როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და რატომ არ შეიძლება მედიკამენტების თვითნებურად მიღება - მაია ჩხაიძე - მშობლები

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და რატომ არ შეიძლება მედიკამენტების თვითნებურად მიღება - მაია ჩხაიძე

2025-09-23 11:20:23+04:00

ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მაია ჩხაიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს:

- მრავალფეროვანი სიმპტომებია, მაგრამ ეს ნიშნები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს. ამიტომ, შესაძლოა, მხოლოდ სიმპტომებით მშობელი და ზოგჯერ ექიმიც კი ვერ მიხვდეს, რომ ბავშვს ჭიები აქვს.

თუმცა, ძირითადი სიმპტომი მუცლის ხშირი ტკივილია. განსაკუთრებით, ჭიპის მიდამოში. ასევე, ღამით ანალური ხვრელის, სწორი ნაწლავის გამოსავალ წერტილში ქავილი. ეს გოგონებში უფრო საშიშია, რადგან ღამით ენტერობიოზის ჭიები გამოდიან და შესაძლოა, საშოში კვერცხები დადონ. ეს კი ქავილს, ვაგინიტსა და სხვა პროცესებს იწვევს.

ბრუქსიზმი, რასაც კბილების კრაჭუნს ვეძახით და ჰიპერსალივაცია, ანუ ჭარბი ნერწყვდენა, ეს კლასიკურად ჭიებისთვის დამახასიათებელი არ არის. შეიძლება, სხვა დაავადებების დროსაც გამოვლინდეს. მაგალითად, შესაძლოა, ბავშვს ბრუქსიზმი და ნერწყვდენა ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ჭიები.

ხშირი მუცლის ტკივილი, ზოგჯერ უმადობა, ზოგადი სისუსტე შეიძლება, ორგანიზმში ჭიების არსებობას ახასიათებდეს. ტკბილის მიმართ მოთხოვნილება ჭიებთან არანაირ კავშირში არ არის.

სპეციალისტი ასევე საუბრობს, რატომ არ შეიძლება ჭიების საწინააღმდეგო მედიკამენტების თვითნებურად მიღება:

- 2 თვის წინ ჩვენთანაც იწვა კლინიკაში ერთი ბავშვი, რომელსაც ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი ჰქონდა მიღებული. მას ღვიძლის უკმარისობა დაეწყო, რეანიმაციაში იწვა და ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ კლინიკიდან გაგვეწერა. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით 7-8 შემთხვევა იყო, უცხოეთში კი ძალიან ბევრი სტატიაა იმაზე, რომ პროფილაქტიკის მიზნით ამ პრეპარატის ან არასწორი სქემით მიცემა, დიდი პრობლემაა. იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვა სახეობას სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება.

იხილეთ გადაცემა ვრცლად: