ერთად, ააღელვა საპროტესტო მოძრაობის მონაწილე ცარო ოშაყაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა შეძლებისდაგვარად შეევსო ახალგაზრდა პატიმრისთვის ეს მტკივნეული დანაკლისი და გამხდარიყო მისი დედობილი. ეს ნიშნავს, რომ ქალბატონმა ცარომ იტვირთა პატიმარზე ზრუნვა, მასთან მუდმივი კონტაქტი, მიმოწერა, მოკითხვა. ის მუდამ არჩილის პორტრეტით დგას აქციებზე და ამ გზით, ერთი მხრივ, საზოგადოებას შეახსენებს ახალგაზრდა კაცის ბედს, მეორე მხრივ კი, ამხნევებს. სწორედ მისი მხარდაჭერით შეძლო არჩილმა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება და წარმატებით ჩაბარებაც.

დამეთანხმებით, ამ ამბავში საკმარისზე მეტი მიზეზია იმისათვის, რომ გამომცემლობას თავისი უკვე ტრადიციული აქცია “გადაიხადე რამდენიც გინდა” ამ უცნაური ბედის ახალგაზრდა კაცისთვის მიეძღვნა, მით უმეტეს, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას. ეს ხომ მხოლოდ გულის ამაჩუყებელი ამბავი არ არის. მასში ჩანს ადამიანის დიდი შინაგანი ძალა, მიზანდასახულობა და ღირსება. ეს შეიძლება ერთგვარ მაგალითადაც განვიხილოთ იმისა, როგორ ტრანსფორმირდება ბრაზი და უსამართლობის შეგრძნება მიზნად _ კიდევ უფრო გაძლიერდე და მოემზადო მომავლისთვის, რომ უკვე პროფესიონალურად იბრძოლო ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის.

რას ითვალისწინებს აქცია “გადაიხადე რამდენიც გინდა”, რომლის სლოგანიცაა “განათლება თავისუფლებისთვის”.

ეს სლოგანი სწორედ ამ კონკრეტულმა ამბავმა გვიკარნახა - ახალი სასწავლო წელი დაიწყო და სტუდენტთა რიგს შეუერთდა ადამიანი, რომელმაც ციხის საკანში მიიღო გადაწყვეტილება და წარმატებით ჩააბარა გამოცდები. დამერწმუნეთ, არჩილის ამბავი ლიტერატურულ ტექსტში რომ წაგვეკითხა, შესაძლოა ავტორისგან გადაჭარბებადაც კი მიგვეღო ერთი ადამიანის ცხოვრებაში ამდენი მოულოდნელობა. არადა, ეს რეალური ამბავია, ჩვენ თვალწინ ხდება და ძალზე შთამბეჭდავია. ამიტომ მოგვინდა ჩვენც გვეჩვენებინა მისთვის ჩვენი მხარდაჭერა და მისი მაგალითით დაგვენახვებინა ახალგაზრდებისთვის, რომ, როცა არსებობს მიზანი, ძლიერი ნებისყოფისა და პრინციპულობის წყალობით, ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შესაძლებელია.

ამ აქციისთვის ფრანც კაფკას “პროცესის” სპეციალური ტირაჟი დავბეჭდეთ. თითოეული მოქალაქე, რომელიც „ბიბლუსის“ ქსელში ამ გამოცემას შეიძენს, სოლიდარობას დაუდასტურებს არჩილ მუსელიანცს და დაეხმარება პატიმრობის დროს წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემის გამკლავებაში.

რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აქცია?

აქცია გაგრძელდება სპეციალური ტირაჟის ამოწურვამდე.

იდეა “გადაიხადე რამდენიც გინდა” სწორედ იმას გულისხმობს, რომ ფასის გამო არ შეიზღუდონ ადამიანები და თითოეულმა ის თანხა გადაიხადოს, რის შესაძლებლობაც აქვს ან მიაჩნია, რომ ეს არის ამ წიგნის ფასი. არჩილ მუსელიანცის ანგარიშზე ჩაირიცხება ათ (10) ლარამდე გადახდილი თანხის 10 პროცენტი, 10 ლარიდან ზევით კი - სრულად.

“ბიბლუსის” რამდენი მაღაზია იქნება მასში ჩართული?

წიგნის შეძენა, ანუ აქციაში ჩართვა, შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით “ბიბლუსის” ყველა მაღაზიაში.

R