ახალგაზრდა მომღერალმა, ნინა მამუჩაშვილმა, რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში დედასთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. დედა-შვილი ჯანსუღ კახიძის სიმღერას ემოციურად ასრულებს. მათი ნამღერი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა და უამრავი თბილი კომენტარი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.
ნინა მუსიკალური კარიერის, დედასთან ერთად სიმღერისა და მსმენელის შეფასებების შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- 5 წლის ასაკიდან, დღემდე, მუსიკისადმი სიყვარულით მონუსხული მოვდივარ. ის ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და საკუთარ თავს მხოლოდ მუსიკის საზღვრებში ვხედავ. ჩემთვის, მუსიკა ყოველთვის ორგანული იყო. დედაც მუსიკოსი და ამავდროულად, ჩემი საუკეთესო შემფასებელია. დედასთან ერთად სიმღერა ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ყოველთვის ბუნებრივი და ემოციურია. ერთად, სრულიად ექსპრომტად, ჯანსუღ კახიძის სიმღერა, სახელწოდებით - "ოღონდ შენთან მამყოფინა" შევასრულეთ. ვიდეო გადავიღეთ და ჩემს სოციალურ ქსელში ავტვირთე. რამდენიმე დღეში კი ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დიდი ოვაციები დაიმსახურა. მე და დედა ამდენი, სრულიად უცნობი ადამიანის მხრიდან წამოსული საოცარი ენერგიისა და მუხტის გამო დავიბენით კიდევაც. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამხელა სიყვარულს დავიმსახურებდით.
ამ ვიდეოს ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს და ძალიან ბევრი ადამიანი გვიწერს, რომ ჩვენი მოსმენა ხშირად უნდათ. ვფიქრობ, აუცილებლად, დროდადრო მსმენელს ჩვენი დუეტი უნდა შევთავაზოთ. მინდა აღვნიშნო, რომ სიმღერასა და ვიდეოს ჩაწერას წინასწარ არასდროს ვგეგმავთ. ეს ყოველთვის ექსპრომტად ხდება და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბუნებრივი და ემოციური, დედაშვილური გამოდის. სხვა ვიდეოებიც ამიტვირთავს, მათაც დადებითი გამოხმაურება აქვს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ ბუნებრიობას არ ვივიწყებ. ვცდილობ, ის განცდები, რასაც შინაგანად ვგრძნობ, შესრულების დროს მსმენელის გულამდეც მივიტანო.
- დიახ, ეს ჩემი ძირითადი მიმართულებაა. უკვე 8 წელია, დათო კენჭიაშვილის სტუდიაში - "თაობა" დავდივარ და ჩემი კარიერული წინსვლა ამას უკავშირდება. საოცარ გარემოს, გამორჩეულ ადამიანებს, პროფესიონალებს ვხვდები და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დათო ჩემი უდიდესი შემფასებელია. მას ჩემს იდეებსა და გეგმებს ძალიან ხშირად ვუზიარებ და ყოველთვის განსაკუთრებული რჩევების მოცემა შეუძლია. ეს ხელოვნების სავალ გზაზე სწორი ადგილის დამკვიდრებაში მეხმარება.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან მალე ჩემი ახალი სიმღერა გამოვა. ტექსტის ავტორი ქალბატონო ლელა გაბურია. სიმღერა სატრფიალო მოტივზეა და ვფიქრობ, თითოეული ადამიანის სულამდე მიაღწევს და ალბათ, გულგრილი არავინ დარჩება. მსმენელის შეფასებას მეც მოუთმენლად ველოდები, რადგან ახალი სიმღერაა და ჩემთვის, განვითარების სრულიად ახალი გზა იწყება.
როგორც გითხარით, დათოსთან 8 წელია, ვმღერი. ძალიან ბევრ კონცერტსა და გასტროლზე გამოვდივარ. დათოსთან და მის საოცარ მუსიკოსებთან უშუალოდ მაქვს შეხება და ზუსტად ეს მეხმარება, რომ დღეს სოლო-კარიერას ძალიან მყარად ვირჩევ.
- დედას ძალიან დიდი გავლენა აქვს. როდესაც ვმღერი, დედა ჩემი პირველი შემფასებელია. ყოველთვის ობიექტურ რჩევებსა და რეკომენდაციებს მაძლევს. არც შექება ავიწყდება და არც კრიტიკა. მე მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. ძლიერი პროფესიონალია, ვერაფერს გამოაპარებ...
- როგორც გითხარით, ვიდეო სრულიად დაუგეგმავად გადავიღეთ და ავტვირთე. არც მე და არც დედა არ ველოდით, რომ ის ამხელა გამოხმაურებას გამოიწვევდა. ორივე დავიბენით. ამდენი ადამიანის დადებითი კომენტარი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა. ჩვენი ნამღერი ძალიან გულწრფელია და ვფიქრობ, ასეთი რეაქცია ამიტომაც გამოიწვია.
- ამ კონკრეტულ ვიდეოზე არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ მინახავს. ზოგიერთ ვიდეოზე რამდენიმე ნეგატიურ კომენტარსა და კრიტიკას ვხვდები ხოლმე, თუმცა დედასთან ერთად გადაღებულ ვიდეოზე ადამიანები მხოლოდ დადებით კომენტარებს წერენ. როგორც აღვნიშნე, ვიდეო, დაახლოებით, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა. მათგან წამოსულმა დადებითმა ენერგიამ ძალიან გაგვაბედნიერა.
- უამრავი თბილი კომენტარი წავიკითხე და მათგან გამორჩევა გამიჭირდება. გვწერდნენ, რომ სიმღერით დედაშვილური დამოკიდებულება სწორად გადმოვეცით. ჩვენ არა მხოლოდ ვმღერით, არამედ ერთმანეთს სიმღერის დროს ვესიყვარულებით.
- ვფიქრობ, მუსიკას ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი დანიშნულება აქვს. მგონია, როგორ მუსიკას უსმენ, ისეთ განწყობაზე ხარ. ალბათ, ყველა ადამიანს თავისი მუსიკა აქვს შერჩეული. მუსიკა გვაძლევს საშუალებას, წარსულსა და მომავალში ვიმოგზაუროთ, გავიხსენოთ ცხოვრების საყვარელი ფრაგმენტები... ვფიქრობ, მუსიკა ყველა ჩვენგანს სჭირდება.
თამარ იაკობაშვილი