ცნობილი მსახიობი კლაუდია კარდინალე გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოფიციალური ცნობა მისმა აგენტმა, ლორან სადრიმ, გაავრცელა. მისი განცხადებით, მსახიობი გარდაიცვალა ნემურში, საფრანგეთში, ოჯახის წევრების გარემოცვაში.
კლაუდია ძირითადად იტალიურ და ფრანგულ კინოში მოღვაწეობდა და ევროპული კინოს მიღმა არასოდეს უმუშავია.
კლაუდია კარდინალე 1938 წლის 15 აპრილს აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ ტუნისში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამა წარმოშობით სიცილიელი იყო, დედა კი – ლიბიელი იტალიელი. ოჯახში ფრანგულად და სიცილიური დიალექტით საუბრობდნენ, ბავშვობაში კი კლაუდიას იტალიური საერთოდ არ ესმოდა.
ტუნისის კათოლიკურ სკოლებში მიღებული განათლება მას თავდაპირველად სულ სხვა გზისკენ უბიძგებდა– მასწავლებლობა უნდოდა, თუმცა მოულოდნელად სილამაზის კონკურსმა შეცვალა მისი ბედი. 1957 წელს, ტუნისში გაიმართა კონკურსი „ყველაზე ლამაზი იტალიელი გოგონა ტუნისში“, სწორედ ის გახდა გამარჯვებული. ჯილდოდ ვენეციის კინოფესტივალზე გამგზავრება მიიღო და სწორედ იქ შენიშნეს პროდიუსერებმა, რამაც კარდინალეს კარიერის დასაწყისი განაპირობა.
პირველ ფილმებში მონაწილეობა მისთვის ადვილი არ ყოფილა. რადგან იტალიურად ვერ ლაპარაკობდა, მის ხმას სხვა მსახიობები ახმოვანებდნენ. მოგვიანებით თავად იხსენებდა, რომ ფედერიკო ფელინი იყო პირველი, ვინც მისი ნამდვილი ხმა გამოიყენა. უკვე 1960-იან წლებში მან ითამაშა ისეთ ფილმებში, რომლებიც მსოფლიო კინოს კლასიკად იქცნენ – ლუჩინო ვისკონტის „ვარდისფერი პანტერა“ და ფელინის „8 ½“. სწორედ ეს როლები იყო მისი საერთაშორისო წარმატების საწყისი და აქედან მოყოლებული კარდინალე ევროპული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ იქცა.
მისი კარიერის კიდევ ერთი მწვერვალი სერჯიო ლეონეს „ერთხელ დასავლეთში“ იყო, სადაც ჯილ მაკბეინის როლი შეასრულა. ეს ფილმი დღემდე ითვლება მის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ნამუშევრად. კარდინალე ხშირად ამბობდა, რომ კინო მისთვის განსაკუთრებული სივრცე იყო, სადაც შეეძლო, უამრავი სიცოცხლით ეცხოვრა: „მე ვიცხოვრე 150-ზე მეტი ცხოვრებით – ვიყავი მეძავი, წმინდანი, რომანტიკოსი და კიდევ უამრავი ქალი. ეს საოცარი შესაძლებლობაა – შეიცვალო და სხვა გახდე.“
მიუხედავად ჰოლივუდის შემოთავაზებებისა, მსახიობმა არ მოისურვა იქ დამკვიდრება. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ არ მოსწონდა „ვარსკვლავური სისტემა“ და თავს ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევდა. ამბობდა: „მე არ მინდოდა კონტრაქტის გაფორმება. მიყვარს ევროპაში ცხოვრება, სადაც თავს ბუნებრივად ვგრძნობ.“
