იურიდიულ საკითხებზე მკითხველთა შეკითხვებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს.
- თუ ბინა არა მაქვს ჩადებული და სესხს ვერ ვიხდი, ბანკს აქვს უფლება ბინა გამიყიდოს?
- თუ ბინა არ არის ჩადებული (იპოთეკით უზრუნველყოფილი) კონკრეტული სესხის უზრუნველსაყოფად, მაშინ ბანკს თქვენი ბინის გაყიდვის პირდაპირი უფლება არა აქვს. თუმცა შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თანხის დაკისრების მოთხოვნით შეიტანოს სარჩელი და ასევე მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სასამართლო განჩინებით აგეკრძალოთ ბინის გასხვისება/უფლებრივად დატვირთვა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია თქვენს სახელზე არსებულ ნებისმიერ ქონებაზე დაიწყოს იძულებითი აღსრულება (მათ შორის ბინა, მანქანა ან სხვა ქონება). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბინა თავდაპირველად იპოთეკით არ იყო დატვირთული, მაინც შეიძლება გახდეს აღსრულების საგანი.
- მყავს ერთი შვილი. 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს გავშორდი. ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით, არის თანაცხოვრების დროს შეძენილი და ქმრის სახელზეა. ჩვენი ქორწინება არ არის სამოქალაქო წესით რეგისტრირებული, რადგან საჯარო რეესტრში არ დაგვიფიქსირებია ქორწინება. მაქვს მხოლოდ ეკლესიის მიერ გაცემული ჯვრისწერის მოწმობა. ქონების გაყოფაზე სასამართლოში რომ შევიტანო საჩივარი, ეს დოკუმენტი გამომადგება თუ არა?
ჩემს მამამთილს ჰქონდა ბაბუის ქონება, რომელიც წლებია გაუფორმებელია. მას ჰყავს და-ძმა და ისინიც გარდაცვლილები არიან. ის სახლი წლებია დაკეტილია და არავინ იყენებს, არც არავის უცდია მისი გადაფორმება. რომ მივმართოთ ნოტარიუსს, დაგვჭირდება თუ არა სხვა შთამომავლების თანხმობა? ხომ არ გახდება ეს სადავო და რა პროცედურების გავლაა საჭირო?
- თუ ბაბუის ქონება დაუფიქსირებელია და თქვენი მამამთილი იყო მემკვიდრე, მაგრამ არ გაიფორმა, დღეს უკვე მემკვიდრეობის უფლება ეკუთვნის მის შვილებსა და გარდაცვლილი და-ძმის შთამომავლებსაც. პირველ რიგში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს, ვინაიდან სამკვიდრო ქონების გახსნისათვის კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა გასულია, ნოტარიუსი გეტყვით უარს, თუმცა უარი საჭიროა სასამართლოსთვის მისამართად და სამკვიდროს ფაქტობრივი გზით დაუფლების თაობაზე იურიდიული ფაქტის დასადგენად.