საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებს სასკოლო ფორმა აცვიათ. ზოგიერთ სკოლაში კონკრეტული ფორმის წესი არ არსებობს, თუმცა განსაზღვრულია, რა ტიპის სამოსის ტარებაა დაუშვებელი. ეს შეიძლება, იყოს: მოკლე ტოპი, დახეული ჯინსი და სხვა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლები სასკოლო ფორმის დაწესებას მასობრივად ითხოვენ. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, ამ კუთხით, სამინისტროს მხრიდან, რაიმე ცვლილება არ მომხდარა და სკოლებს კვლავ თავად აქვთ უფლება, შინაგანაწესით მოსწავლის ჩაცმულობა დაარეგულირონ.
აღსანიშნავია, რომ შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
შესაბამისად, თუ კონკრეტულ სკოლას მოსწავლისთვის ფორმის ტარება სავალდებულოდ აქვს განსაზღვრული, მოსწავლეს მოუწევს, ეს წესი დაიცვას. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, მოსწავლეს ფორმის უგულებელყოფის გამო სკოლიდან არ გარიცხავენ, თუმცა შესაძლოა, მას შინაგანაწესით განსაზღვრული გარკვეული დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ეს შეიძლება, იყოს შენიშვნა, გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, საყვედური, სასტიკი საყვედური, სკოლიდან დროებით დათხოვნა და სხვა.
როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, თითოეულ სკოლას დისციპლინური პასუხისმგებლობა შინაგანაწესით ინდივიდუალურად აქვს განსაზღვრული. ამიტომ, მშობელი, ვიდრე ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, ვალდებულია, წესებს კარგად გაეცნოს. სწორედ შინაგანაწესში იქნება განსაზღვრული, რა ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მოსწავლეებს, თუ სკოლაში ფორმის ტარებაზე უარს იტყვიან.
სკოლის შინაგანაწესი სკოლაში აუცილებლად გამოკრული უნდა იყოს. თუ მას ვერ აღმოაჩენთ, სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციას ამ დამრიგებელს უნდა მიმართოთ და სხვადასხვა წესს გაეცნოთ.
ანუ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თითოეულ სკოლას აძლევს უფლებას, თავად განსაზღვროს, სკოლაში მოსწავლისთვის კონკრეტული ფორმის ტარება სავალდებულო იყოს თუ არჩევანი მოსწავლეებსა და მშობლებს დაუტოვოს.
სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ზოგს მოსწონს, ზოგი კი ამას თავისუფალი არჩევანის შეზღუდვად თვლის. ჩვენს გვერდზე მშობლებს საკუთარი პოზიციის გაზიარება ვთხოვეთ და რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
თამარ იაკობაშვილი