კარდინალეს ცხოვრება ყოველთვის მარტივი არ ყოფილა. ჯერ კიდევ მოზარდი, როდესაც სილამაზის კონკურსის შემდეგ რომში მოხვდა და კინოში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ზრდასრულმა მამაკაცმა გააუპატიურა. მისი ვინაობა კლაუდიას არასოდეს გაუმჟღავნებია, მაგრამ ზოგიერთი გამოცემა წერდა, რომ ის კინოპროდიუსერი იყო. ძალადობის შედეგად გოგონა დაორსულდა. ორსულობა იმხანად უმკაცრესად დამალეს. პროდიუსერმა ფრანკო კრისტალდიმ (რომელიც მის კარიერასაც მართავდა) კარდინალეს ლონდონში ფარულად გააჩენინა ვაჟი 1958 წელს, რათა სკანდალი აერიდებინათ. ბავშვს ოჯახში „და-ძმის“ სტატუსით ზრდიდნენ, ხოლო კინოსტუდია მის არსებობას საზოგადოებისა და პრესისგან მალავდა. მოგვიანებით, უკვე წარმატების წლებში, კარდინალემ ამაზე საჯაროდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ იმ ბავშვის დაბადების შემდეგ — „ძალადობის შემდეგ“ — გადაწყვიტა ფინანსური დამოუკიდებლობისთვის მუშაობის დაწყება, რისი შანსიც კინომ მისცა
„ჩემი შვილი რომ არ დაბადებულიყო, შეიძლება საერთოდ არ შემომეღო კარი კინოში. ყველაფერი მან განაპირობა... ჩემიპატარა ვაჟის დაბადებამ მაიძულა, კინოში მემუშავა და დამოუკიდებელი ვყოფილიყავი… ეს მისთვის გავაკეთე, პატრიკისთვის“ – ამბობდა მსახიობი.
პირადი ცხოვრება
ფრანკო კრისტალდი იტალიელი კინოპროდიუსერი გახლდათ და 14 წლით უფროსი იყო კლაუდიაზე. მან საკმაოდ ბევრი ცნობილი ფილმი შექმნა იტალიურ კინოში. კლაუდია კარდინალეს პირველად მაშინ შეხვდა, როდესაც ის უკვე იტალიაში გადმოვიდა საცხოვრებლად — სილამაზის კონკურსისა და ვენეციის კინოფესტივალზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ. ეს დაახლოებით 1958–1959 წლებში მოხდა, როცა კლაუდია პატარა როლებით ჩნდებოდა კინოში.
კრისტალდი მაშინ უკვე ავტორიტეტული ფიგურა იყო იტალიურ კინოში. ჰქონდა საკუთარი სტუდია („Vides Cinematografica“) და ახალი სახეების აღმოჩენას ცდილობდა. სწორედ ამ დროს მოექცა კლაუდია მისი მფარველობის ქვეშ. მან ხელი მოაწერინა კონტრაქტზე, სადაც არა მხოლოდ პროფესიული ვალდებულებები იყო გაწერილი, არამედ ძალიან მკაცრი პირადი წესებიც. ბევრმა ბიოგრაფმა დაწერა, რომ ეს კონტრაქტი უფრო სადამსჯელო და პატიმრობის მსგავსი იყო — კრისტალდი აკონტროლებდა მისი კარიერის ყველა ნაბიჯს: რომელ ფილმში უნდა ეთამაშა, როგორი იმიჯი ჰქონოდა, როგორ გამოჩენილიყო საჯაროდ.
მაგალითად, კონტრაქტში ეწერა, რომ მსახიობი ვალდებული იყო გარკვეული წლების განმავლობაში მხოლოდ კრისტალდის სტუდიაში („Vides Cinematografica“) ემუშავა და სხვა პროდიუსერებთან მოლაპარაკებას ვერ გამართავდა. მას მკაცრად უკონტროლებდნენ იმიჯსაც — როგორ უნდა ჩაეცვა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი საჯარო ქცევა. თავად კარდინალე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა: „ჩემი ცხოვრება მაშინ კონტრაქტის პუნქტებად იყო ქცეული. ყველაფერს წყვეტდა ფრანკო — სად ვმუშაობდი, ვისთან ვსაუბრობდი, როგორი ვჩანდი. თავისუფლება არ მქონდა.“
კონტრაქტი ასევე უკავშირდებოდა მის ყველაზე პირად თემასაც. სწორედ კრისტალდის გადაწყვეტილებით დამალეს მისი შვილის დაბადება და ბავშვი იურიდიულად თავად პროდიუსერმა იშვილა. ამით კარდინალე თითქოს თავისუფლდებოდა „სკანდალისგან“, მაგრამ იმავდროულად სრულად დამოკიდებული ხდებოდა კრისტალდის ნებაზე.
