ირაკლი არჩვაძე პირველი ქართველია, ვინც სიმაღლეში ზრდის ოპერაცია ჩაიტარა. ოპერაცია 7 თვის წინ, თურქეთში ჩატარდა. მან არც თუ ისე მარტივი სარეაბილიტაციო გზა გაიარა და საკუთარი გამოცდილების შესახებ გადაცემაში "პირველამდე" საუბრობს:
- საკმაოდ რთული გზა იყო. ძალიან ბევრი ტკივილი, დისკომფორტი გავიარე. თუმცა, მთავარი ის იყო, მენტალურად როგორი მომზადებული წავიდოდი. ვიდრე ოპერაციისათვის წავიდოდი, მომზადება 8 თვით ადრე დავიწყე. ყველას ვესაუბრებოდი, ვინც მსგავსი ოპერაცია გაიკეთა. მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანს აქვს გაკეთებული. დავიწყე გაწელვები, იოგის ყურება... თუ კარგად ხარ მომზადებული, ყველაფერს შედარებით იოლად გადაიტან.
ზოგი ძალიან მომზადებული მიდის და დიდ ტკივილს განიცდის. როდესაც სიმაღლეში იზრდები, ამას თან რბილი ქსოვილებიც მიჰყვება. ნერვი, სისხლძარღვები, კუნთები - ყველაფერი იწელება. წინასწარ ადაპტაცია საჭიროა.
ოპერაციამდე სიმაღლეში, დაახლოებით, 170 სანტიმეტრამდე ვიყავი, ახლა 179 სანტიმეტრი ვარ.
ჩემი სიმაღლით ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი. როდესაც სარკეში ვიყურებოდი, ხელები გაცილებით გრძელი მქონდა, უპროპორციო ვიყავი, არ მომწონდა. მინდოდა, გავზრდილიყავი. პატარაობაში დედაჩემმა 5 წელი ცურვაზე მატარა. ხანდახან ვხუმრობდი კიდეც, რომ მხოლოდ ხელები გამეზარდა... თუმცა, იმედი არ დამიკარგავს. ჩემი თავი ყოველთვის წარმომედგინა ისეთი, როგორიც ვარ.
იმ პერიოდს ბევრი დისკომფორტი ახლდა. შარვალს რომ ვყიდულობდი, სულ გადაჭრა მჭირდებოდა. ახლა ეს საჭიროება აღარ არის. მეგობრებთანაც თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. საკუთარ თავთან არ ვიყავი კომფორტულად. ყოველთვის მინდოდა, უკეთესი ვყოფილიყავი.
ინტერნეტში ოპერაციის შესახებ ინფორმაციას 2010 წლიდან სულ ვეძებდი. თუმცა, მაშინ არც საშუალება მქონდა და არც ისეთი განვითარებული იყო ტექნიკა, რომ გამეკეთებინა. შარშან წავაწყდი ინფორმაციას და გავიგე, რომ თურქეთში აკეთებენ. თავისი რეაბილიტაციის ცენტრით. დავინტერესდი და მივწერე. თურქეთში ჩავედი. საიტზე პაციენტების ვიდეოებიც უდევთ, თუ რა შედეგებს მიაღწიეს. ბევრი ვიდეო ვნახე და კარგად გავეცანი.
ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. უფრო მშვიდად ვარ, უფრო ემპათიური გავხდი, თითქოს, რაღაც ტვირთი მომეხსნა.
წინასწარ არაფერს გპირდებიან. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგალითად, ინფექციის. იქ იყვნენ პაციენტები, რომლებმაც მაქსიმუმ სიმაღლეში 6 სანტიმეტრი მოიმატეს, შემდეგ ინფექცია დაემართათ და ზრდა შეჩერდა.
მე გარედან ფიქსატორი მეკეთა. ოპერაციის პრინციპი ასეთია: ძვალს ტეხენ, შიგნით ხელოვნურ იმპლანტს აყენებენ, გარედან კი ფიქსატორს. ფიქსატორებს ყოველდღიურად შენი ხელით ატრიალებ. დღეში, დაახლოებით, 1 მილიმეტრით იზრდები. დაგრძელების 3-თვიანი პროცესია. 3 თვის განმავლობაში ღია ჭრილობა გაქვს და დიდი შანსია, რომ ინფექცია შეგეჭრას. ბანაობა არ შეიძლება. 4 თვის განმავლობაში არ დამიბანია, უბრალოდ სველი ხელსახოცითა და პირსახოცით შეიძლება, გაიმშრალო. მხოლოდ თავის დაბანაა შესაძლებელი.
კლინიკაში 1 კვირა ვიყავი, შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრში გადავედი. თითქმის, ყოველ დღე დარბაზში დავდიოდი. კუნთები ხომ სუსტდება. კუნთებსაც ვავარჯიშებდი.
რეაბილიტაცია ჩემს შემთხვევაში ჯერ კიდევ გრძელდება. სირბილი ჯერ რეკომენდებული არ არის. თებერვალში ისევ უნდა დავბრუნდე თურქეთში. ხელოვნური იმპლანტები ისევ შიგნითაა. უნდა ამოვიღო. იმ ადგილზე უფრო მსხვილი ძვალი ყალიბდება, ვიდრე მანამდე მქონდა. ზოგს ჰგონია, რომ ამ ოპერაციის შემდეგ ვეღარ ირბენ, ვეღარ იქნები მოქნილი, როგორიც იქამდე იყავი, რაც არასწორია. ტკივილს შეგუებული ვიყავი. ყოველ მომატებულ სანტიმეტრზე საკუთარ თავს ვამხნევებდი. ჩემი ჭრილობა ბოლომდე არ ხორცდებოდა და ექიმებმა მირჩიეს, 9,27 სანტიმეტრზე შევაჩეროთო. ინფექციის განვითარების რისკი იყო.