როგორ გადადის მუნი ერთი ადამიანიდან მეორეზე და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ეს პრობლემა აწუხებს - სპეციალისტი საუბრობს - მშობლები

როგორ გადადის მუნი ერთი ადამიანიდან მეორეზე და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ეს პრობლემა აწუხებს - სპეციალისტი საუბრობს

2025-09-29 11:50:45+04:00

როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, მალვინა ჯავახაძე საუბრობს:

- მუნი დერმატოლოგიური პრობლემაა. კანის დაავადებაა, მაგრამ პაციენტები ხშირად ინფექციონისტებთან ხვდებიან. რატომღაც ეს თემა ტაბუდადებული იყო. ადამიანებს ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ მუნი აქვთ და მკურნალობა სჭირდებათ. ექიმთან დროული ვიზიტის შემთხვევაში, პაციენტი რამდენიმე დღეში, ყოველგვარი ნარჩენი მოვლენების გარეშე, სრულად გამოჯანმრთელდება.

მუნს 1-2 წერტილოვანი, ხაზოვანი რკალი და გამონაყარი ახასიათებს. მას ტკიპა იწვევს. მუნის ტკიპა კანს კბენს, აკეთებს ხვრელს, სადაც კვერცხებს დებს. კანზე წყვილ-წყვილი ელემენტებია. ასეთი ელემენტები, რომლებიც დღის განმავლობაში, თითქოს, უფროსებისთვის შეიძლება, შეუმჩნეველი იყოს, ბავშვებისთვის ძალიან შემაწუხებელია. ძლიერი ქავილი ეწყებათ. ეს უფრო მეტად ღამით აქტიურდება, როდესაც თბილად ჩაწვებიან. დილით შედარებით წყნარდება.

როდესაც ქავილის შედეგად, მეორადი ინფექცია, იმპეტიგო, ვითარდება, ჩირქოვანი ელემენტები ჩნდება, ტემპერატურა იმატებს, შეშფოთების საგანი მაშინ ხდება. როცა პაციენტები იმპეტიგოთი მოდიან და მშობლებს ვთხოვთ, რომ ბავშვის სხეული დავათვალიეროთ, აღმოჩნდება, რომ მუნითაა ინფიცირებული. თავად მუნს, როგორც წესი, ტემპერატურა არ ახასიათებს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ძალიან ხშირად კოლეგებიც უგულებელყოფენ, არის ის, რომ მუნი ყველა ადამიანისათვის ერთნაირი დაავადება არ არის. რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად კბენს, გამომწვევი ერთნაირია, მაგრამ ის უფრო ხშირად ებრძვის ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. როდესაც მოზრდილსა და ბავშვს სხვადასხვა ინფექცია ემართებათ, მაგალითად, რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ტემპერატურა სწორედ იმ ვირუსის ან სხვა მდგომარეობის გამო უწევთ და პარალელურად, შესაძლებელია, მუნი კლინიკურად გამოვლენილი არ იყო, ერთი პატარა ელემენტი ჰქონდათ. შემდეგ ისიც აქტიურდება.

ამ დაავადებას იმუნიტეტის ჩამოყალიბება არ ახასიათებს. ტკიპა რამდენჯერაც შეხვდება, ადამიანი იმდენჯერ დაავადდება. მაგრამ, თუ ამას რეციდიული მიმდინარეობა აქვს, თუ ამაზე რამდენჯერმე ჩივიან, თუ გახანგრძლივებული მიმდინარეობა მიიღო და ჩვეულებრივი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ყველასთვის ეფექტურია, მისთვის არ გახდა ეფექტური, მაშინ იმუნიტეტის დაქვეითების სხვა მიზეზებიც უნდა ვეძებოთ.

მუნს ოფიციალურად ბღერი ჰქვია. ტკიპა ერთი ადამიანიდან მეორეზე უნდა გადავიდეს, რომ დაავადება გადაედოს. ამისთვის კი ახლო კონტაქტია საჭირო. ასევე, ტანსაცმლიდანაც შეიძლება, გადავიდეს, თინეიჯერებს ტანსაცმლის გაცვლა ძალიან უყვართ და ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ ფრთხილად იყვნენ. თუ ტკიპა ტანსაცმელზეა, სხეულის გარეშე, გარკვეული პერიოდის შემდეგ კვდება. სიცოცხლისუნარიანი არ არის. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ადამიანს ახლო კონტაქტი ჰქონდეს და არ გადაედოს.

ყველა ადამიანის კანზე სტაფილოკოკები და პათოგენური ბაქტერიები ცხოვრობს. როდესაც ქავილი შემაწუხებელი ხდება და კანის ზედაპირს აზიანებს, მეორადი ინფექცია ვითარდება და შეიძლება, ტემპერატურაც გამოიწვიოს. თავიდან გამონაყარი ანტიბიოტიკოთერაპიით, ადგილობრივი მოვლით წყნარდება, მაგრამ მერე როდესაც განმეორებით მოგვმართავენ, აღნიშნავენ, რომ ისევ ქავილი და შემაწუხებელი ელემენტი აქვთ. ამ შემთხვევაშიც კომპლექსური მკურნალობა ტარდება და უპრობლემოდ რჩება.

როდესაც ოჯახის ერთ წევრს მკურნალობა უტარდება, აუცილებელია ის 3-4 დღე ოჯახის ყველა წევრმა იმკურნალოს. ძირითადად, მკურნალობა გარეგანია. ადრე გოგირდიანი მალამოები არსებობდა, რომლებსაც სპეციფიკური სუნი ჰქონდა და კანსაც აღიზიანებდა. ახლა ადგილობრივი გამოყენების იმდენი საშუალება შემოვიდა, წესების დაცვის შემთხვევაში, მკურნალობისათვის აბსოლუტურად საკმარისია. არის დასალევი საშუალებაც, თუმცა სპეციალისტები იშვიათად იყენებენ. ეს, რა თქმა უნდა, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.

მუნი ძალიან ხშირად ალერგიულ გამონაყარში ერევათ. ტკიპამ არა მხოლოდ მუნი, არამედ ალერგიაც შეიძლება, გამოიწვიოს. ამიტომ პაციენტები დერმატოლოგს, ალერგოლოგსა და ინფექციონისტს შორის არიან. მუნის ფონზე შეიძლება, დერმატიტი განვითარდეს. მუნი ხშირად საფუძველია და იმის ფონზე შემდეგ ალერგია, ქავილი და ინფექცია ვითარდება.

ბღერისთვის, სამწუხაროდ, საპროფილაქტიკო ვაქცინაცია არ არსებობს. ჰიგიენური ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაძლოა, პაციენტმა იმკურნალა, სრულად განიკურნა, გამონაყარი აღარ აქვს, მაგრამ თუ სადმე, რბილ ავეჯში, ტანსაცმელში ტკიპა დარჩა, შესაძლებელია, პროცესი ისევ თავიდან დაიწყოს და ყველაფერი, რაც პაციენტმა მკურნალობისთვის გააკეთა, წყალში ჩაიყაროს. ამიტომ, კომპლექსური მიდგომა მნიშვნელოვანია. მკურნალობის დროს ვურჩევთ ხოლმე, რომ თავიდან რაც ეცვათ, ის აუცილებლად გადაყარონ და დანარჩენი ტანსაცმელი კარგად დამუშავდეს. ამ წესებს მათ დერმატოლოგები კარგად ასწავლიან.