"თუ გიყვარს შვილი, მისი არჩევანიც უნდა გიყვარდეს. რძალი ოჯახის ახალი წევრია. მისთვის ყველაფერი უცხო და ძალიან რთულია. მათ ურთიერთობაში საერთოდ არ ვერევი" - მადონა კოიძე საუბრობს, როგორი დედამთილია - მშობლები

"თუ გიყვარს შვილი, მისი არჩევანიც უნდა გიყვარდეს. რძალი ოჯახის ახალი წევრია. მისთვის ყველაფერი უცხო და ძალიან რთულია" - როგორი დედამთილია მადონა კოიძე

2025-09-25 10:46:23+04:00

პოპულარული გადაცემის - "სახალხო კონტროლის“ წამყვანი, მადონა კოიძე გადაცემაში "დღის პოსტი“ საუბრობს, როგორი დედამთილია, როგორი ურთიერთობა აქვს რძალთან, შვილთან და რამდენად მკაცრია:

- ჩემი რძალი აფხაზეთიდანაა. მოსკოვშია დაბადებული, მაგრამ ახლა თბილისში ცხოვრობს. ქართულად ფანტასტიკურად მეტყველებს. არის ძალიან განათლებული, ლამაზი, ლაღი და რაც მთავარია, ჩემზე უფრო მოწესრიგებული.

ჩემი შვილი 34 წლისაა. როგორ შეიძლება, მის არჩევანში ჩაერიო?! არაფერში ჩავრეულვარ. მაშინვე ვუთხარი, რომ გამიხარდებოდა, თუ მოიყვანდა. საერთოდ არ წარმომედგინა, როგორი რძალი მეყოლებოდა. ჩემს შვილს უნდა მოსწონებოდა და მის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. თუ გიყვარს შვილი, მისი არჩევანიც უნდა გიყვარდეს. რძალი ოჯახის ახალი წევრია. მისთვის ყველაფერი უცხო და ძალიან რთულია. მათ ურთიერთობაში საერთოდ არ ვერევი. რას ჭამენ, რას სვამენ, რას იცვამენ, რას ალაგებენ - ეს მათი არჩევანია. ჩემი რძალი არაჩვეულებრივი ბავშვია. ამ მოკლე ხანში თავი ძალიან შემაყვარა.

ჩემი შვილი რესტორატორია და აიღო ერთი რესტორანი. მისი თავი დავიფიცე, რომ მე რეკლამას არ გავუკეთებდი. მაგრამ, ფინანსურად დავეხმარებოდი. მართლაც, ბანკში სესხი ავიღე, რაც შემეძლო, ყველა რესურსი დავხარჯე, მივედი ერთხელ გადავამოწმე და არ მომეწონა. მეორედ მივედი, გადავხედე და ვუთხარი, რომ მესამეჯერ აღარ ვაპატიებდი. მესამედ რომ მივედი, უბრალოდ კარები გადავკეტეთ და გამოვედით. ბანკის ვალიც დამრჩა. ჭურჭელი რაც გვქონდა ნაყიდი, ისიც არ გამოგვიტანია. მთელი ცხოვრება ვემსახურები იმას, რომ ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. ვიღაცამ ჭურჭელი კარგად არ გარეცხა და სუნი ჰქონდა, ვიღაცამ ნიჟარა არ გაწმინდა, ვიღაცამ კარტოფილის ნაფცქვენები დაყარა… - მე ეს არ შემიძლია. თანამშრომლებს ვუთხარი, რომ ერთი ოჯახი ვიქნებოდით. მაგრამ, არ გამოვიდა. დავიფიცე და ჩემს შვილს ვუთხარი, კამერით შემოვალ-მეთქი. დავკეტეთ. ოჯახს ძალიან დიდი ვალი დარჩა, მაგრამ ყველაფერს შენ ვერ გააკეთებ. დილის 6 საათზე ბევრჯერ ავმდგარვარ, წავსულვარ, დავხმარებივარ, სიტუაცია დაგვილაგებია, მაგრამ იმ სიტუაციას შენარჩუნება უნდა.

