სელენა გომესის ქორწინება მართლაც აღსანიშნავი ამბავია, რადგან წლები ადევნებდა თვალს მისი გულშემატკივარი მომღერლისა და მსახიობის დრამებს. ცნობილია, რომ სელენა ჯასტინ ბიბერზე იყო შეყვარებული და როცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა, საკმაოდ დიდხანს იტანჯებოდა დეპრესიით. მერე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ოპერაციებიც დასჭირდა და საკმაოდ რთული წლები გამოიარა. თუმცა ბოლო პერიოდში აღმასვლას განიცდის. მისი სამსახიობო კარიერაც საკმაოდ წარმატებული იყო - "ოსკარზე" წარდგენილ ფილმში ითამაშა, პირად ცხოვრებაშიც ბედმა გაუღიმა.
სელენა და ბენი ბლანკო წლებია იცნობენ ერთმანეთს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სელენა ბიბერთან იყო რომანტიკულ ურთიერთობაში. ეს წლები სელენა პროდიუსერ ბლანკოსთან ძალიან მეგობრობდა და თანამშრომლობდა. 2023 წელს კი მათ გაამხილეს, რომ რომანი ჰქონდათ. მას მერე ყველა ელოდა წყვილის დაქორწინებას.
ბოლოს და ბოლოს, მათ 27 სექტემბერს იქორწინეს.ცერემონია სანტა ბარბარას ოლქში, მონტესიტოში, კერძო მამულში გაიმართა. ზეიმზე დამსწრე მრავალ ცნობილ სტუმარს შორის პაპარაცებმა პოლ რადი, სტივ მარტინი და მარტინ შორტი, ასევე ტეილორ სვიფტი და პერის ჰილტონი შენიშნეს. სელენას და ბენის Ralph Lauren-ის სამოსი ეცვათ და თავად გააზიარეს ზეიმის პირველი ფოტოები, რადგან ქორწილი საიდუმლო ატმოსფეროში გაიმართა და სტუმრებს სთხოვეს, ამ ეტაპზე სოციალურ ქსელში არაფერი გამოექვეყნებინათ.
გართობა, გემრიელი საჭმელი და შამპანური უხვად - როგორც ჩანს, ყველას მოეწონა ზეიმი, მაგრამ ერთი სკანდალი მაინც მოხდა. Page Six-ის წყაროები იუწყებიან, რომ სელენა გომესის დედა, მენდი ტიფი, ცერემონიის დღეს მასზე ძალიან განაწყენებული იყო და არც მალავდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ქალიშვილი სთხოვდა საკურთხეველთან მიყვანას, მაგრამ მსახიობმა გადაწყვიტა, რომ პაპასთან ერთად ჩაეტარებინა ეს ამაღელვებელი რიტუალი. სწორედ მან "გადაულოცა" სელენა ბენი ბლანკოს.
სელენამ თავისი გადაწყვეტილება ოჯახს ქორწინების წინადადების მიღებისთანავე აცნობა, მაგრამ დედამისს იმედი ჰქონდა, რომ სელენა საბოლოოდ გადაიფიქრებდა. მენდი ტიფს საკმაოდ მყარი არგუმენტი ჰქონდა: გარდა იმისა, რომ შვილს სულ გვერდში ედგა, სწორედ მან გააცნო სელენას ბენი მრავალი წლის წინ. იმ დროს შეხვედრა წმინდა პროფესიონალური იყო, მაგრამ ვარსკვლავმა მოგვიანებით მადლობა გადაუხადა დედას ასეთი მშვენიერი მამაკაცის მის ცხოვრებაში შემოყვანისთვის.