11 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ის ნამდვილი წარმატების და გამარჯვების მაგალითად იქცა.
ბერნარდო ლოპეში ერთი წლისა და ორი თვის იყო, როცა შემთხვევით მდუღარე ჩაიდანი გადაესხა და თავის, სახისა და სხეულის რამდენიმე ნაწილის მძიმე დამწვრობა მიიღო. შვიდთვიანი ჰოსპიტალიზაციის, დამწვრობების ინტენსიური მკურნალობისა და კანის გადანერგვის შემდეგ, ბავშვი გადარჩა. პატარა ბიჭს მძიმე იარები დარჩა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, საკუთარი ოცნების ასრულებისთვის არ ებრძოლა. ამ ინციდენტს არ განუსაზღვრავს მისი ბედი.
ბიძის, როდრიგო ლოპეშის დახმარებით, ის მთელი ბავშვობა სწავლობდა ჯერ ქუჩის ფეხბურთს, მონაწილეობდა ადგილობრივ ტურნირებში, მერე კი საფეხბურთო კლუბში მოხვდა. მისმა მიზანდასახულობამ, ნიჭმა და შეუპოვრობამ ცნობილი გუნდის "ბოტოფაგოს" სკაუტების ყურადღება მიიპყრო და ეს-ესაა, ბიჭუნა 11 წლამდელთა გუნდში აიყვანეს.
"სპორტში ყოველთვის არის ადგილი მათთვის, ვისაც სჯერა და ბოლომდე იხარჯება", - წერს გაზეთი Corriere della Sera, - "ახალი დასაწყისი, რომლის დაჯერებაც რთულია, მაგრამ ეს რეალობაა".
თუ ის კვლავ აქტიურად განაგრძობს ზრდას, საბოლოოდ შესაძლოა "ბოტოფაგოს" ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს, რომლის მწვრთნელიც დავიდ ანჩელოტია, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ვაჟი და თანაშემწე.