"საქართველოში გარეთ ვერ გავდიოდით, ჩემი ყო­ვე­ლი დღე და წელი დეპ­რე­სი­უ­ლი იყო... საფრანგეთში სახლებს ვალაგებ, რომ..." - რას ჰყვება ცნობილი ტიკტოკერი, სამი შვილის დედა თამთა საბელაშვილი - მშობლები

"საქართველოში გარეთ ვერ გავდიოდით, ჩემი ყო­ვე­ლი დღე და წელი დეპ­რე­სი­უ­ლი იყო... საფრანგეთში სახლებს ვალაგებ, რომ..." - რას ჰყვება ცნობილი ტიკტოკერი, სამი შვილის დედა თამთა საბელაშვილი

2025-10-01 07:49:54+04:00

თამთა საბელაშვილი ძლიერი და გამბედავი დედაა, რომელიც სამ შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს და ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას უმკლავდება. ის "ტიკტოკის" საშუალებით უზიარებს გამომწერებს თავის ისტორიას – შრომის, ბრძოლის, თავდაუზოგავი სიყვარულისა და მიზანდასახულობის შესახებ.

თამთას ცხოვრება საქართველოში რთული იყო: ოჯახური სირთულეები, შშმ ბავშვთან ერთად ცხოვრების გამოწვევა, თუმცა საფრანგეთში წასვლამ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის გარეშე უწევს ცხოვრება და ახლა მხოლოდ სახლების დალაგებაზე მუშაობს, არასდროს ნებდება და ცდილობს, შვილებს საუკეთესო პირობები შეუქმნას.

ტიკტოკზე მისი გვერდი ბევრისთვის შთამაგონებელია. თამთა არა მხოლოდ საკუთარ სირთულეებზე საუბრობს, არამედ სხვა ქალებსაც აძლევს მოტივაციას, რომ ცხოვრების გამოწვევებს არ შეუშინდნენ.

- როგორი იყო თქვენი ცხოვრება საქართველოში, სანამ საფრანგეთში წახვიდოდით?

- გავიზარდე თბილისში. დაახლოებით მესამე კლასში ვიყავი, როდესაც მამამ დაგვტოვა მე და ჩემი დედმამიშვილები. დედამ მარტომ გაგვზარდა. დავამთავრე ბუღალტერია, მიტაცებდა ცეკვა და სპორტის ყველა სახეობა. 17 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდი,18 წლის ასაკში კი პირველი შვილი შემეძინა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა ჩემთვის გიოს დედობა, რადგან სამშობიარო ტრავმით დაიბადა და ლამის საავადმყოფოში ვცხოვრობდით. მისი დიაგნოზია – ცერებრალური დამბლა, მიკროცეფალია და ეპილეფსია. დაახლოებით სამი წლის შემდეგ გავაჩინე მისი ძმა, მათე.

- ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?

- ჩემი მეუღლე თბილისის მარიოტში მუშაობდა, ხოლო მე სამწუხაროდ ვერ ვმუშაობდი, რადგან გიოს დატოვება არ შემეძლო. დაახლოებით ორი წლის ასაკიდან დაეწყო ეპილეფსიური შეტევები. დავდიოდით ნევროლოგთან და ასევე რეაბილიტაციაზე, მაგრამ უშედეგოდ. შეტევების პერიოდულობა იზრდებოდა და ორი წლის განმავლობაში უძილოდ, უენერგიოდ და გამოფიტულს მიწევდა მისი მოვლა. ბოლო დროს სამჯერ მოვხვდით საავადმყოფოში ფილტვების ანთებით. მოგეხსენებათ, დაზღვევა მკურნალობის მხოლოდ 5 დღეს აფინანსებდა და შემდეგ უკვე დამატებითი თანხა გვჭირდებოდა. ჩვენი ნათესავების და მეგობრების დახმარებით ამ თანხის გადახდას ვახერხებდით, მაგრამ გიო ეპილეფსიის გამო აღარ ვითარდებოდა და მდგომარეობა უფრო მძიმდებოდა. მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა ქვეყნიდან წასვლას და მკურნალობა შედეგს მაინც ვერ მოგვიტანდა, მაგრამ მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი. უკვე რვა წელია საფრანგეთში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, სტატუსი ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ არ ვნებდებით.

- როგორ შეიცვალა გიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოდან წასვლის შემდეგ?

- გიო ვერ საუბრობს, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და ტვინის დიდი ნაწილი დაზიანებული აქვს. საქართველოში რეაბილიტაციას გავდიოდით, იღებდა ეპილეფსიის წამლებს, მაგრამ ძალიან მიჭირდა მისი გადაადგილება. ასევე, ხალხის დამოკიდებულება ხშირად შემბრალებლური ხასიათის იყო, რაც კიდევ უფრო მასუსტებდა მენტალურად. ფაქტობრივად, აუცილებლობის გარდა გარეთ ვერ გავდიოდით, რომ თავიდან აგვერიდებინა ეს შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური დამოკიდებულება.

საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, გიორგის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ზუსტად ერთ თვეში მკურნალობის შეცვლიდან, ეპილეფსია შეჩერდა, დაიწყო გაღიმება და ჩვენ უძილო ღამეებსაც ბოლო მოეღო. მართალია, აქ სასტუმროდან-სასტუმროში გვიწევდა სიარული, არც პირობები გვქონდა შესაბამისი, მაგრამ მშვიდად ვგრძნობდი თავს გიორგის ჯანმრთელობის გამო. განაგრძეთ კითხვა