სახელმწიფო უნივერსიტეტებში წარჩინებულ სტუდენტებს სახელმწიფო სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
პროგრამის ფარგლებში, სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.
სტუდენტთა შესარჩევი კრიტერიუმები სახელმწიფო უნივერსიტეტებში აკადემიურ მიღწევებთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა სასწავლო სტუდენტურ აქტივობას, მათ შორის, საუნივერსიტეტო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო, შემოქმედებით-კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართულობას. ასევე, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა (4 და მეტი შვილი) და სხვა.
რამდენიმე უნივერსიტეტის მაგალითი რომ განვიხილოთ:
როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განგვიცხადეს, უნივერსიტეტი დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან იღებს და შემდგომ უკვე ფაკულტეტების მიხედვით, პროცენტულად ნაწილდება.
სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 300 ლარს და გაიცემა სემესტრულად.
მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, სტიპენდიის გაცემის წესი სტუდენტის სხვადასხვა აქტივობას, მაგალითად, სამეცნიერო კონფერენციებსა და ინტელექტუალურ-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.
თითოეული ფაკულტეტი სტიპენდიაზე განცხადების მიღების შესახებ ინფორმაციას სტუდენტებს გაუზიარებს და მათ დადგენილი წესების მიხედვით, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადება შეიტანონ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სემესტრულად წარჩინებულ სტუდენტზე 1500 ლარი, ანუ 5 თვეზე 300 ლარი ნაწილდება. თითოეული სტუდენტი უნივერსიტეტისაგან ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ინფორმაციას, რომ სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა. თუ სტუდენტის საშუალო ქულა 91 და მეტია, მას აქვს უფლება, განაცხადი შეიტანოს. იქვე სხვადასხვა აქტივობის დასადასტურებლად სპეციალური ველები იქნება, სადაც სერტიფიკატების ატვირთვას შეძლებთ.
უფრო კონკრეტულად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდია ენიშნება წარმატებულ სტუდენტს, თუ მას წინა სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს 91 ქულას და მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
სტიპენდიები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის I, II, III და IV კურსის იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებსაც სასწავლო წლის სემესტრის სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (რეიტინგის მაქსიმალური ქულის ოდენობა ყოველწლიურად იცვლება). სტიპენდიანტს ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიები არჩევენ. გარდა მაღალი აკადემიური მოსწრებისა, სტუდენტი სხვადასხვა სახის კონფერენციაში, ვორქშოპებსა და ტრენინგებში, სტუ-ის თვიმმართველობის ღონისძიებებში უნდა იყოს ჩართული. სემესტრულად სტიპენდიის სახით 1500 ლარი გაიცემა.
სახელმწიფო სტიპენდია კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის არ გაიცემა. კერძო უნივერსიტეტები სტიპენდიას თავიანთი, განსაზღვრული პროგრამით გასცემენ. მაგალითად, კავკასიის უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ სტიპენდიას კურსზე 3 საუკეთესო სტუდენტი იღებს, გაცემის წინაპირობა კი აკადემიური მოსწრებაა.
თავისუფალ უნივერსიტეტში სახელმწიფო სტიპენდია არ გაიცემა, თუმცა როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, სტუდენტებს რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამაში შეუძლიათ, მონაწილეობის მიღება და ამის შესახებ ისინი დეტალურ ინფორმაციას ფაკულტეტებისაგან იღებენ.
თამარ იაკობაშვილი