ინდოელ ვარსკვლავს აიშვარია რაის ხშირად უწოდებენ „ყველაზე ლამაზ მის მსოფლიოს", რადგან ბევრს მიაჩნია, რომ აიშვარია ერთ-ერთია მათგან, ვისაც ეს ტიტული ნამდვილად ეკუთვნოდა და ვინც წლები ინარჩუნებდა მსოფლიოს ულამაზეს ქალთა სიაში ადგილს. მან არა მხოლოდ ამ ტიტულით გაითქვა სახელი, კინოშიც წარმატებული აღმოჩნდა და დღესაც პრესტიჟული ფესტივალების წითელ ხალიჩებზე ვხედავთ.
აიშვარია რაი ბაჩანი 1973 წლის 1 ნოემბერს დაიბადა საპორტო ქალაქ მანგალორში, სავაჭრო ფლოტის ოფიცრისა კრიშნარაჯა რაის და მწერალ ვრინდა რაის ოჯახში. შეძლებული ოჯახის და მშვენიერი გარეგნობის წყალობით მან მოახერხა ჯერ მშობლიურ ინდოეთში სახელის მოხვეჭა, შემდეგ კი - მის ფარგლებს გარეთ.
ჯერ კიდევ ბავშვობაში მიაქციეს ყურადღება ფოტოგრაფებმა და ადრეული ასაკიდან რეკლამებში მონაწილეობდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კი ჯერ "მის ინდოეთი" მოიგო, 1994 წელს კი "მის მსოფლიო" გახდა.
1995 წლის გაზაფხულზე, ის გამოჩნდა Pepsi-ს სარეკლამო კამპანიაში, ხოლო 1996 წლის მარტში პოზირებდა ჟურნალ Vogue-სთვის.
1997 წელს მოდელის კარიერა დაასრულა და კინოკარიერა დაიწყო.
იმის წყალობით, რომ ენები იცოდა, არა მხოლოდ ბოლივუდის ვარსკვლავი გახდა, არამედ ჰოლივუდშიც იწვევდნენ და არაერთ ინგლისურენოვან ფილმში ითამაშა, ცნობილ მსახიობებთან ერთად.
სხვათა შორის, ბრედ პიტთან ერთად ფილმ „ტროაში“ მიიწვიეს, მაგრამ უარი თქვა როლზე.
აიშვარია რაი ასევე პირველი ინდოელი ქალია, რომლის ცვილის ფიგურაც მადამ ტიუსოს მუზეუმში გამოიფინა. აიშვარია რაი გახდა პირველი ინდოელი, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურიში (2003 წელს) მიიწვიეს.
აიშვარია რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა სალმან ხანს, რომელიც მაშინ ძალიან პოპულარული მსახიობი იყო. ყველა ელოდა მათ დაქორწინებას, თუმცა არავინ იცოდა, რის მოთმენა უწევდა მსახიობს.
სალმანი ძალიან ეჭვიანი და სასტიკი ადამიანი იყო. ის ქალს ხშირად სცემდა. აიშვარიამ დიდხანს ვერ აიტანა ეს ურთიერთობა და გამოუცხადა, რომ მიდიოდა მისგან. როგორც ყვებიან, მსახიობმა მის სახლში ნამდვილი ნგრევა მოაწყო, პოლიციაც კი გამოიძახეს. ცოტა მოგვიანებით, როცა აიშვარიას სხვა თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, სალმანი ორივეს ემუქრებოდა. აიშვარიამ ბოლოს გაბედა და გაასაჯაროვა სალმანის მუქარის მესიჯები და ზარები, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. სალმანის კარიერაც საფრთხის ქვეშ დადგა და ის იძულებული გახდა, საჯაროდ მოეხადა ბოდიში ქალისთვის.
გარკვეული დროის შემდეგ მან მსახიობ ვივეკ ობეროისთან დაიწყო ურთიერთობა. 2007 წლის 14 იანვარს კი მსახიობ აბჰიშეკ ბაჩანზე დაინიშნა, ცნობილი მსახიობის ამიტაბჰ ბაჩანის ვაჟზე და იმავე წლის 20 აპრილს იქორწინა. ქორწილი ინდური ტრადიციების დაცვით ჩატარდა და აიშვარიას კაბა ყველაზე პოპულარულ კაბად იქცა წლების განმავლობაში ინდოელ პატარძლებთან.
2011 წლის 16 ნოემბერს მუმბაის კლინიკაში ქალიშვილი გააჩინა. გოგონას აარადჰია ბაჩანი დაარქვეს.
ყოფილი "მის მსოფლიო“ ხშირად ჩნდება მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გოგონასთან ერთად. სანამ გოგონა პატარა იყო, ბევრი აკომენტარებდა სოციალურ ქსელში, რომ ის სრულიად არ ჰგავდა ასეთ კაშკაშა და ლამაზ დედას.
თუმცა წლებთან ერთად გოგონა დაიხვეწა და ახლა ხშირად წერენ, რომ სასიამოვნო გარეგნობის თინეიჯერი გახდა, თუმცა დედის ცნობილი ცისფერი თვალები და მისი ეშხი არ აქვს.
ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ აიშვარიამ 20 კილოგრამზე მეტი მოიმატა და რატომღაც, ბევრის მოლოდინის მიუხედავად, ჩვეულ ფორმაში აღარ ჩადგა, არც ვარჯიშით და დიეტებით იკლავდა თავს.
ამის გამო ინდოეთში მსახიობს ბევრი აკრიტიკებდა. სამშობლოში როლებს აღარ სთავაზობდნენ, ტაბლოიდები კი "ინდოეთის სირცხვილს" უწოდებდნენ. როცა 2012 წელს კანის კინოფესტივალზე მიიწვიეს, თანამემამულეები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა, რათა ქვეყანა არ შეერცხვინა...
აიშვარიამ მაინც დაიბრუნა საბოლოოდ ფორმა, ოღონდ არა საზოგადოების ზეწოლით, არამედ თავისი სურვილით და გოგონებს მოუწოდა, არასდროს არავის მისცენ უფლება, უკარნახონ, როგორ გამოიყურებოდნენ.
ახლა 51 წლისაა, კვლავ ჩნდება ეკრანებზე და ძალიან პოპულარულია.