ეს ისტორია იმიტომ მოვყევი, რომ ამ რესტორნის თავზე ჩემი რძალი ცხოვრობდა. ძაღლების გასეირნების დროს ჩემმა შვილმა დაინახა და თქვა, რომ მისი ცოლად შერთვა სურდა. 2 თვეში დაქორწინდნენ. ძაღლები ძალიან უყვარს. ოჯახში ხელცარიელი ჯერ არ შემოსულა. ჩემს შვილიშვილებზე გიჟდება. ამის შემდეგ რესტორნის დანაკარგი ჩემთვის უდიდესი პლუსია. კიდევ ერთ იმდენს ჩავყრიდი, ოღონდ ეს ადამიანი ჩემს ოჯახში შემოსულიყო.

ჩემს მეუღლეს მშობლები, სამწუხაროდ, ადრე გარდაეცვალა. მას რომ გავყევი, ოჯახში არც დედამთილი დამხვედრია და არც მამამთილი. მაგრამ, მყავდა მული, რომელიც გაუთხოვარია და ჩვენთან ცხოვრობს. ის ჩემი შვილიც არის, დაც არის, დედამთილიც, მეგობარიც. ერთადერთი, რაზეც კამათი გვაქვს, არის ის, რომ დაისვენოს. რით მცეს პატივი და როგორ მომეფეროს, იმაზეა ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ჩემგანაც უდიდეს სიყვარულს იღებს.

მადონა კოიძე გადაცემაში საკუთარი სიყვარულის ისტორიასაც იხსენებს:

- დედაჩემი რუსეთში ცხოვრობს. კვების ინსტიტუტში ასწავლის. მამა ცნობილი ადვოკატი იყო და გარდაცვლილია. ყველა დედას უნდა, შვილი ახლოს ჰყავდეს. მაგრამ ჩემს ძარღვებში მხოლოდ საქართველოს ჰაერი "დარბოდა". ბებიაჩემი ქუთაისში ცხოვრობდა და მასთან რომ ჩავდიოდი, მთელი გზა სიხარულისგან ვტიროდი. ყველა ქუჩა, ქვა, ხე მიყვარს.

ჩემი მეუღლე ქუთაისში ცხოვრობდა. 33 წლის იყო და ეჩხუბებოდნენ, ცოლი რატომ არ მოგყავსო. 20 წლის ვიყავი, ცოტა თამამი. შარვალიც მეცვა, შორტებიც… ერთხელ ბანაობის დროს ჩვენთან გამაცხელებელი გადაიწვა და ამ მეზობელთან შევედი, რომ ბანაობა დამესრულებინა. იქ ჩემი მომავალი მეუღლე დამხვდა და გავიცანი. დიდხანს მსდია. დედა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. ეუბნებოდა: "თოჯინა გინდა? არაფრის გაკეთება არ იცის, წაიყვანე, დივანზე დაისვიო." ჩემმა მეუღლემ უთხრა, არა უშავს, ვასწავლიო. ბოლოს დედამ მითხრა, ნივთები ჩაალაგე და რუსეთში დავბრუნდეთო. ჩემი მეუღლე სიგიჟემდე მიყვარდა და წასვლა არ მინდოდა. დილით სახლიდან გავიპარე, მასთან მივედი და ვუთხარი, წამოდი, ხელი მოვაწეროთ-თქო. წავედით და ხელი მოვაწერეთ. ხელისმომკიდეები შემთხვევით, ქუჩაში დავიჭირეთ.

მადონა კოიძეს გოგონასგან შვილიშვილები ჰყავს. ის ბებიობის შესახებაც საუბრობს:

- ჩემი შვილიშვილები ჩემი მამოძრავებელი ძალაა. იმიტომ მაქვს ასეთი აგრესია, განსაკუთრებით, თუ ობიექტი სკოლასთანაა ან ისეთ ადგილზეა, სადაც ბავშვები დადიან. იქ უკვე წითელი ხაზები გადაკვეთილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები მაქსიმალურად დაცულები იყვნენ. ჩვენ მათ გამო ვცხოვრობთ.