როგორ შეუძლია სტუდენტს გრანტის მოპოვება ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესება - დეტალები - მშობლები

როგორ შეუძლია სტუდენტს გრანტის მოპოვება ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესება - დეტალები

2025-09-25 13:12:14+04:00

სტუდენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ვერ მოიპოვეს გრანტი ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესება სურთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იმ სტუდენტს, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება. თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ყოველწლიურად ივლისის თვეში ტარდება. იმისათვის, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეძლოთ, რეგისტრაცია online.naec.ge.-ზე უნდა გაიაროთ. დეტალური ვადებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვებგვერდზე აქვეყნებს. როგორც წესი, რეგისტრაციის პროცესი მარტის თვიდან იწყება.

თუ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად, გრანტი მოგენიჭებათ, მომდევნო წლების განმავლობაში სწორედ გრანტის შესაბამისი დაფინანსებით ისწავლით უნივერსიტეტში. მაგრამ, თუ, მაგალითად, 50%-იანი სახელმწიფო გრანტი გაქვთ, ამ გრანტის გაუმჯობესება გსურთ, გამოცდაზე გახვედით, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირეთ, 50%-იანი გრანტი კვლავ შეგინარჩუნდებათ.

გარდა ამისა, თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა გაქვთ. პროგრამის ფარგლებში, სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.

სტუდენტთა შესარჩევი კრიტერიუმები სახელმწიფო უნივერსიტეტებში აკადემიურ მიღწევებთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა სასწავლო სტუდენტურ აქტივობას, მათ შორის, საუნივერსიტეტო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო, შემოქმედებით-კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართულობას. ასევე, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა (4 და მეტი შვილი) და სხვა.

გარდა სახელმწიფოს სტიპენდიისა, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა სახის სტიპენდია მოიპოვოს. მაგალითად, არსებობს საქართველოს ბანკის სტიპენდია. ასევე, სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, ჩეხეთი, სერბეთი, გერმანია, ლატვია, თურქეთი საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს აღნიშნულ ქვეყნებში სწავლის გაგრძელების მიზნით სტიპენდიებს სთავაზობს.

თითოეული უნივერსიტეტის შემთხვევაში, სტიპენდიების გაცემასთან დაკავშირებით, ჯობს, ადმინისტრაციას მიმართოთ და დეტალები ინდივიდუალურად დააზუსტოთ. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით კი, როგორც აღვნიშნეთ, ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი