"კოშმარი, რომელიც დედაჩემის სახლში ხდებოდა" - რას წერს უფროსი ქალიშვილი ბლოგერ დედაზე, რომელსაც შვილებისთვის მიყენებული ტანჯვისთვის 60 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - მშობლები

"კოშმარი, რომელიც დედაჩემის სახლში ხდებოდა" - რას წერს უფროსი ქალიშვილი ბლოგერ დედაზე, რომელსაც შვილებისთვის მიყენებული ტანჯვისთვის 60 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

2025-09-30 09:10:36+04:00

ორი წლის წინ სოციალური ქსელები გამაოგნებელმა ამბავმა მოიცვა – დააკავეს რუბი ფრანკე, ცნობილი ბლოგერი და თითქოს იდეალური მრავალშვილიანი დედა, რომლის ოჯახურ ცხოვრებაზე მომზადებულ ვიდეობლოგს მილიონობით გამომწერი ჰყავდა. იდეალური დედის იმიჯი მალე ჩამოიშალა: მას ბრალად წაუყენეს ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობა. საქმე მაშინ გახმაურდა, როცა მისი 12 წლის შვილი, შიმშილისგან ღონემიხდილი და სხეულზე ცემის კვალით, მეზობლებს მიადგა დახმარების სათხოვნელად. სწორედ მაშინ ჩაერთო საქმეში სოციალური სამსახური, რასაც დედის დაპატიმრება მოჰყვა.

ფრანკეს უფროსმა ქალიშვილმა, შარიმ, მაშინვე დაწერა სოციალურ ქსელში: „დღეს დიდი დღეა. მიხარია, რომ სამართალმა გაიმარჯვა“.

საიდუმლოება, რომელიც წლების განმავლობაში იმალებოდა

სკანდალის დაწყებამდე სოციალურ მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ხმები, რომ რუბი შვილებზე ძალადობდა: საკვებს არ აძლევდა, საწოლზე ძილის უფლებას უკრძალავდა და მკაცრად სჯიდა. 2021 წელს მან უარყოფითი კომენტარების გამო თავისი არხი გააუქმა, სამაგიეროდ მეთოდები კიდევ უფრო გაამკაცრა.

2023 წელს კი 12 წლის ვაჟმა, რასელმა, შეძლო გაქცევა და მეზობელს დახმარება სთხოვა. ბიჭს გამოფიტული სხეული ჭრილობებითა და წყლულებით ჰქონდა სავსე, რაც პოლიციისთვის აშკარა მტკიცებულება აღმოჩნდა.

გამოძიება ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოოდ, 2024 წლის თებერვალში რუბი ფრანკეს 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

600x600-1-cc2dca7b3523da9190415b985184a989666x666-0xa0xzsnbo-2921775872829426917-1759219943.jpg

ჯოდი ჰილდბრანდტის როლი

ფრანკეს „მეგობარი“ და თანამზრახველი ჯოდი ჰილდბრანდტი დროთა განმავლობაში ოჯახის ფაქტობრივ ლიდერად იქცა. მისი „სასწავლო“ მეთოდები დამანგრეველი აღმოჩნდა: ერთ შვილს საწოლზე ძილი აუკრძალეს და თვეების განმავლობაში სარდაფში სავარძელზე ეძინა. ბავშვებს ართმევდნენ თამაშის, ტელევიზორის ყურებისა და მეგობრებთან ურთიერთობის უფლებას.

შარის თქმით, დედამისი სულ უფრო და უფრო ემორჩილებოდა ჯოდის, ქმარი კი საბოლოოდ სახლიდან გააძევეს. ბავშვები, ფაქტობრივად, იზოლაციაში აღმოჩნდნენ.

სასამართლომ ის დანაშაულში თანამზრახველად ცნო და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

728x546-1-438cfda1d21a9f779b6800584f0305e51920x1440-0xqstbmtvz-1812316931082791358-1759219956.jpg
ჯოდი და რუბი

შოკისმომგვრელი მოგონებები და წიგნი

სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ, ფრანკეს უფროსმა ქალიშვილმა შარიმ გამოსცა წიგნი „დედაჩემის სახლი - შოკისმომგვრელი ისტორია „იდეალური“ ოჯახის შესახებ“, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა. მასში აღწერილია ბავშვობის ტრაგიკული ეპიზოდები — სასტიკი დასჯები, მუდმივი კონტროლი, შიშის ატმოსფერო და შემდეგ რუბის მეგობრობა ჯოდი ჰილდბრანდტთან, რომელმაც ოჯახი საბოლოოდ გაანადგურა.

