დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა, ოჯახის წევრებთან დაპირისპირების ფონზე, საზოგადოების ნეგატიურ კომენტარებზე ისაუბრა და საკუთარი ცოლი, ნიკოლა პელცი მთავარ საყრდენად დაასახელა.
26 წლის ბრუკლინ ბექჰემმა Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხის კომენტარებზე არ ღელავს, რადგან ადამიანები "სისულელეებს" წერენ:
"ყველა ყოველთვის სისულელეს ამბობს. მე უბრალოდ ვცდილობ, ჩემი საქმე ვაკეთო. მაგალითად, მეგობრებთან ერთად გოლფი ვითამაშო", - თქვა ბექჰემმა.
როდესაც ბრუკლინს ჰკითხეს, თუ როგორ უმკლავდება ოჯახის შესახებ ჭორებს, მან უპასუხა, რომ ცოლი მხარს უჭერს:
"ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ნეგატიურ რაღაცებს იტყვიან, მაგრამ მყავს ცოლი, რომელიც მხარს მიჭერს. ჩვენ უბრალოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვმუშაობთ და ბედნიერები ვართ", - ამბობს ბექჰემების ვაჟი.
ამ კვირაში ბრუკლინი საქმიანი ვიზიტით ნიუ-იორკში გაფრინდა. აღსანიშნავია, რომ დევიდ ბექჰემის თანამფლობელობაში არსებულ გუნდს, "ინტერ მაიამის" მატჩი ჰქონდა დაგეგმილი. დევიდის შვილმა ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ ვერ შეძლო თამაშზე დასწრება:
"მე ლოს-ანჯელესში უნდა დავბრუნდე. ჩემი ცოლი ჩვენს ოთხ ძაღლთან მარტო დავტოვე, ამიტომ სახლში უნდა ვიყო, რომ დავეხმარო და ასევე სამსახურშიც უნდა დავბრუნდე", - ამბობს ბრუკლინი.
აღსანიშნავია, რომ ბექჰემების ვაჟი უკვე თვეებია, მშობლებთან ერთად აღარ გამოჩენილა. არც ოჯახურ შეკრებებს დასწრებია და არც ოფიციალურ ღონისძიებებს.
შეგახსენებთ, რომ ბრუკლინ ბექჰემის ოჯახთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გაზაფხულზე გავრცელდა. მაშინ ის და მისი მეუღლე, ნიკოლა, ვიქტორია ბექჰემის ბრენდის მოდის ჩვენებას არ დაესწრნენ. შემდეგ კი დევიდ ბექჰემის დაბადების დღის წინა წვეულება გამოტოვეს. მაშინ, როდესაც დევიდ ბექჰემმა 50 წლის იუბილე აღნიშნა და უამრავი ცნობილი სტუმარი ჰყავდა, ბრუკლინი და ნიკოლა ოჯახთან ერთად კვლავ არ გამოჩენილან.
როგორც გამოცემა TMZ იტყობინება, ნიკოლა ქმრის მშობლებს "ტოქსიკურად" მიიჩნევს და ბრუკლინი, სავარაუდოდ, ცოლის გავლენით მათთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. ბრუკლინს მეუღლის ნათესავებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. წყვილმა მთელი ზაფხული ნიკოლას მამასთან, მილიარდერ ნელსონ პელცთან და მის სხვა შვილებთან ერთად გაატარა. გარდა ამისა, პელცმა ცოტა ხნის წინ ბრუკლინს რესტორანი გაუხსნა. ბრუკლინმა კავშირი გაწყვიტა არა მხოლოდ ცნობილ მშობლებთან, არამედ დასთან და ძმებთანაც.
ამის გამო, მას სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი აკრიტიკებს. თუმცა, როგორც ბრუკლინი ამბობს, მათ კომენტარებს ყურადღებას არ აქცევს.
ბრუკლინი და ნიკოლა 2022 წელს დაქორწინდნენ, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში მათ ქორწილი მეორედ გადაიხადეს. წვეულებას ბრუკლინის მშობლები და და-ძმა არ დასწრებიან.
მალე Netflix-ზე ვიქტორია ბექჰემის შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა. აღსანიშნავია, რომ თრილერში დიზაინერმა ბრუკლინის გარდა, ყველა შვილი წარმოაჩინა.