გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მასშტაბური აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ დაიწყო. ამჯერად განსაკუთრებული პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ფრანც კაფკას „პროცესი“, რომელიც ამ აქციისთვის სპეციალური ტირაჟით დაიბეჭდა. თითოეული მოქალაქე, რომელიც „ბიბლუსის“ ქსელში ამ გამოცემას შეიძენს, სოლიდარობას დაუდასტურებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს და მას პატიმრობის დროს წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემის გამკლავებაში დაეხმარება
29 წლის არჩილ მუსელიანცი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ნოემბრის აქციების დროს დააკავეს. მას 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. არჩილის ისტორიამ საზოგადოება განსაკუთრებით ააღელვა, როცა გაირკვა, რომ თვეების იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. გაზარდა მეზობელმა ქალბატონმა, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და არჩილს აღარავინ დარჩა. არჩილმა პატიმრობისას მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა.
სწორედ ამიტომ, „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს მას ტრადიციული საქველმოქმედო აქციით. სლოგანით „განათლება თავისუფლებისთვის“ ყველასთვის კარგად ნაცნობი კამპანია "გადაიხადე რამდენიც გინდა" დღეს დაიწყო.
„ეს სლოგანი სწორედ ამ კონკრეტულმა ამბავმა გვიკარნახა - ახალი სასწავლო წელი დაიწყო და სტუდენტთა რიგს შეუერთდა ადამიანი, რომელმაც ციხის საკანში მიიღო გადაწყვეტილება და წარმატებით ჩააბარა გამოცდები. დამერწმუნეთ, არჩილის ამბავი ლიტერატურულ ტექსტში რომ წაგვეკითხა, შესაძლოა ავტორისგან გადაჭარბებადაც კი მიგვეღო ერთი ადამიანის ცხოვრებაში ამდენი მოულოდნელობა. არადა, ეს რეალური ამბავია, ჩვენ თვალწინ ხდება და ძალზე შთამბეჭდავია. ამიტომ მოგვინდა ჩვენც გვეჩვენებინა მისთვის ჩვენი მხარდაჭერა და მისი მაგალითით დაგვენახვებინა ახალგაზრდებისთვის, რომ, როცა არსებობს მიზანი, ძლიერი ნებისყოფისა და პრინციპულობის წყალობით, ყველა წინააღმდეგობის დაძლევა შესაძლებელია,“ - აღნიშნავს “პალიტრა L-ის” მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.
აქცია სპეციალური ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება. არჩილ მუსელიანცის ანგარიშზე ჩაირიცხება ათ (10) ლარამდე გადახდილი თანხის 10 პროცენტი, 10 ლარიდან ზევით კი - სრულად. წიგნის შეძენა, ანუ აქციაში ჩართვა, შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით “ბიბლუსის” ყველა მაღაზიაში.
R