ეს კონტროლი წლების განმავლობაში გაგრძელდა. კარდინალე ამბობდა, რომ მხოლოდ მოგვიანებით შეძლო ამ ჩარჩოებიდან გამოსვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება: „მაშინ ეს მჭირდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თავისუფლება წართმეული მქონდა. ყველაფერი, რაც კარიერის დასაწყისში გავაკეთე, ფრანკოს ხელში იყო.“ დიდწილად სწორედ ფრანკოს "დამსახურება" იყო ის, რომ კარდინალემ ჰოლივუდის შემოთავაზებები არ მიიღო და ვერც იმ როლებს ირჩევდა, რომლებიც ეკონომიკურად მისთვის მომგებიანი იყო.
ფაქტობრივად, კრისტალდი იყო არა მხოლოდ პროდიუსერი, არამედ მისი „მეურვე“, რომელიც საზოგადოებრივი იმიჯიდან დაწყებული ფინანსებამდე ყველაფერს აკონტროლებდა.
კარდინალემ მოგვიანებით გაიხსენა, რომ ეს კონტროლი მძიმე ტვირთად ექცა. მიუხედავად იმისა, რომ კრისტალდის წყალობით კარიერაში დიდი წარმატება მოიპოვა, შინაგანად თავისუფლებას მოკლებული გრძნობდა. ისინი მოგვიანებით დაქორწინდნენ 1966 წელს კიდეც, ამას კლაუდიაზე კონტროლი და წნეხი არ შეუმცირებია, პირიქით, წლების განმავლობაში გრძელდებოდა. დაქორწინებიდან მალევე კლაუდიამ პრესაში აღიარა ვაჟიშვილის ამბავი. 1975 წელს წყვილი განქორწინდა. კრისტალდი 1992 წელს გარდაიცვალა.
განქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში კლაუდიამ ახალი ურთიერთობა დაიწყო რეჟისორ პასკუალე სკიტეკისთან. ეს უკვე სხვა ურთიერთობა იყო — უფრო მეგობრულსა და პარტნიორულზე დაფუძნებული. მათ ერთად ათწლეულები გაატარეს, თუმცა ოფიციალურად არასოდეს დაქორწინებულან. კარდინალე სკიტეკის სიცოცხლის ბოლომდე (2017 წლამდე) მის გვერდით იყო და არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ სწორედ მასთან იგრძნო სიმშვიდე და თავისუფლება.
რაც შეეხება შვილებს: კარდინალეს ორი შვილი ჰყავდა — უფროსი ვაჟი პატრიკი (დაბადებული 1958 წელს) და ქალიშვილი კლაუდია, რომელიც 1979 წელს შეეძინა პასკუალე სკიტეკისგან.
მთელი ცხოვრების განმავლობაში კარდინალე ერთგული დარჩა კინოსა და ხელოვნების. 1993 წელს ვენეციის კინოფესტივალმა მას სიცოცხლეში გაწეული ღვაწლისთვის „ოქროს ლომი“ გადასცა. გარდა ამისა, ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, სხვადასხვა ჰუმანიტარულ და კულტურულ პროექტებს უჭერდა მხარს.
კლაუდია კარდინალე 2025 წლის 23 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შესახებ იტყვიან, რომ იყო არა მხოლოდ ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდა, არამედ ქალი, რომელმაც შეძლო თავისი თავისადმი ერთგულება, თავისუფლების დაცვა და იმ სილამაზის შენარჩუნება, რომელიც სცენასა და კადრს მიღმაც არ ქრებოდა.