ხვალ სასამართლოში მიიყვანენ ყოფილი ცოლის წამებისთვის დაკავებულზურაბ ბურდულსდა მოსამართლე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. პროკურატურამ სასამართლოს ამ მოთხოვნით უკვე მიმართა და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უმძიმესი დანაშაული კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში 25 სექტემბერს მოხდა. ზურაბ ბურდულმა ყოფილ ცოლს, თათია ლომინაძეს დანით ჭრილობა გულმკერდისა და ყელის არეში მიაყენა, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა და ბოლოს აალებული ბოთლი ესროლა, ასე წაუკიდა ცეცხლი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლწაკიდებული ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა. მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს და ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა ქალმა უმძიმესი დამწვრობა მიიღო და ახლა ის ხეჩინაშვილის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის.
თავად ბურდული ძალოვნებმა იმავე დღეს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის იმავე უბანში მიტოვებულ შენობას აფარებდა თავს. საქმეში უკვე ჩაერთო ადვოკატიალექსანდრე შალუტაშვილი.
"ამ საქმეში ჩავერთე ბრალის წაყენების პერიოდში. მომმართა ბრალდებულის დედამ და მთხოვა დამეცვა მისი შვილი. როგორც ვიცი, მანამდე ზურაბ ბურდულს არავინ ჰყოლია ადვოკატი. ამ ეტაპზე ბრალდებული ვერაფერს ვერ იტყვის, ჩვენება მისცა მან გამოძიებას საქმეში ჩემს ჩართვამდე და მე უკვე გადმომეცა ეს მასალები. როგორც ვიცი, იმ ჩვენებაში აღიარებს დანაშაულს, მაგრამ დეტალურად ჩვენებას ჯერ არ გავცნობივარ. ხვალ იქნება აღმკვეთი ღონისძიება და იქ დააფიქსირებს ბრალდებული თავის პოზიციას. მერე შევჯერდებით" - ამბობს ჩვენთან საუბარში ადვოკატი ალექსანდრე შალუტაშვილი.