შარი ფრანკე თავის წიგნს დედის დაპატიმრებით იწყებს. გოგონა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც ცალკე ცხოვრობდა და ვერ ახერხებდა უმცროს ძმებსა და დებთან ურთიერთობას, მეზობლის ზარით იგებს, რომ მის დედის სახლთან პოლიციაა. მისი პირველი ფიქრი იყო, რომ დედამ ბავშვები დახოცა. შარი იხსენებს, რომ მთელი ის დრო, რაც ის და კიდევ სამი ბავშვი ცალკე ცხოვრობდნენ, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ უმცროსების გამოყვანას დედის სახლიდან, მაგრამ ვერავინ დაეხმარა.

„რატომ არავის ჰქონდა ინფორმაცია ბავშვებზე? რატომ არ დადიოდნენ სკოლაში? რატომ ვერავინ იცავდა მათ საფრთხისგან? მთელი წელი ვყვიროდი ყველგან, მაგრამ, მიუხედავად აშკარა ნიშნებისა, არანაირი ზომა არ მიღებულა. სისტემა, რომელსაც ისინი უნდა დაეცვა, სინამდვილეში ორი ქალის ხელში აღმოჩნდა, რომლებსაც შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდათ.“

480x600-1-ef2eca56a06f97d32609576673c0a9ff666x833-0xbtslqmxt-3450285523592358808-1759219969.jpg

„რუბი, თვითგამოცხადებული დედობის ეტალონი. რუბი, რომელმაც ჩემი ცხოვრება „ტრუმანის შოუს“ მსგავს სანახაობად აქცია თავისი მიმდევრებისთვის. რუბი, რომელიც მე და ჩემს ძმებსა და დებს ცხოვრებას გვიმახინჯებდა — და ეს ყველაფერი მანამდე, სანამ ჯოდი გამოჩნდებოდა. ამის შემდეგ უფრო მეტი სადიზმი დაიწყო.“ - წერს შარი.

გოგონა აღწერს, რომ რუბი მორმონურ ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდან იცოდა, რომ დედობა მისი მთავარი დანიშნულება იყო. თვრამეტი წლისამ უკვე ქმრის მოძებნა დაიწყო და მალევე ქევინ ფრანკეზე გათხოვდა. მას ბევრი შვილი უნდოდა, თუმცა მათზე ზრუნვა დიდად არ აინტერესებდა.

„როცა პატარა ვიყავი, დედას არასოდეს უთამაშია ჩემთან. რატომ უნდა ეთამაშა? მისი ოჯახის ფილოსოფია ყოველთვის იყო — ბავშვი ტირილით უნდა გაიზარდოს, ეს მისთვის სასარგებლოა. ბავშვს არ უნდა შეეჩვიო, ისტერიკები არ უნდა აცადო. ეს, მისი აზრით, მათივე სიკეთისთვის იყო. უნდა სცოდნოდათ, ვინ იყო უფროსი და შემდეგ შეძლებოდნენ ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებას."

600x600-1-7bf69c817b5f8259b105cac634cb81fb666x666-0xhe2cww6r-4458026201194884931-1759219989.jpg

წიგნის მიხედვით, პირველი ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა შარი ხუთი წლის იყო. დედამ გადაწყვიტა, რომ გოგონას მუსიკა უნდა ესწავლა. დილა ექვს საათზე აღვიძებდა და ავალდებულებდა ვარჯიშს. შეცდომების გამო ყურის აწევით, სილის გაწვნით ან ხელებზე ცემით სჯიდა.

„მე იშვიათად ვტიროდი, როცა რუბი მსჯიდა — ამ სახლში მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა ტირილის უფლება და ეს მე არ ვიყავი. რუბის ხშირად ემართებოდა ნერვული აფეთქებები და პირველი, ვინც ამ დროს გვერდით აღმოჩნდებოდა, მსხვერპლი ხდებოდა. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც მეოთხე შვილის გაჩენამდე სამი მუცლის მოშლა გადაიტანა. იგი მუდმივად ბრაზობდა, ყოველთვის ნერვიულობდა და მზად იყო აფეთქებულიყო. ალბათ მის რისხვასაც გადავიტანდი, რომ არა ის სასტიკი ფორმები, რაც მას თან ახლდა."

შემდეგ რუბიმ YouTube-არხი „რვა მგზავრი“ დააფუძნა. თავიდან ბავშვებს ეგონათ, რომ ეს დედას ენერგიას შეუსუსტებდა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ მათი ცხოვრება მთლიანად გადაიქცა უსასრულო კონტენტად — იუბილეები, კვირის დღეები, უბრალო საღამოებიც კი. მოზარდობისას შარის დეპრესია და შფოთვა დაეწყო. მუდმივი გადაღებები, დედის კონტროლი და სკოლაში ბულინგი აუტანელი გახდა. მამა და ეკლესიის მოძღვარი სთხოვდნენ, რომ ფსიქოლოგთან წასულიყო, მაგრამ დედამ ამის უფლება არ მისცა.

728x485-1-76131fb948d6e0ae8665e79f4d1b4e142048x1365-0x0i9zolih-1196815590825584321-1759220002.jpg

შარი ჰყვება, როგორ შემოიყვანა რუბიმ ჯოდი ჰილდბრანდტი, როცა უფროსი ვაჟი ჩადი სკოლიდან გარიცხეს. ჯოდი ოჯახში „ლიდერად“ იქცა, რუბი მას ემორჩილებოდა და ქმარიც სახლიდან მისი გავლენით გააძევა. ჯოდის მეთოდებით ბავშვებს ყველაფერს უკრძალავდნენ — სპორტს, თამაშს, საყვარელ საქმიანობას.

„ჯოდი ცვლიდა ჩვენს ცხოვრებას. დედა თითქოს უფრო მშვიდი გახდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. სწრაფი, პირდაპირი დასჯის ნაცვლად, მან დაიწყო ხანგრძლივი, დამცინავი „გაკვეთილების“ მოფიქრება, თითქოს ემპათიისა და პასუხისმგებლობის გასაზრდელად. ხშირად ეს ნიშნავდა ხანგრძლივ წვალებას, რითაც გვაიძულებდა „გვეგრძნო“ ჩვენი დანაშაულის სიმძიმე.“

"ჩადს შვიდი თვის განმავლობაში საწოლზე ძილი აუკრძალეს და სავარძელში აძინებდნენ. ერთ ვიდეოში რუბი იწონებდა თავს, რომ შვილს სკოლაში ლანჩი არ მიუტანა, რადგან მან თავად დაივიწყა. „თავის თავს დააბრალოს“, — ამბობდა ის.

შარი იხსენებს, როგორ აუკრძალეს უმცროს ძმებსა და დებს საშობაო საჩუქრები. „ჩვენ მათ ვასწავლით, რომ ეგოისტები არ იყვნენ“, — ამბობდა რუბი. ჯოდი კი ამატებდა, რომ ბავშვებს საუბრის დასაწყებადაც ნებართვა უნდა ეთხოვათ. მოგვიანებით მამაც საბოლოოდ გააძევეს სახლიდან და რუბიმ შარიც უარყო იმის გამო, რომ გოგონამ უსაყვედურა, ოთხი არასრულწლოვანი ბავშვის მარტო დატოვების გამო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ერთ დღეს მეზობელმა შარის დაურეკა: „რუბიმ ბავშვები სკოლიდან გამოიყვანა“. მალევე გაიგო, რომ დედამ ოჯახის ძაღლიც მოიშორა, რათა ბავშვებს გარეთ გასვლის მიზეზი არ ჰქონოდათ.

600x600-1-0ddb1a7c6a456f038645d80b447d7c0e666x666-0xdpswom9r-6851660598906773363-1759220011.jpg

კოშმარი, რომელიც ვერავინ შეაჩერა

სისტემა, რომელიც წესით, ბავშვების დაცვას უზრუნველყოფს, ფრანკეს შემთხვევაში უმოქმედო აღმოჩნდა. მიუხედავად მრავალი სიგნალისა და საჩივრისა, შედეგი არ ყოფილა. მხოლოდ მაშინ, როცა რასელმა გაქცევა შეძლო და საქმე აღიძრა.

ყველა ვიდეო, რასაც რუბი აქვეყნებდა YouTube-ზე — სადაც საკუთარ შვილებზე „აღმზრდელობით“ ექსპერიმენტებს აჩვენებდა — სასამართლოზე მტკიცებულებად იქცა. ერთ-ერთში ქალი პირდაპირ აცხადებს: „თუ თქვენი შვილი იტანჯება, არ უნდა ანუგეშოთ, უნდა სცემოთ“.

700x525-0xyvgtyn0i-6850991310457829108-1759220023.jpg
შარი ფრანკე

ფსიქიატრის შეფასება

ექსპერტების თქმით, რუბი ფრანკეს ქცევები მკაფიოდ მიანიშნებს ნარცისულ და ისტერიულ აშლილობაზე. მისი პოპულარობა მხოლოდ ამძაფრებდა ძალადობრივ მიდრეკილებებს — მით უფრო ძლიერდებოდა, რაც მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ნარცისისთვის შვილები მხოლოდ ინსტრუმენტია, საკუთარი მნიშვნელობის დასამტკიცებლად. ამიტომაც რუბი ვერ გრძნობდა თანაგრძნობას ბავშვების ტანჯვის მიმართ, პირიქით — მათი მეშვეობით აღწევდა „წარმატებას“.