მართლაც, ერთ-ერთ მყარ წყვილად მიიჩნეოდნენ ჰოლივუდში. თუმცა ნიკოლ კიდმანის მეორე ქორწინებაც დასრულდა.58 წლის კიდმანი და 57 წლის კიტ ურბანი 19-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.
დასავლური პრესის ცნობით, დაშორება კიტმა გადაწყვიტა, ნიკოლი კი ებღაუჭებოდა ამ ურთიერთობას და ქორწინების გადარჩენას ბოლომდე ცდილობდა. ინსაიდერები ასევე ირწმუნებიან, რომ წყვილი ზაფხულის დასაწყისიდან ცალ-ცალკე ცხოვრობს: მუსიკოსმა ნეშვილში სახლი შეიძინა და საოჯახო სასახლიდან გადავიდა. დაშორების მიზეზები ჯერ არ გახმაურებულა და წყვილის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
ამბობენ, რომ კიტი ნიკოლის გადატვირთული გრაფიკით დაიღალა. ნიკოლი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია, გამუდმებით იღებენ ფილმებსა და სერიალებში და სულ მივლინებებშია. იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი ნიკოლის თამამი სცენებია ბოლო რამდენიმე ფილმში. ივლისში ერთ-ერთ რადიოსადგურზე ჩართვისას კიტს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მისი ცოლის ინტიმურ სცენებზე ფილმებში "ცუდი გოგო" და "ოჯახის საქმე", მან კი ჟურნალისტს გაუთიშა ზარი და არაფერი უთქვამს. ნიკოლმა კი რამდენიმე თვის წინ იდეალურ ქორწინებაზე საუბრისას ინტერვიუში აღნიშნა: "იდეალური არაფერია. თუ რაიმეს გაწვდიან, როგორც იდეალურს... დაივიწყეთ ეს..."
ნიკოლ კიდმანი ავსტრალიელ ქანთრი მომღერალ კიტ ურბანზე 2006 წელს დაქორწინდა, მათი შეხვედრიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს: 17 წლის სანდეი როუზი (რომელიც ცოტა ხნის წინ მოდელი გახდა და ინტერნეტში მკაცრად გააკრიტიკეს) და 14 წლის ფეით მარგარეტი, რომელიც სუროგაციის გზით დაიბადა. წყვილი რეგულარულად ჩნდებოდა ერთად წითელ ხალიჩაზე, ერთობლივ ინტერვიუებს იძლეოდა და სოციალურ ქსელებში საჯაროდ უცხადებდა ერთმანეთს სიყვარულს.
ნიკოლის პირველი ქმარი ტომ კრუზი იყო, რომელთანაც ისინი 12 წელი ცხოვრობდნენ და 2001 წელს განქორწინდნენ. ქორწინების დროს წყვილმა ქალიშვილი, იზაბელა და ვაჟი, კონორი იშვილა, რომლებიც განქორწინების შემდეგ მამასთან დარჩნენ.