მსახიობი ნათელა მუხულიშვილი გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. ის გულწრფელად ჰყვება მარტოობაზე, განვლილ წლებსა და იმაზეც, რომ ცხოვრების ერთ ეტაპზე ცოლიანი მამაკაცი მოსწონდა:
- ასკეტი ადამიანი ვარ, კონსერვატორი, შინაბერა... კაცები ჩემთვის მომწონდა, თორემ კონტაქტი კი არ მქონია. ისე, ჩემთვის მომწონდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ცუდი არ ვიყავი, ნამდვილად... ის კაცი ისე მექცეოდა, ვიმალებოდი ხოლმე. ჩემთვის ძალიან, ძალიან მომწონდა. სიყვარულში არასდროს გამოვტყდომივარ. მხატვარი იყო. ისე მექცეოდა, ჩრდილივით დამყვებოდა ხოლმე. მასაც ვუყვარდი თუ არა, არ ვიცი. მე მასთან არანაირი შეხება არ მქონია. ცოლს გაშორებული იყო. მერე საზღვარგარეთ წავიდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი. მელოტ მამაკაცს ვხედავდი. ის ქალბატონ მედეა კუჭუხიძეს ელაპარაკებოდა. გაპრანჭვა ძალიან მიყვარს. რა ვქნა, ასეთი ვარ. მომესალმა და ვერ ვიცანი. ისეთი შეცვლილი იყო, იმ კაცისგან აღარაფერი აღარ იყო დარჩენილი...
ვნანობ, რომ არ გავთხოვდი. ყოველი ადამიანი იმისთვის ჩნდება, რომ რაღაცით თავისი თავი უკვდავყოს. ან გენეტიკა დატოვოს საინტერესო, შვილები, ანდა ისეთი დიდი ხელოვანი უნდა იყოს, როგორიც, მაგალითად, ილია, ფიროსმანი იყვნენ. მაგრამ, როცა ჩემნაირი, ჩვეულებრივი ქალი ხარ, რა უფლება მქონდა, რომ არ დამეტოვებინა...
მარტოობა სიმწარეა. მაგრამ, მე ისეთი ძმისშვილები მყავს, ნეტავ ასეთი შვილები, ლამაზები, ნიჭიერები, ვაჟკაცები ყველას მისცეს. ყველაფერი გავაკეთე, რომ ისინი ვაჟკაცები ყოფილიყვნენ. ზურიკო მეტყვის ხოლმე, "დედა-მამიდა" ხარო. მაგრამ, რაღაც რომ იყოს, მე ხომ ვერ ვეტყვი: "მომეხმარეთ..." შეიძლება, შვილისთვისაც ვერ მეთქვა, მაგრამ არ ვიცი...