"ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომელსაც აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა მიაქციოთ" - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე - მშობლები

"ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომელსაც აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა მიაქციოთ" - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე

2025-09-24 14:37:24+04:00

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებმა მომზადება უკვე აქტიურად დაიწყეს. რეგისტრაცია, როგორც წესი, მარტის თვიდან იწყება. გამოცდებს კი აბიტურიენტები ყოველწლიურად ივლისის დასაწყისიდან აბარებენ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი, ამბობს, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ზუსტად იმ მოდელით ჩატარდება, რა ფორმატითაც აქამდე ტარდებოდა.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამ პროგრამებისათვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ცხრილი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ ცხრილში ნახავთ, კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ პროგრამებზე რომელი საგნებით შეგიძლიათ, ჩაბარება.

ვიდრე აბიტურიენტები მომზადებას დაიწყებენ, პირველ რიგში, სწორედ საგანთა ჩამონათვალს უნდა გაეცნონ.

მაგალითად, თუ თქვენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ფილოლოგიაზე გინდათ ჩაბარება და თქვენ მესამე საგნად ბიოლოგიას ან გეოგრაფიას აბარებთ, მაშინ ამ პროგრამაზე ვერ მოხვდებით. რადგანაც, აღნიშნულ პროგრამაზე ძირითადი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა) გარდა, ისტორია/ლიტერატურა ბარდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროგრამების აკრედიტაციაა, რაც ასევე წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ. ჯერჯერობით, 2026 წლის ცნობარი გამოქვეყნებული არ არის, თუმცა შეგიძლიათ, 2025 წლის ცნობარს კარგად გადახედოთ და ვადები მოინიშნოთ.

გაითვალისწინეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) არაერთხელ იცვლება, ხოლო საბოლოო სახით ცნობარსა და თქვენს სარეგისტრაციო გვერდზე აგვისტოს შუა რიცხვებამდე აისახება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც თუ არააკრედიტებულ პროგრამაზე ჩაირიცხებით, სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებთ და ვერც სასწავლო გრანტს მოიპოვებთ. იქამდე, ვიდრე 2026 წლის აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდება, შეგიძლიათ, 2025 წლის ცნობარში გადაამოწმოთ, რომელ წლამდე აქვს თქვენთვის სასურველ პროგრამას აკრედიტაცია მინიჭებული.

მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ფილოლოგიას 15-02-2030-მდე აქვს აკრედიტაცია, რის შემდეგაც პროგრამას აკრედიტაციის გავლა თავიდან მოუწევს. 2025 წლის ცნობარის მიხედვით, ამავე უნივერსიტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაციის ვადა 01-09-2025-მდე აქვს. ამიტომ, განახლებულ ცნობარში, ჯობს, ეს ინფორმაცია კარგად დაათვალიეროთ.

სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის აბიტურიენტისათვის სავალდებულოა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა (შემოქმედებითი ტური), ასევე იმ ძირითადი საგნების ჩაბარება, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებითაა გათვალისწინებული.

როგორც წესი, აბიტურიენტებს 3 საგნის ჩაბარების შედეგად აქვთ უფლება, სხვადასხვა პროგრამაზე ჩააბარონ. გამონაკლისი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებია. შესაძლოა, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკრეტული უნივერსიტეტი 4 საგნის სავალდებულოდ ჩაბარებას ითხოვდეს.

როგორ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი ამბობს, 2025 წელს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება კვლავ სამართალი იყო. ასევე, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ასე შემდეგ.

უფრო ვრცლად, 2025 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროგრამების შესახებ შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

ნებისმიერი სიახლე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge -ზე გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი