ადვოკატი კახა კოჟორიძე თავისი პრაქტიკიდან ისეთ შემთხვევებს იხსენებს, როცა ნაჩუქარი ბინებიდან საკუთარი ოჯახის წევრები მოხუცების გამოსახლებას ითხოვდნენ.
"მძიმე ისტორია მომიყვა ახლა ქალმა. ბევრი იტირა... წლების წინ შვილს აჩუქა ფული. ამ თანხით იყიდეს ბინა, რომელიც შვილის სახელზე დარეგისტრირდა. გავიდა რაღაც პერიოდი და ახლა, წლების შემდეგ,, შვილმა შეიტანა სარჩელი და ითხოვს დედის გამოსახლებას ამ ბინიდან. სხვა სახლი ამ ქალს არ გააჩნია და შვილი, პრაქტიკულად, ქუჩაში ტოვებს მას.
გულსაკლავად ტიროდა ეს ქალი, მაგრამ, ალბათ, უფრო შვილის საქციელის გამო...
საიაში გვქონდა შემთხვევა, რომელიც დღემდე არ მავიწყდება. მოვიდა ბებო, რომელიც თვალცრემლიანი ჰყვებოდა, როგორ აჩუქა შვილიშვილს სამოთახიანი ბინა ვაკეში, წლების შემდეგ კი შვილიშვილი დაუძლურებული ბებოს გამოსახლებას ითხოვდა ამ ბინიდან.მაშინ ჩავერთეთ, სარჩელი შევიტანეთ, ჩუქება გავაუქმეთ და ბინა ბებოს დავუბრუნეთ.
მაგრამ ასეთი ამბები ყოველთვის კარგად არ მთავრდება, უმრავლესობა მთავრდება მძიმედ. იმას არ ვამბობ, რომ ოჯახის წევრებს არ უნდა ენდოთ, აბა, ვის უნდა ენდოთ, თუ არა მათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა არ იმსახურებს ნდობას და გონივრულად უნდა მოიქცეთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
ნუ გააჩუქებთ ერთადერთ სახლს. თორემ შეიძლება ღია ცის ქვეშ დარჩეთ. შეგიძლიათ დაწეროთ ანდერძი, დადოთ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ანდერძის შეცვლა და გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ესეც რომ არ გააკეთოთ, თქვენი ქონება არ დაიკარგება. როცა აღარ ვიქნებით, ასეთი ქონება ჩვენს მემკვიდრეებზე გადავა.
როცა ყიდულობთ უძრავ ქონებას, მით უმეტეს, თქვენი ფულით, დაარეგისტრირეთ თქვენს სახელზე. ასე უფრო დაცული იქნებით. კარგია ჩუქება, მაგრამ ზოგჯერ ჩუქებას უკუშედეგები მოსდევს. ამას ადვოკატების პრაქტიკა ადასტურებს.
თავიდანვე ჩართეთ კარგი ადვოკატი. შეიძლება მართალი იყოთ, მაგრამ სასამართლოში სიმართლის დაცვას პროფესიონალი სჭირდება. თუ ამ სიმართლეს პროფესიონალი არ დაიცავს, შეიძლება ეს სიმართლე დაიკარგოს", - ამბობს კახა კოჟორიძე.