რამდენი გაცდენის შემთხვევაში აქვს საბავშვო ბაღს უფლება, აღსაზრდელი გარიცხოს - მშობლები

რამდენი გაცდენის შემთხვევაში აქვს საბავშვო ბაღს უფლება, აღსაზრდელი გარიცხოს და რა ითვლება გაცდენის საპატიო მიზეზად

2025-09-30 12:38:16+04:00

აცივებასთან ერთად, სეზონური ვირუსები განსაკუთრებით აქტიურდება. სკოლებსა და ბაღებში კი ბავშვებს ერთმანეთთან ახლო კონტაქტის გამო, გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსები ხშირად გადაედებათ. ექიმების მთავარი რეკომენდაციაა, რომ ბავშვი, რომელსაც ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები და ტემპერატურა აქვს, საბავშვო ბაღში არ გავუშვათ.

ამ ფონზე, ბევრ მშობელს აინტერესებს, რამდენი გაცდენის შემთხვევაში შეიძლება, აღსაზრდელი ბაღიდან გარიცხონ და რა ითვლება გაცდენის საპატიო მიზეზად.

სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

  • აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  • სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.

თამარ იაკობაშვილი